Accessibility links

არჩევნების კვირა მაკედონიასა და რუმინეთში


საარჩევნო პლაკატები ბუქარესტში

11 დეკემბერი მნიშვნელოვანი დღე იყო რუმინეთისა და მაკედონიის პოლიტიკურ ცხოვრებაში. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ამ ორ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ორივეგან გამარჯვებისთვის ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკური პარტიები. ევროკავშირსა და ნატოსთან ურთიერთობა, სოციალური კეთილდღეობა და კორუფციის აღმოფხვრა - ეს იყო ის მთავარი თემები, რომლებიც განიხილებოდა არჩევნებამდე. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა ხმების დათვლის პროცესი 12 დეკემბერს დაასრულეს.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოყოფილი საერთო თარიღისა და მსგავსი პოლიტიკური იდეოლოგიების დაპირისპირების მიუხედავად, მაკედონიისა და რუმინეთის საპარლამენტო არჩევნები განსხვავებული შედეგებით დასრულდა. 2017 წლიდან მაკედონიის პარლამენტს, წინა წლების მსგავსად, უხელმძღვანელებს კონსერვატიული პარტია, რუმინეთის პარლამენტში კი უმრავლესობა სოციალ-დემოკრატების ხელში იქნება..

მაკედონიაში არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე თითოეული მხარე - სოციალ დემოკრატებიც და სახელისუფლო პარტიის წარმომადგენლებიც - ირწმუნებოდა, რომ გამარჯვება მას ერგო. ეს ის ორი მთავარი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც მაკედონიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის იბრძოდა. წინასწარი შედეგებით, სხვაობა ძალიან მცირე იყო, 1 %-ზე ნაკლები. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლა გრუევსკის, კონსერვატიულ პარტიას ერგო ხმების 38.14 % , მის მოწინააღმდეგე სოციალ-დემოკრატებს - 36.65 %. საარჩევნო კომისიის ცნობით, უბნებზე გამოცხადდა ამომრჩეველთა 60 %.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სააგენტო „როიტერის“ კორესპონდენტი არჩევნების მიმართ მაკედონიელების დამოკიდებულებით დაინტერესდა:

„ცვლილებები მსურს, რადგან ათი წლით ძალაუფლებაში ყოფნა ერთი კაცისთვის მეტისმეტია. თუ გამოჩნდება ახალი ხალხი, ვინც უკეთესი ცხოვრების გარანტიას მოგვცემს, ცხადია, ეს ბევრად უკეთესი იქნება“.

„დაე, მოხდეს ის, რაც მოქალაქეებს სურთ. დაე, მართოს იმან, ვინც ხმათა უმრავლესობას მიიღებს. რას ვისურვებდით? თუ ძალადობაზე მეკითხებით, ვფიქრობ, ის აღარ გვემუქრება. ხალხს ეყოფა გონიერება“.

შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, საზოგადოების არჩევანი თითქმის თანაბრად გაიყო: ერთ მხარეს დგას 46 წლის ნიკოლა გრუევსკი, რომელიც გეგმავს შეამციროს უმუშევრობა, 70 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნით; მეორე მხარეს დგას კორუფციასთან მებრძოლი 42 წლის სოციალ-დემოკრატი ზორან ზაევი, რომელმაც ამომრჩევლის მობილიზება შეძლო სწორედ გრუევსკისა და მისი პოლიტიკური გუნდის გადაცდომების გამოაშკარავებით. ამ სკანდალს მოჰყვა ათასობით მოქალაქის საპროტესტო აქციები და, საბოლოოდ, გადაწყვეტილება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტაში ჩაერთნენ ევროპელი მოკავშირეები.

11 დეკემბრის არჩევნები მაკედონიაში სწორედ ის არჩევნებია, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო პოლიტიკური სტაბილიზაციის გზაზე. არჩევნები დასრულდა და ხელისუფლების სათავეში კვლავ კორუფციაში ბრალდებული ნიკოლა გრუევსკის პარტიაა, თუმცა პარლამენტში თითქმის იმდენივე მანდატი აქვს მის მთავარ მოწინააღმდეგეს, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. კითხვით, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება მისი მხრიდან ოპონირება და როგორ განვითარდება დემოკრატიული პროცესები ქვეყანაში, მივმართეთ ჩვენი რადიოს ბალკანური სამსახურის თანამშრომელს ზორან კიუკას. აი, რა გვიპასუხა მან:

„მმართველ პარტიას პარლამენტში დიდი უმრავლესობა აქვს. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ოპოზიციის ხმა იმდენად კარგად არ ისმოდა, როგორც ეს დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა იყოს. კარგი ის არის, რომ ოპოზიციური პარტია ძლიერია. სოციალ-დემოკრატებმა შეძლეს დიდი რაოდენობით ამომრჩევლის მობილიზება. მას მხარს უჭერენ ალბანელები და სხვა უმცირესობები. რა ტიპის კოალიციაც უნდა მოვიდეს პარლამენტში, ვფიქრობ, ოპოზიცია შეძლებს გაიკვალოს გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ. ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში მისი ხმა მნიშვნელოვან როლს ასრულებს“.

მაკედონიის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა, ასევე, „ალბანელების დემოკრატიული კავშირი გაერთიანებისათვის“. ის სახელისუფლო პარტიის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა. არჩევნების შედეგებზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებენ სწორედ ეთნიკურ ალბანელთა პარტიის გადაწყვეტილებაზე, ითანამშრომლებს თუ არა ის მმართველ პარტიასთან. პოზიცია ჯერ არ არის ცნობილი, რადგან ალბანელების პოლიტიკურმა პარტიამ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში ალბანელ ამომრჩეველთა ხმების თითქმის ნახევარი დაკარგა.

წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ერთ-ერთი წამყვანი თემა იყო ევროკავშირთან ურთიერთობა. მაკედონიამ ჯერ კიდევ 2005 წელს მოიპოვა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მას შემდეგ ევროკავშირში ინტეგრაციის შეფერხებაში ბრალს სდებენ კვლავ გრუევსკის და მის არადემოკრატიულ მმართველობას. თუმცა არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლება საბერძნეთის სახით, რომელიც ევროკავშირის წევრია და რომელსაც ასევე აქვს რეგიონი, სახელწოდებით „მაკედონია“. ევროკავშირთან დაახლოების რა პერსპექტივა აქვს მაკედონიას ახალი ხელისუფლების პირობებში? მოვუსმინოთ ზორან კიუკას:

„მაკედონიის პოლიტიკური პარტიები იზიარებენ ევროკავშირში გაწევრიანების იდეას, მაგრამ ფაქტია, რომ მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ და ალბანელთა პოლიტიკურმა პარტიამ მნიშვნელოვნად დააზიანეს ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალი გზები. ვგულისხმობ მთავრობის მიერ სასამართლოსა და მედიის კონტროლს. ამის შედეგია ის, რომ საერთაშორისო შეფასებებში მაკედონია ბოლო ადგილებზეა. ამ ეტაპზე გამარჯვებულია მმართველი პარტია. ექსპერტთა აზრით, შესაძლოა, მომავალ წლებშიც გაგრძელდეს კოალიციური მმართველობა ალბანელთა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, მაგრამ უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგებს. ალბანელთა პარტიამ შეიძლება უარი თქვას კოალიციაზე, რადგან ამ არჩევნებში მათ გაუნახევრდათ ეთნიკური ალბანელების მხარდაჭერა“.

მაკედონიისგან განსხვავებით, ევროკავშირისა და ნატოს წევრია რუმინეთი, სადაც ასევე 11 დეკემბერს გაიმართა საპარლამენტო არჩევნები. ხმების უმრავლესობა, 46 %, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ერგო, 20 % - მემარჯვენე ნაციონალ-ლიბერალებს, ხოლო 9 % - ახალბედა პარტიას, კავშირს „გადავარჩინოთ რუმინეთი“, რომელმაც წელს პირველად მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში.

ცნობების თანახმად, წინა არჩევნებთან შედარებით, წელს ორი პროცენტით იკლო მოქალაქეთა აქტივობამ რუმინეთში. არჩევნებზე გამოცხადდა ამომრჩეველთა 46 %.

მაკედონიის მსგავსად, რუმინეთშიც დღის წესრიგში დგას კორუფციის პრობლემა. 2015 წელს სწორედ კორუფციის ბრალდების გამო მოუწია გადადგომა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას. მსგავსი ეჭვები არსებობს რუმინეთის ამჟამინდელი მთავრობის წევრების მიმართ. ამის შედეგია ის, რომ რუმინეთს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყნის რეპუტაცია აქვს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის.

რუმინელი ამომრჩევლის მოლოდინებზე სასაუბროდ ბუქარესტში დავურეკეთ რადიო თავისუფლების კორესპონდენტს, საბინა ფატის, რომელიც აშუქებდა არჩევნებს რუმინეთის დედაქალაქში:

„ამომრჩევლების მთავარი სურვილია, სოციალ-დემოკრატებმა შეასრულონ წინასაარჩევნო დაპირებები. ისინი დაჰპირდნენ მოსახლეობას უკეთეს პენსიას, უკეთეს შემოსავალს, მინიმალური ხელფასის 400 ევრომდე გაზრდას. აი, ამას ელოდება ამომრჩეველი - მეტ ფულს და მეტ სამუშაო ადგილს“.

საბინა ფატის თქმით, გამარჯვებული პარტია კონსერვატიულ ღირებულებებს იზიარებს. სოციალ-დემოკრატები მხარს უჭერენ ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიას.

„მათ სურთ, სახელმწიფო მნიშვნელობა მიანიჭონ მართლმადიდებელ ეკლესიას, რაც წარმოუდგენელია, რადგან რუმინეთი სეკულარული ქვეყანაა და ეს კონსტიტუციით არის განმტკიცებული. ისინი აღვივებენ კომუნისტურ ნოსტალგიას. რუმინეთი ევროპული ქვეყანაა, თუმცა მოსახლეობის თითქმის ნახევარში ჯერაც შეხვდებით საბჭოთა ნოსტალგიას. სოციალ-დემოკრატიული პარტია თავისი ამომრჩევლის მოთხოვნებს უპასუხებს. ეს ამომრჩევლები არიან ექიმები, მასწავლებლები, მარგინალიზებული ჯგუფები და პენსიონერები. ახალგაზრდები მათ შორის თითქმის არ არიან“, ამბობს საბინა ფატი, რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რუმინეთში. ის ხედავს საფრთხეს, რომ გამარჯვებული სოციალ-დემოკრატიული პარტია იმდენად დიდ ძალაუფლებას მოიპოვებს, რომ საკუთარ თავზე მოირგებს ცვლილებებს.

საბინა ფატის ვკითხეთ ნაციონალისტურ განწყობებზეც, რომლებიც აშკარა იყო სოციალ-დემოკრატების წინასაარჩევნო კამპანიის დროს. საუბარია, მაგალითად, მოწოდებაზე „რუმინეთი რუმინელებისთვის“. ადგილობრივი კორესპონდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთი ნატოს სწორედ სოციალ-დემოკრატების მმართველობის დროს შეუერთდა, არსებობს ეკონომიკური ნაციონალიზმის გაღვივების გარკვეული საფრთხე, რადგან ისმის კითხვები ქვეყანაში უცხოური კაპიტალის შემოსვლასთან დაკავშირებით:

„ეს საკითხები ყოველთვის იჩენს ხოლმე თავს ყველა არჩევნების დროს. დაველოდოთ, რა მოხდება მომდევნო წლებში... ჩვენთან ეკონომიკური კრიზისია. თუმცა პარტიის ლიდერმა ისიც თქვა, რომ საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ აპირებს. ამას დრო გვიჩვენებს. ვნახოთ, რა იქნება...“

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG