Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეიძლება მოჰყვეს ევროკავშირისა და საბერძნეთის შეთანხმებას


ალექსის ციპრასი
ალექსის ციპრასი

13 ივლისს, 17-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროზონის ლიდერები და ათენი საბერძნეთისათვის დახმარების ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ. თუ საბერძნეთის პარლამენტი ამ, 86 მილიარდ ევროიან შეთანხმებას დაამტკიცებს, საბერძნეთი, სავარაუდოდ, ევროზონაში დარჩება. ვინ აღმოჩნდა მოგებული ამ მოლაპარაკებების შედეგად და რას ნიშნავს ეს საბერძნეთის, ევროპისა და ევროს მომავლისთვის?

დახმარების მისაღებად საბერძნეთის პარლამენტმა 15 ივლისისთვის უნდა დაამტკიცოს რეფორმების პაკეტი, რომელიც მოიცავს ხარჯვის შემცირების პროგრამას, გადასახადების გაზრდასა და საპენსიო რეფორმას. ეს მარტივი არ იქნება. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასს უკვე მისივე პარტიის ბევრი წარმომადგენელი აუმხედრდა. მემარცხენე „სირიზას“ წევრები ამბობენ, რომ ციპრასი სწორედ იმ პირობებზე დათანხმდა, რომლებიც ბერძენმა ხალხმა 5 ივლისის რეფერენდუმზე უარყო. საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა პანოს კომენოსმა, ალექსის ციპრასის მნიშვნელოვანმა მოკავშირემ და მმართველი კოალიციის პარტნიორმა, უკვე განაცხადა, რომ ის მხოლოდ ნაწილობრივ დაუჭერს მხარს პრემიერს, რომელიც, მისი თქმით, „პუტჩის მსხვერპლი“ გახდა:

„ეს იყო გერმანიის მოწყობილი პუტჩი, თუმცა მასში სხვებიც მონაწილეობდნენ - ნიდერლანდები, ფინეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. ამ პუტჩის შედეგად, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი შანტაჟის წინაშე აღმოჩნდა. იყო საშიშროება, რომ საბერძნეთის საბანკო სისტემა განადგურებულიყო“.

თუმცა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა სცადა შეთანხმება ათენის გამარჯვებად წარმოეჩინა. ის ამბობდა, რომ საბერძნეთმა რთული ბრძოლა გამოიარა და ევროპას თავისი ღირსება დაანახვა. სამიტი რომ შეთანხმების გარეშე დასრულებულიყო, საბერძნეთს, სავარაუდოდ, ევროზონის დატოვება მოუხდებოდა, რაც ახალი ვალუტის დაბეჭდვას და გაურკვეველ მომავალს მოასწავებდა. ციპრასმა შეთანხმება წარმოაჩინა როგორც რთული, მაგრამ, საბოლოო ჯამში, საბერძნეთისათვის მომგებიანი შედეგი.

კომენტატორების ნაწილი კი გამარჯვებულად მაინც გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს მიიჩნევს, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს უკომპრომისო მოლაპარაკებებს შეჰპირდა და პირობა დიდწილად შეასრულა კიდეც. ბერლინმა უკან დაიხია მხოლოდ ორ მოთხოვნაზე, რომლებიც ათენში აღიქმებოდა როგორც ქვეყნის ფინანსურ სუვერენიტეტში უხეში ჩარევა.

შეთანხმება არ ნიშნავს, რომ კრიზისი დასრულდა. ევროზონამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საბერძნეთს 2010 წლის შემდეგ 233 მილიარდი ევრო ასესხა და არ არსებობს გარანტია, რომ დახმარების მესამე პაკეტი უკანასკნელი იქნება. არც იმის გარანტია არსებობს, რომ საბერძნეთის მთავრობა არჩევნების შემდეგ პოზიციას შეინარჩუნებს, ახალი მთავრობა კი შესაძლოა უფრო რადიკალური აღმოჩნდეს და სრულიად უარყოს ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი მომჭირნეობის ყველა პროგრამა.

პრობლემა გაჩნდა თავად ევროკავშირშიც. ევროპის ქვეყნების ლიდერები ახლა ცდილობენ მსოფლიოს აჩვენონ, რომ მათ ერთიანი პოზიცია აქვთ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, მაგალითად, განაცხადა, რომ სამიტზე ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ყველა ევროპელს წაადგება. ოლანდმა თქვა:

„დღევანდელი მოლაპარაკება რთული იყო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილება. რას ვიტყოდით, საბერძნეთს რომ ევროზონა დაეტოვებინა? რომ ევროზონამ ვერ შეძლო თავისი ერთიანობისა და სოლიდარობის შენარჩუნება? ... ევროზონა უკან წავიდოდა, მაშინ როდესაც ევროპას წინსვლა სჭირდება, იმისათვის რომ განაგრძოს პროექტი მოსახლეობის დასაცავად,მოსახლეობას კი ევრო იცავს“.

თუმცა ოფიციალური განცხადებების მიღმა, უკვე ჩანს, რომ ევროკავშირს ერთიანი პოზიცია საბერძნეთის კრიზისთან დაკავშირებით არა აქვს. კრიზისმა აჩვენა, რომ ინვესტორებს ეჭვი გაუჩნდათ ევროს გრძელვადიან სტაბილურობასთან დაკავშირებით.

დღემდე ბრიუსელის პოლიტიკა ასეთი იყო: ქვეყნები, რომლებიც ეკონომიკურ კრიზისს განიცდიან, დახმარებას იღებენ ეკონომიკური რეფორმების სანაცვლოდ. ეს პოლიტიკა კი უკურეაქციას იწვევს იმ ქვეყნებშიც, რომლებიც დიდწილად გასცემენ ფულს და იმ ქვეყნებშიც, რომლებიც იღებენ დახმარებას. ეს კი მხოლოდ საბერძნეთში არ ხდება. ესპანეთის მემარცხენე პარტიამ ტროიკას დასდო ბრალი სამხრეთ ევროპის ეკონომიკურ უბედურებებში. იმავე სანტიმენტებს გამოთქვამენ იტალიაშიც. ასე რომ, საბერძნეთის კრიზისმა შესაძლოა გამოიწვიოს ევროსკეპტიკური პოპულისტური პარტიების კიდევ უფრო გაძლიერება ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში.

მაგრამ მანამდე, როგორც ფინეთის ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, უნდა გამოჩნდეს, ძალაშია თუ არა შეთანხმება, რომელსაც ევროკავშირმა და საბერძნეთმა 13 ივლისს მიაღწიეს. ეს კი, სულაც არ არის ცხადი.

„მივაღწიეთ თუ არა შეთანხმებას? ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ. პირველ რიგში, აუცილებელი პირობაა, რომ შეთანხმება საბერძნეთის პარლამენტმა დაადასტუროს. ამის შემდეგ ევროზონის წევრმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, მისცენ თუ არა მანდატი ევროპის სტაბილურობის მექანიზმის მიხედვით. ბევრმა აქ მოვლენებს გაუსწრო და გადაწყვიტა, რომ მოლაპარაკებები ახალ დახმარებასთან დაკავშირებით ავტომატურად დაიწყება. არა, ის მთლიანად დამოკიდებულია საბერძნეთის მთავრობისა და საბერძნეთის პარლამენტის გადაწყვეტილებებზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG