Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში „გაზპრომის“ „პარპაშს“ ბოლო ეღება?


მაისში უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის ანგარიში რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ ევროპის კავშირის ბაზარზე მოქმედების შესახებ. ბევრი მოელის, რომ „გაზპრომის“ პრაქტიკას, მის მონოპოლისტურ ქმედებას ევროკავშირის ქვეყნებში ლაგამი ამოედება. რუსეთის ამ სახელმწიფო კორპორაცია-გოლიათის მიმართ კრიტიკულად განწყობილები ფიქრობენ, რომ, სულ მცირე, „გაზპრომი“ ევროპაში არად აგდებს წესებს და დაუსჯელობის განცდა აქვს. „გაზპრომს“ ევროპაში ბრალად სდებენ, რომ ის საკუთარი სურვილისამებრ აწესებს ფასებს და ამყარებს მონოპოლიას. ამას ბოლო უნდა მოეღოს გაზაფხულზე, როცა ევროკომისია გამოაქვეყნებს თავის ანგარიშს „გაზპრომის“ ქმედების შესახებ. ეს გამოძიება ორ წელიწადს გრძელდებოდა. მისი დასკვნები, ექსპერტების აზრით, „გაზპრომისთვის“ სასიამოვნო არ იქნება. ედვარდ ლუკასი, ჟურნალ „ეკონომისტის“ საერთაშორისო საკითხთა რედაქტორი, ავტორი წიგნისა „მოტყუება: ჯაშუშები, სიცრუე და როგორ აცურებს დასავლეთს რუსეთი“, გვეუბნება, თუ რას მოიტანს ასეთი ანგარიში „გაზპრომისთვის“:

„ვფიქრობ, პირველ რიგში, ეს „გაზპრომისთვის“ იქნება უარყოფითი რეკლამა, რადგან რაც კი „გაზპრომს“ ცუდი ჩაუდენია, კომპანიები ყველაფერს განიხილავენ. ამას მოჰყვება ჯარიმები, რომლებიც მართლაც არსებითი ხასიათის შეიძლება იყოს. ამასთან, კომპანიებმა, რომლებსაც „გაზპრომი“ აირში გადამეტებულ საფასურს ახდევინებდა, შეიძლება მას სასამართლოშიც უჩივლონ“.

ლუკასის აზრით, მოვლენები სწრაფად განვითარდება, რადგან ევროკომისარი ენერგეტიკის სფეროში გიუნტერ იოტინგერი და კონკურენციის საკითხებში კომისარი ხოაკინ ალმუნია, რომლებიც ამ საკითხის გამოძიებას ესწრაფოდნენ, ამასთანავე, ცდილობენ საქმე დასრულდეს, სანამ ისინი თავიანთ თანამდებობას დატოვებენ. ლუკასის მიერ ზემოთ ჩამოთვლილ შედეგებს „გაზპრომისთვის“ ლაგმის ამოდება, მისი თვითნებური ქმედების დასრულება უნდა მოჰყვეს. მოსკოვი, ყველა კონკრეტული უარყოფითი შედეგის თავიდან ასაცილებლად, წინასწარ ზომებს იღებს. რუსეთის დელეგაციები ხშირად სტუმრობენ ევროკომისიას და ცდილობენ საქმე ანგარიშის გამოქვეყნებამდე მოაგვარონ. ეს შეხვედრები საიდუმლოა. ბრიუსელმა წლების განმავლობაში დაუშვა „გაზპრომს“ ასე ემოქმედა, მონოპოლისტი ყოფილიყო, სულ მცირე, შუა და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც რუსეთს ისტორიული გავლენა ჰქონდა და ბაზრის რეალობაც ამას ითხოვდა. უმთავრესი მილსადენი, რომლითაც ციმბირიდან, უკრაინის გავლით, გაზი მიედინება, საბჭოთა პერიოდშია გაყვანილი და „გაზპრომის“ საკუთრებაა. „გაზპრომი“ წყვეტს, რომელ დამატებით მიმწოდებელს შეუძლია აირის ექსპორტი მისი მილსადენით. ეს ეხება „ჩრდილოეთის ნაკადსაც“ გერმანიის მიმართულებით. ეს მონოპოლია „გაზპრომს“ საშუალებას აძლევს ევროპელ მომხმარებელს იმდენი გადაახდევინოს, რამდენიც სურს. „გაზპრომი“ ამჟამად ევროპის ბაზრის მეოთხედს აწვდის გაზს. რატომ არის ბრიუსელი მზად გამოიწვიოს „გაზპრომი“, რა შეიცვალა ბოლო წლებში? აგატა ლოკოტ-სტრახოტა, ენერგოპოლიტიკის ანალიტიკოსი ვარშავაში, აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრში, პირველ რიგში ენერგეტიკისა და კონკურენციის ევროკომისიებში საკუთარი თავისადმი რწმენის გაძლიერებას ასახელებს:

„ბრიუსელს სურს მისი კანონი გატარდეს გაზის სფეროშიც. ევროკავშირს არ უნდა, ესა თუ ის სფერო გამონაკლისი იყოს, თუ ამას რომელიმე კანონის დაუცველობა მოჰყვება“.

თუ მეტი ლიბერალიზაცია მოხდა, გამოჩნდება სხვა ფირმები, აზერბაიჯანის ან თურქმენეთის კომპანიები, ან შუა აზიის სხვა ქვეყნებისა, რომლებიც „გაზპრომის“ მილსადენებით შეძლებენ აირის მიწოდებას. არაერთი გზა არსებობს მილსადენების ისე გამოყენებისა, რომ კონკურენციამ იმუშაოს...
შტეფან მაისტერი
ვარშაველი ექსპერტი აქ გულისხმობს კანონს „ენერგიის მესამე პაკეტის“ შესახებ. 2009 წელს მიღებული ამ კანონით, მილსადენის მოხმარების შესაძლებლობა უნდა მიეცეს მესამე მონაწილესაც. ამავე კანონით, კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ საწვავს, და მისი გადამზიდი ფირმები, ერთმანეთისგან გამოყოფილი უნდა იყვნენ. არის ეკონომიკური მიზეზებიც, რატომაც გააქტიურდა ბრიუსელი „გაზპრომის“ წინააღმდეგ. იმ ქვეყნებში მონოპოლისტური პოზიციის გამო, რომლებიც საბჭოთა კავშირის თანამგზავრები იყვნენ, „გაზპრომი“ ახერხებს იქაურ მომხმარებელს ერთნახევარჯერ მეტი გადაახდევინოს, ვიდრე ევროკავშირის დასავლელ წევრებს. დასავლეთის ბაზარს სხვა არაერთი წყარო აქვს, ჩრდილოეთის ზღვის, ჩრდილოეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ასევე რუსეთის სხვა რეგიონების სახით. ბერლინის საგარეო ურთიერთობათა ევროპის საბჭოში რუსეთის ექსპერტი შტეფან მაისტერი ამბობს:

„თუ მეტი ლიბერალიზაცია მოხდა, გამოჩნდება სხვა ფირმები, აზერბაიჯანის ან თურქმენეთის კომპანიები, ან შუა აზიის სხვა ქვეყნებისა, რომლებიც „გაზპრომის“ მილსადენებით შეძლებენ აირის მიწოდებას. არაერთი გზა არსებობს მილსადენების ისე გამოყენებისა, რომ კონკურენციამ იმუშაოს. არის სხვა შესაძლებლობაც, კერძოდ, თხევადი ბუნებრივი გაზის ტერმინალები, რომლებიც შეიძლება პოლონეთში ან ბალტიისპირეთში ააგონ“.

ევროკავშირი და რუსეთი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულად აზროვნებენ. მათ შორის სისტემური განსხვავებაა...
აგატა ლოკოტ-სტრახოტა
აღმოსავლეთ ევროპაში „გაზპრომის“ ციხესიმაგრის დასაძლევად ერთ-ერთი პირველი ზომა იქნება გერმანიის ნაბიჯი, რუსეთში შედარებით იაფად შეძენილი გაზი თვითონ გაყიდოს პოლონეთში. კონკურენციის კანონის თანახმად, ეს დასაშვებია. ამით პოლონეთს, რომელიც „გაზპრომის“ მონოპოლიის გამო მარწუხებშია მოქცეული, შეღავათი მიეცემა. რუსეთს, მისი გაზის გერმანიიდან პოლონეთში ექსპორტირება არ მოსწონს, თუმცა, ჩანს, ვერაფერს ახერხებს. პირველი ასეთი ოპერაცია აპრილისთვისაა დაგეგმილი. დაბოლოს, ევროკავშირს „გაზპრომის“ მოთვინიერება სურს იმ მიზნითაც, რომ რუსეთის ენერგოგოლიათმა არ გააფართოოს თავისი მონოპოლია კიდევ ურო მეტად, როცა ამოქმედდება „სამხრეთის ნაკადი“, რომლითაც გაზი გადაიქაჩება, შავი ზღვის ფსკერის გავლით, სამხრეთ- აღმოსავლეთ და შუა ევროპისკენ. მოსკოვმა ბრიუსელი უკვე საკმაოდ გაანაწყენა, როცა ცალკეულ ქვეყნებთან ორმხრივი შეთანხმებები დადო ენერგოსფეროში და ამით ევროპის კანონებისგან თავის არიდება ისურვა. იმის გამო, რომ შეეცადნენ ანტიმონოპოლისტური კანონისთვის გვერდი აევლოთ, ბრიუსელს უკმაყოფილება ჰქონდა ბულგარეთთან, უნგრეთთან, სერბიასა და სლოვენიასთან. ედვარდ ლუკასის თანახმად, ბრიუსელი მოელის, რომ ევროკავშირის ის ქვეყნები, რომლებიც „სამხრეთის ნაკადს“ მოიხმარენ, იძულებული იქნებიან დაიცვან ანტიმონოპოლისტური საერთოევროპული კანონი. ამ მხრივ, ევროკომისიამ განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინა, როცა აშშ-ის ინტერნეტსაძიებო გოლიათი „გუგლი“ თავის კანონს დაუმორჩილა. „გუგლმა“, იმისათვის რომ ჯარიმები არ ეხადა, აღიარა ევროკავშირის კანონები. დაადგება ამავე გზას „გაზპრომი“? ლოკოტ-სტრახოტა ამბობს, რომ ბრიუსელი და „გაზპრომი“ერთმანეთისგან ძირეულად განსხვავდებიან, ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით:

„ევროკავშირი და რუსეთი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულად აზროვნებენ. მათ შორის სისტემური განსხვავებაა. შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ წონასწორობაში ვიარსებებთ, რადგან ორივე მხარეს ერთმანეთი სჭირდება, მაგრამ ეს წონასწორობა საკმაოდ არამყარია, რადგან ორივე მხარე შეეცდება მეორეს თამაშის თავისი წესები მოახვიოს. როგორ დასრულდება ეს ამბავი, ძნელი სათქმელია“.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG