Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სიახლეები


ანგელა მერკელი
ანგელა მერკელი
„მწვანეები“ მერკელს ევროკავშირის ინსტიტუტების დასუსტებაში სდებენ ბრალს

გერმანიაში საყოველთაო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პოლიტიკური პარტიები სულ უფრო და უფრო მწვავედ აკრიტიკებენ მოქმედ კანცლერს, ანგელა მერკელს, რომელიც გამოკითხვებში კვლავაც დამაჯერებლად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.

როგორც ევროკავშირის პოლიტიკაზე სპეციალიზებული საინტერნეტო გამოცემა EU Observer-ი იუწყება, ორშაბათს ბერლინში, ჟურნალისტებთან საუბრისას, „მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენელმა იურგენ ტრიტინმა განაცხადა, გერმანიაში ყველაზე პროევროპული პარტია ჩვენი პარტიააო:

„’მწვანეების’ მიზნებსა და კანცლერის ქმედებებს შორის მკაფიო გამყოფი ხაზი გადის. ის ყოველთვის ცდილობდა შეექმნა ახალი - მთავრობებს შორის მოქმედი - ინსტიტუტები. მას მთავრობათაშორისი ევროპის სწამს. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები უნდა გაძლიერდეს. გვსურს უფრო მეტი ძალაუფლება მიეცეთ ევროკომისიას და ევროპის პარლამენტს“.

„მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენლის აზრით, მთავარი გაკვეთილი, რომელიც ქვეყნებმა ევროს გარშემო შექმნილი კრიზისიდან უნდა გამოიტანონ, ის არის, რომ დახურვის პირას მისულ ბანკებთან მიმართებით მოქმედება არ არის ცალკეული ეროვნული მთავრობების პრეროგატივა.

ის, თუ რომელი ბანკები უნდა დაიხუროს, არა ეროვნული მთავრობების, არამედ ევროპის კომისიის გადასაწყვეტი უნდა იყოს, ვინაიდან ფრანგები და გერმანელები თავიანთი ქვეყნების ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკების დახურვის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენო, განაცხადა ტრიტინმა.

ამასთან, „მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენელმა ისაუბრა ევროკავშირის შიგნით კორპორაციული გადასახადების ჰარმონიზაციის საჭიროებაზე. ამ ზომის გატარების შემდეგ „სტარბაქსისა“ და „ეფლის“ მსგავსი კორპორაციები იძულებულნი გახდებიან ევროპაში წარმომადგენლობების გახსნისას თავიანთი წილი გადასახადები დაფარონ.

„კორპორაციული გადასახადების ჰარმონიზაცია საგადასახადო დემპინგის თავიდან არიდებისთვისაა საჭირო. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანამ იდენტური გადასახადები უნდა შემოიღოს - რაღაც განსხვავებები შეიძლება არსებობდეს, თუმცა გარკვეულ საზღვრებში“, - განაცხადა „მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენელმა ტრიტინმა.

ამ პოლიტიკოსს - იურგენ ტრიტინს - ფინანსთა მინისტრობის სავარაუდო კანდიდატად განიხილავენ იმ შემთხვევაში, თუკი სოციალ-დემოკრატებთან მათი კოალიცია უფრო მეტი ხმის მოგროვებას შეძლებს, ვიდრე ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატები და ლიბერალები.

თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, გერმანიის საყოველთაო არჩევნების ყველაზე რეალისტური შედეგი იქნება ამ ორი ბანაკის თანაბარი მაჩვენებელი, რაც შედეგად მოიტანს დიდ კოალიციას მერკელის ქრისტიან-დემოკრატებსა და სოციალ-დემოკრატებს შორის.

კიდევ ერთი პოტენციური სცენარია მერკელის მხრიდან „მწვანეებთან“ შესვლა ალიანსში. ამგვარ ალიანსს მნიშვნელოვნად გაუხსნა გზა მერკელის პარტიის მიერ გარემოს დამცველების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილებამ: 2022 წლისთვის გერმანიაში ატომური ელექტროსადგურები უნდა დაიხუროს.

ამ ეტაპზე ამგვარი ალიანსის შესაძლებლობას მერკელიც გამორიცხავს და ტრიტინიც, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, როცა არჩევნების დღეს - 22 სექტემბერს - საარჩევნო უბნები დაიხურება და მოსაღამოვდება, ყველა შესაძლებლობა დაექვემდებარება განხილვას.

EU Observer-ი წერს, რომ გერმანული ორგანიზაციის, Forsa-ს მიერ რამდენიმე კვირის წინ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, „მწვანეთა პარტიის“ ამომრჩეველთა ნახევარმა განაცხადა, რომ სურს კანცლერად მერკელი დარჩეს და ეს პოსტი არ დაიკავოს სოციალ-დემოკრატების კანდიდატმა პერ შტეინბრიუკმა. 45 პროცენტი კი აცხადებს, რომ შეუძლია წარმოიდგინოს კოალიცია „მწვანეებსა“ და მერკელის პარტიას შორის.


ევროკავშირის წარმომადგენელი: ეგვიპტეში „ორივე მხარე“ დამნაშავეა

ევროკავშირის წარმომადგენელი ჩრდილოეთ აფრიკაში, ბერნარდინო ლეონი, აცხადებს, რომ ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენები „უფრო კომპლექსურია“, ვიდრე მხოლოდ არმიის მიერ მუსლიმი დემონსტრანტების დახოცვა.

არმიას “განსაკუთრებული პასუხისმგებლობა“ აკისრიაო, - უთხრა ევროკავშირის დიპლომატმა ჟურნალისტებს ორშაბათს, 19 აგვისტოს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე. ამ შეხვედრის შესახებ ცნობას ავრცელებს ევროკავშირის პოლიტიკაზე სპეციალიზებული საინტერნეტო გამოცემა EU Observer-ი.

ამასთან, დიპლომატის თქმით, მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, მსხვერპლის უდიდესი წილი სწორედ არმიის ქმედებებზე მოდის. როგორც იუწყებიან, ბოლო დღეებში დაღუპულია, სულ მცირე, 800 ადამიანი - მათ შორის ზოგიერთი კარვებისთვის გაჩენილ ხანძარს ემსხვეპლა, სხვები - სნაიპერის ტყვიას.

თუმცა ლეონმა დასძინა: „აქ ორი მხარეა. ძალადობა ყველა მხარისგან მოდის... ჩვენ ვნახეთ თავდასხმები კოპტურ ეკლესიებსა და საზოგადოებრივ დაწესებულებებზე. გარკვევით ვამბობთ, რომ ძალადობა ორივე მხრიდან - ყველა მხრიდან - უნდა შეწყდეს“.

ლეონის თქმით, ოთხშაბათს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საგანგებო შეხვედრას გამართავენ.

დიპლომატმა განაცხადა, ჯერჯერობით არავის უსაუბრია ევროკავშირის მხრიდან ეგვიპტის სამხედრო მთავრობისთვის სანქციების დაწესების თაობაზეო, თუმცა იქვე დასძინა, რომ ევროკავშირის საგარეო სამსახური შეიმუშავებს შესაძლო ნაბიჯების სიას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება იარაღის ემბარგო და ევროკავშირის მხრიდან დემოკრატიზაციისთვის გამოყოფილი გრანტების შეჩერება.

ლეონმა ხაზი გაუსვა ეგვიპტის მნიშვნელობას რეგიონალური სტაბილურობისთვის. მისი თქმით, ეგვიპტე ევროკავშირისთვის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია ხმელთაშუაზღვის აუზში.

„დარწმუნებული ვართ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტის გამონახვა შესაძლებელია.. მიგვაჩნია, რომ არსებობენ დემოკრატიული ძალები. შევეცდებით მათთან ურთიერთობის გაღრმავებას და კონსტრუქციულ თანამშრომლობას“, - განაცხადა ბერნარდინო ლეონმა, ევროკავშირის წარმომადგენელმა ჩრდილოეთ აფრიკაში.

პარალელურად, ეგვიპტიდან გავრცელებული ცნობების თანახმად, სამშაბათს, დილით ადრე, კაიროში უსაფრთხოების ძალებმა „მუსლიმთა საძმოს“ ერთ-ერთი ლიდერი, 70 წლის მუჰამად ბადიე დააკავეს. ამავე საძმოს სხვა წევრებთან ერთად, მას ივლისში წაუყენეს ბრალი ძალადობის გაღვივებაში. მისი დაპატიმრება ნაწილია პრეზიდენტ მუჰამად მურსის „მუსლიმთა საძმოს“ წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური რეპრესიებისა. არმიამ მურსი 3 ივლისს გადააყენა პრეზიდენტის პოსტიდან. მას შემდეგ ქვეყანაში სისხლიანი შეტაკებები მოხდა მურსის მომხრეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის. გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი მურსის განთავისუფლების მოწოდებით გამოდის, აშშ კი ეგვიპტეს მოუწოდებს არ აკრძალოს „მუსლიმთა საძმო“.
XS
SM
MD
LG