Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოასწავებს კატალონიის არჩევნები


კატალონიის დროშა
კატალონიის დროშა
კატალონიის რეგიონალურ არჩევნებში დიდი უმრავლესობა მოიპოვეს სეპარატისტული ორიენტაციის პარტიებმა, თუმცა კატალონიის უდიდესი ნაციონალისტური პარტიის დაბალი შედეგი გაართულებს ესპანეთისგან გამოყოფის მიზნით რეფერენდუმის ჩატარების საქმეს.

კატალონიაში - მდიდარ რეგიონში - სეპარატისტული სულისკვეთების გაძლიერება ესპანეთის ეკონომიკურმა პრობლემებმა გამოიწვია - ღრმა რეცესიამ და უმუშევრობის მაღალმა მაჩვენებელმა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი დავალიანების კრიზისთან ბრძოლას ცდილობს, რათა ქვეყანა საერთაშორისო დახმარების მიღების აუცილებლობისგან იხსნას.

კვირას გამართულ კენჭისყრაზე კატალონიელმა ამომრჩეველმა ადგილობრივ პარლამენტში მანდატების თითქმის ორი მესამედი - 87 ადგილი - მიანიჭა 4 სხვადასხვა პარტიას, რომლებსაც ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმის გამართვა სურთ. განსაკუთრებით მაღალი შედეგი მემარცხენე ორიენტაციის სეპარატისტულმა პარტიებმა აჩვენეს.
ხალხმა თავისი სათქმელი თქვა. ჩვენ ვემორჩილებით საარჩევნო ყუთით გამოტანილ განაჩენს ...
არტურ მასი

თუმცა, ამავე დროს, ამომრჩეველმა დასაჯა სეპარატისტული მოძრაობის მთავარი ფიგურა - კატალონიის პრეზიდენტი არტურ მასი. მისი „ერთსულოვნებისა და ერთიანობის“ პარტია ადგილობრივ პარლამენტში კვლავ ყველაზე დიდ პარტიად რჩება, მაგრამ ახალ არჩევნებში მან 12 ადგილი დაკარგა. მასის განცხადებით, იმისათვის რომ რეგიონის მართვა გააგრძელოს, მას სხვა პარტიასთან მოუწევს ალიანსში შესვლა:

„ხალხმა თავისი სათქმელი თქვა. ჩვენ ვემორჩილებით საარჩევნო ყუთით გამოტანილ განაჩენს. ასეთია კატალონიის ხალხის ნება. ჩვენ ის მივიღეთ, ისევე როგორც მივიღებთ შედეგებს, რომლებიც არჩევნების რეზულტატს მოჰყვება. ეს ნიშნავს, რომ ახალ მთავრობას ჩვენ ვუხელმძღვანელებთ, თუმცა სხვა ძალის თუ ძალების მხრიდან პასუხისმგებლობის აღებაც დაგვჭირდება“.

სექტემბერში კატალონიაში ასიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა აქციებში, რომლებიც ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ამ რეგიონის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გაიმართა. მასი შეეცადა ამ ტალღისთვის ფეხი აეწყო, თუმცა ამომრჩევლებს ახსოვთ, რომ მან მხოლოდ ახლახან დაუჭირა მხარი კატალონიის დამოუკიდებლობას. ანალიტიკოსების აზრით, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა პარტიებს, რომლებსაც სეპარატისტული სულისკვეთების ჭეშმარიტ გამომხატველად მიიჩნევს.
[რეფერენდუმის დანიშვნის] საკითხი რთული ჩანს, თუკი მას ესპანეთის პერსპექტივიდან შევხედავთ ...

კატალონიის მოსახლეობის რაოდენობა 7.5 მილიონს შეადგენს. რეგიონის მოსახლეობას თავისი ენა აქვს. კატალონია ინტენსიურ ექსპორტს ეწევა - მისი ეკონომიკა სიდიდით თითქმის უტოლდება პორტუგალიისას. თუმცა მასშტაბურმა ვალებმა რეგიონსაც შეუქმნა პრობლემები. ამ ვითარებაში კატალონიელები ფიქრობენ, რომ მათი გადასახადების ზედმეტად დიდი ნაწილი იხარჯება დანარჩენ ესპანეთზე.

მასი, რომელმაც საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის მკაცრი ზომები დანერგა დეფიციტთან ბრძოლის მიზნით, ამბობს, რომ ახლა ვითარება ოდნავ უფრო გართულდა, თუმცა ის რეფერენდუმის დანიშვნისათვის მაინც იბრძოლებს.
შოტლანდიისგან განსხვავებით, რომელთან დაკავშირებითაც ბრიტანეთის მთავრობა დაეთანხმა 2014 წელს რეფერენდუმის ჩატარებას, კატალონიაში ესპანეთისგან გამოყოფის თაობაზე პლებისციტის ჩატარებამ შესაძლოა კონსტიტუციური კრიზისი გამოიწვიოს. ცენტრალური მთავრობა აცხადებს, რომ ინიციატივას დაბლოკავს.

ბარსელონის პოპმეუ ფაბრას უნივერსიტეტის მკვლევარი ფერან რეკეხო რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ არჩევნების შედეგმა შესაძლოა მართლაც გაართულოს რეფერენდუმის დანიშვნის საკითხი:

„[რეფერენდუმის დანიშვნის] საკითხი რთული ჩანს, თუკი მას ესპანეთის პერსპექტივიდან შევხედავთ. ესპანეთის მხარე ამბობს, „შეხედეთ, რეფერენდუმის მხარდამჭერი მთავარი პოლიტიკური ლიდერი არჩევნებით დასუსტდა, მან 12 მანდატი დაკარგაო“, თუმცა, მეორე მხრივ, თუკი საკითხს კატალონიის მხარიდან შევხედავთ, ის იტყვის: „პირიქით, ჩვენ მკაფიო უმრავლესობა გვაქვს საიმისოდ, რომ ეს რეფერენდუმი დაინიშნოს, ვინაიდან ჩვენი წარმომადგენლების 64 პროცენტი უჭერს ამას მხარს, მხოლოდ 30-ოდე პროცენტი გამოდის წინააღმდეგო“. დაძაბულობის მთავარი კერა სწორედ აქაა. სავარაუდოდ, ეს საკითხი წლების განმავლობაში კიდევ უფრო ინტენსიურ დაძაბულობას გამოიწვევს“.

არტურ მასმა ვერ შეძლო მიზნის მიღწევა - აბსოლუტური უმრავლესობის, სულ მცირე, 68 მანდატის მოპოვება. ეს ფაქტი კატალონიის სეპარატისტულ მოძრაობას ძლიერი ლიდერის გარეშე ტოვებს. ძლიერი ლიდერი კი მადრიდზე ზეწოლის განხორციელებისთვის იყო საჭირო, რათა მას ეცნო კატალონიის უფლება, გამართოს რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ.
XS
SM
MD
LG