Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაპატიმრებამ ტიმოშენკოს უფლებები დაარღვია


იულია ტიმოშენკო
იულია ტიმოშენკო
ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს განაჩენის თანახმად, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს დაკავება, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, იყო მისი უფლებების პოლიტიკურად მოტივირებული დარღვევა.

სტრასბურგში განთავსებულმა სასამართლომ ეს განაჩენი სამშაბათს გამოიტანა. როგორც იუწყებიან, განაჩენის მოსმენისთანავე სასამართლოს შენობა დემონსტრაციულად დატოვა უკრაინის ელჩმა.

ტიმოშენკოს, რომელიც უკრაინაში 2004 წელს მომხდარი პროდემოკრატიული „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი იყო, 2011 წელს მიუსაჯეს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა. ის დამნაშავედ ცნეს პრემიერის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში მაშინ, როცა მიმდინარეობდა რუსეთთან გაზის შესახებ შეთანხმების გაფორმების პროცესი. კერძოდ, მიჩნეული იქნა, რომ ტიმოშენკომ პრემიერის ძალაუფლებას გადააჭარბა, როცა უკრაინის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიას, „ნაფტოჰაზს“, 2009 წელს „გაზპრომთან“ უბრძანა ხელშეკრულების გაფორმება.

თავად ტიმოშენკო აცხადებს, რომ მისი დაპატიმრება პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის სურვილით მოხდა, პოლიტიკისგან მისი ჩამოშორების მიზნით.

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიზეზები, რომელთა საფუძველზეც ტიმოშენკო დააპატიმრეს და დამნაშავედ ცნობამდე ციხეში ამყოფებდნენ, არ იყო კანონით დაშვებული.

კერძოდ, სასამართლოს განაჩენში ვკითხულობთ, რომ ტიმოშენკოს დაპატიმრების მთავარ მიზეზად დასახელდა მისი მხრიდან პროცესისთვის ხელის შეშლა და სასამართლოს მიმართ დაუმორჩილებლობის გამოხატვა. მაგრამ ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის კონვენცია ასეთ მიზეზს არ ცნობს თავისუფლების აღკვეთის საფუძვლად.

ევროპული სასამართლოსთვის გაგზავნილ მიმართვაში ტიმოშენკო წერდა, რომ მას არასათანადო პირობებში ამყოფებდნენ და, გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, არ აძლევდნენ ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას.

თუმცა ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ უარყო საჩივარი არასათანადო მოპყრობის შესახებ.

ტიმოშენკოს ქალიშვილმა, ევგენიამ, სასამართლოს გადაწყვეტილებას უწოდა პირველი გამარჯვება და პირველი ნაბიჯი, რომელიც მისი დედის სრული პოლიტიკური რეაბილიტაციისა და დაუყოვნებელი განთავისუფლების მიმართულებით გადაიდგა:

„ჩვენ, როგორც იულია ტიმოშენკოს ოჯახი, და თავად ის ძალიან ვემადლიერებით ევროპული სასამართლოს ყველა მოსამართლეს, იმის გამო, რომ მათ ასე სიღრმისეულად შეისწავლეს მისი უფლებების დარღვევის მთელი საფუძვლები და, ხელისუფლების ბინძური პროპაგანდისგან დამოუკიდებლად და ამის მიუხედავად, ისევე როგორც მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ძალიან უხეში მანიპულაციის ფონზე, ეს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს“.

ევგენია ტიმოშენკოს თქმით, ამ განაჩენის საფუძველზე მისი დედა პატიმრობიდან უნდა განთავისუფლდეს:

„სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად ადასტურებს დაპატიმრებისა და პატიმრობაში ყოფნის პოლიტიკურ მოტივაციას, დაცინვას, რომელსაც დედაჩემი დაუქვემდებარეს. ახლა, ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, ვფიქრობ, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ყველა შესაძლებლობა და საფუძველი აქვს საიმისოდ, რომ მიიღოს მისი განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება, როგორიც უნდა იყოს ის“.

ტიმოშენკოს ადვოკატმა სერგეი ვლასენკომ სტრასბურგში ჟურნალისტებს უთხრა, სასამართლომ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ის უმიზეზოდ, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე დააპატიმრესო:

„ეს [ტიმოშენკოს შესახებ] პირველი გადაწყვეტილებაა, რომელიც ევროპულმა იურიდიულმა ინსტიტუტმა მიიღო და არა პოლიტიკურმა. ამ დღემდე ვიქტორ იანუკოვიჩს შეეძლო ეთქვა, რომ ევროპის პარლამენტის ან ევროპელი პოლიტიკოსების მიერ გამოთქმული შეფასებები პოლიტიკური შეფასებები იყო. დღეს კი უკვე გვაქვს იულია ტიმოშენკოს საქმეში არსებული მოვლენების იურიდიული შეფასება“.

ვლასენკომ უკრაინის მთავრობას მოუწოდა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ტიმოშენკო, რაც, ადვოკატის თქმით, ყოფილი პრემიერის უფლებების აღდგენის ერთადერთი გზა იქნება.

ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში უკრაინის წარმომადგენელმა ნაზარ კულჩიტსკიმ კი განაცხადა, მთავრობას განაჩენის შესასწავლად დრო ესაჭიროებაო, და იქვე მიანიშნა, რომ შესაძლოა განაჩენი გასაჩივრდეს.

გასაჩივრებისთვის ორივე მხარეს სამი თვის ვადა აქვს.

ანალიტიკოსების თქმით, თუ გადაწყვეტილება გასაჩივრების შემდეგაც ძალაში დარჩება, ტიმოშენკოს გუნდს შესაძლებლობა მიეცემა უკრაინის უზენაეს სასამართლოს მიმართოს პეტიციით და მისი განაჩენის გადახედვა მოითხოვოს. ამის მიზეზად ის გარემოება დასახელდება, რომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ განაჩენი ტიმოშენკოს იმავე მოსამართლემ გამოუტანა, რომელმაც მისი დაკავების შესახებ გასცა ბრძანება.

ტიმოშენკოს ასევე ელოდება გასამართლება გადასახადებისთვის თავის არიდების და გაფლანგვის ბრალდებებით. მის გარშემო მკვლელობის საქმეზეც მიმდინარეობს გამოძიება. თავად ტიმოშენკო ყველა ბრალდებას უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიის“ წარმომადგენელმა და კანონის უზენაესობისა და სამართლის საპარლამენტო ქვეკომიტეტის ხელმძღვანელმა ვადიმ კოლესნიჩენკომ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს უთხრა, ევროპული სასამართლოს განაჩენი ტიმოშენკოს განთავისუფლებას არ უკავშირდებაო:

„განაჩენში ნახსენები საკითხები - მათ შორის, დაკავების თაობაზე - უკვე გასწორებულია სისხლის სამართლის პროცედურულ კოდექსში. ამას არაფერი აქვს საერთო ქალბატონი ტიმოშენკოს განთავისუფლებასთან“.

ტიმოშენკოს დაპატიმრებას აშშ-ც და ევროკავშირიც კრიტიკულად აფასებენ - მიიჩნევენ „პოლიტიკურად მოტივირებულად“ და „შერჩევითი სამართლის“ შედეგად.

ევროკავშირი ტიმოშენკოს საქმეს მთავარ წინაღობად აცხადებს უკრაინასთან სავაჭრო და პოლიტიკური ასოცირების შეთანხმებებისკენ მიმავალ გზაზე.

აშშ კი თვლის, რომ ტიმოშენკოს პატიმრობა ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე სერიოზული პრობლემაა უკრაინაში.
XS
SM
MD
LG