Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შენგენის ზონა, ზოგ საზღვარზე კონტროლით


დანიამ გერმანიასთან საზღვარზე მგზავრების დოკუმენტების შემოწმება დაიწყო. მანამდე კი შვედეთი შეუდგა თავის ტერიტორიაზე მოხვედრის მსურველთა დოკუმენტების გაკონტროლებას. ეს ნაბიჯები მიგრანტთა ნაკადის შემცირებას ემსახურება და, ამავე დროს, მძიმე დარტყმაა შენგენის ზონის პრინციპისათვის: უპასპორტოდ, საზღვარზე კონტროლის გარეშე შეგეძლოს გადაადგილება შენგენის ზონის ქვეყნებში.

შვედეთი ორშაბათს შეუდგა დანიასთან საზღვარზე დოკუმენტების შემოწმებას, ბოლო ნახევარ საუკუნეში პირველად. მიზანია, შვედეთის ტერიტორიაზე აღარ შეუშვან მიგრანტები, ვისაც ფოტოსურათიანი დოკუმენტი არა აქვს. შემოწმების განახლების შედეგი იყო 50 წუთამდე ლოდინი მატარებლებისა და ავტობუსებისათვის. მსუბუქ ავტომანქანებს არ ამოწმებენ. იმავე დღეს, 4 იანვარს, დანიის პრემიერ-მინისტრმა ლარს ლოეკე რასმუსენმა განაცხადა: შვედეთის ნაბიჯი არჩევანს არ გვიტოვებს - ჩვენც, დანიამაც, უნდა დავაწესოთ საზღვარზე კონტროლიო.

„მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ორშაბათს, 4 იანვარს, 11 საათიდან განხორციელდეს დროებითი კონტროლი გერმანიასთან საზღვარზე. ეს დიდი ნაბიჯია და, რასაკვირველია, უნდა განვიხილოთ ევროპაში მიგრაციისა და ლტოლვილთა კრიზისის სერიოზულობის კონტექსტში. ევროპა ახლა შუა კრიზისშია - ალბათ, უდიდეს და ყველაზე კომპლექსურ კრიზისში, რომელიც ამ საუკუნეში გვინახავს“,- განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

რასმუსენის განმარტებით, შვედეთის მიერ საზღვარზე დოკუმენტების გაკონტროლება ზრდის საფრთხეს, რომ სულ უფრო მეტი არალეგალური იმიგრანტი დარჩება დანიაში. მისივე თქმით, გერმანიასთან საზღვარზე კონტროლი 10 დღით შედის ძალაში, თუმცა შესაძლოა გახანგრძლივდეს კიდეც.

შარშან შვედეთმა 163 ათასამდე ლტოლვილი მიიღო - ევროპის მასშტაბით, ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი. მაგრამ მას შემდეგ, რაც ნოემბერში აღმოჩნდა, რომ კვირაში 10 ათასამდე მიგრანტი ცდილობდა შვედეთში მოხვედრას (უმეტესწილად, დანიის გავლით) სტოკჰოლმმა გამოაცხადა, რომ გეგმავს საზღვარზე კონტროლისა და იმიგრაციის წესების გამკაცრებას.

მთლიანობაში, შარშან ევროპაში ჩავიდა მილიონზე მეტი მიგრანტი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის ქვეყნებში ომებსა და სიღარიბეს გაურბის. გაცილებით მეტს მოელიან მიმდინარე წელს. ევროპაში მიგრაციის ამ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო, ტალღამ მძიმე პრობლემების წინაშე დააყენა ევროკავშირი, საზღვრებზე კონტროლის გარეშე გადაადგილების მისეული პოლიტიკა, აზრთა სხვაობა და დავა გამოიწვია ევროკავშირის ლიდერებში.

ორი აზრი არ არსებობს, რომ ამდენი ადამიანის ჩამოსვლა კიდევ დიდი ამოცანების წინაშე დაგვაყენებს. საამისოდ დრო, ფული და ძალა დაგვჭირდება, განსაკუთრებით რაც შეეხება იმ ადამიანთ ინტეგრაციის მნიშვნელოვან ამოცანას, რომლებიც აქ დიდხანს დარჩებიან.
ანგელა მერკელი

მაგალითად, ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი გამოთქვამს ვარაუდს, რომ მასობრივი მიგრაცია - ზემანი მას „შემოსევად“ მოიხსენიებს - ორგანიზებულია „მუსლიმთა საძმოს“ მიერ. „მუსლიმთა საძმო“ არის 1928 წელს დაფუძნებული სუნიტურ-ფუნდამენტალისტური ორგანიზაცია, რომელსაცმთელ არაბულ სამყაროში ჰყავს მიმდევრები და რომელსაც ზოგი ქვეყანა - მათ შორის, ეგვიპტე, სირია, რუსეთი და საუდის არაბეთი - ტერორისტულ გაერთიანებად მიიჩნევს.

„ვფიქრობ, რომ ეს შემოსევა ორგანიზებულია „მუსლიმთა საძმოს“ მიერ - რასაკვირველია, მთელი რიგი ქვეყნების ფინანსური რესურსების გამოყენებით. (...) „მუსლიმთა საძმოს“ შეუძლია გააკეთოს ის, რომ მოამზადოს მიგრანტთა მზარდი ტალღა და თანდათან მოიპოვოს კონტროლი ევროპაზე, როგორც ეს ხდება დასავლეთ ევროპის ზოგ ქალაქში, სადაც ახლა უკვე ისეა, რომ პოლიციას ღამე შესვლის ეშინია“, - ეს სიტყვები 4 იანვარს ჩეხეთის რადიო „ჩესკი როზჰლას პლუსთან“ საუბრისას წარმოთქვა პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა. მისი ქვეყანა არ მიეკუთვნება ევროკავშირის წევრებს, რომლებში მოხვედრაც მიგრანტების უმრავლესობას სურს. ჩეხეთი არ მიეკუთვნება არც ქვეყნებს, რომელთა გავლითაც მიგრანტები ჩრდილოეთ ევროპას მიაშურებენ. და მაინც, ჩეხეთს (ისევე როგორც ევროკავშირის ზოგ სხვა აღმოსავლეთევროპელ წევრს, მათ შორის - სლოვაკეთსა და პოლონეთს) დაუფარავად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს მიგრანტთა მიღების საკითხისადმი.

მიგრაციის ტალღასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ბუნებრივია, ბევრს ლაპარაკობენ გერმანიაშიც, სადაც მარტო შარშან მილიონამდე მიგრანტი ჩავიდა.

„ორი აზრი არ არსებობს, რომ ამდენი ადამიანის ჩამოსვლა კიდევ დიდი ამოცანების წინაშე დაგვაყენებს. საამისოდ დრო, ფული და ძალა დაგვჭირდება, განსაკუთრებით რაც შეეხება იმ ადამიანთ ინტეგრაციის მნიშვნელოვან ამოცანას, რომლებიც აქ დიდხანს დარჩებიან“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საახალწლო მიმართვაში, რომელიც 31 დეკემბერს გადაიცა გერმანიის საზოგადოებრივი ტელევიზიით.

4 იანვარს გერმანია კრიტიკით გამოეხმაურა მეზობელი დანიის გადაწყვეტილებას სასაზღვრო კონტროლის დროებით განახლების შესახებ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ხედავს საფრთხეს, რომელიც მთელ ევროპაში თავისუფლად გადაადგილებას ემუქრება - ემუქრება პრინციპს, რომელიც ბევრს, მათ შორის, შტაინმაიერსაც მიაჩნია ევროპის ერთ-ერთ უდიდეს მონაპოვრად.

XS
SM
MD
LG