Accessibility links

ჩერნოგორიაში გადატრიალების მცდელობის უკან რუსეთი დგას?


საპროტესტო აქცია ჩერნოგორიაში

მოსკოვის მისამართით გამოთქმული ბრალდება, რომ მისი უწყებები იყვნენ ჩარეული ჩერნოგორიაში შარშან ოქტომბრის გადატრიალების მცდელობაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, როგორც უსაფუძვლო, უარყო. ლავროვმა უარყო ბრიტანეთის მედიით გავრცელებული ცნობა, რომელიც ბრიტანელი მზვერავების შემდეგ დასკვნას ეფუძნება: მოსკოვმა თავისი მხარდაჭერა და თანხმობა გამოუცხადა შეთქმულებას, რომლის მონაწილეთა მიზანი იყო ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრ მილო ჯუკანოვიჩზე თავდასხმა, რათა ხელი შეეშალათ ნატოში იუგოსლავიის ყოფილი ამ მცირე რესპუბლიკის შესვლისთვის. ლავროვმა ამ ინფორმაციას უწოდა „გამოგონილი“ და თქვა, ბრიტანეთის მედიამ ერთხელ უკვე მოიგონა მსგავსი ამბავი ალექსანდრ ლიტვინენკოსთან დაკავშირებითო. კრემლის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამით გაიხსენა ლონდონში რუსეთის „კა-გე-ბე-ს“ ყოფილი თანამშრომლის, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ კრიტიკულად განწყობილი, ლიტვინენკოს მოწამვლით მკვლელობის ამბავი.

საკუთრივ კრემლმა, მისმა წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა, „უპასუხისმგებლო“ უწოდა ჩერნოგორიის შეთქმულების შესახებ გავრცელებულ ცნობას და თქვა, ფაქტებს არ ემყარებაო. 19 თებერვალს ლონდონის „სანდეი ტაიმსი“ წერდა, - როგორც ითქვა, ბრიტანელი მზვერავების დასკვნაზე დაყრდნობით, - რომ „დაგეგმილი გადატრიალება არის დასავლეთის საქმეებში ჩარევის მზარდი აგრესიული კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე უტიფარი მაგალითი“. ჩერნოგორიის მთავარმა საგანგებო პროკურორმა მილივოიე კატნიჩმა ჩერნოგორიის ტელევიზიას განუცხადა, „გარკვეულ დონეზე რუსეთის სახელმწიფო უწყებები იყვნენ ამ საქმეში ჩართულიო“:

„ჩვენ გვაქვს იმის საბუთი, რომ საქმეში ჩართული იყო რუსეთის ნაციონალისტური სტრუქტურები. ისიც ცხადია, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილის პასპორტი გაიცა სხვა გვარზე იმისთვის, რომ სერბიაში გაეგზავნათ და ამის მოხერხება შეუძლებელი იქნებოდა გარკვეული უწყებების მონაწილეობის გარეშე. ახლა რუსეთის ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს, რომელი სახელმწიფო უწყება იყო გარეული ამ ამბავში და სისხლის სამართლის საქმე აღძრას ამ ქმედებების გამო“.

მილივოიე კატნიჩმა ტელევიზიით გამოსვლისას თქვა, რომ მის მიერ ხსენებული რუსეთის მოქალაქე ედუარდ შიშმაკოვი რუსეთის საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი იყო და ადრე პოლონეთში სამხედრო ატაშეს მოადგილედ მუშაობდა:

„ვითარებაში გარკვევა საჭიროა, რადგან არ არის დადგენილი, იცოდნენ თუ არა ამ სტრუქტურებმა, დემოკრატიულმა პარტიამ, შიროკოვის - მისი ნამდვილია გვარია შიშმაკოვი - გეგმის შესახებ, რომელიც უნდა განხორციელებულიყო“.

იქვე, სატელევიზიო ინტერვიუში, საგანგებო პროკურორმა ასეთი ცნობა გაავრცელა იმაზე, თუ როგორ იმოქმედა სერბიის უშიშროების სამსახურმა:

„სერბიის უშიშროების სამსახურმა დააპატიმრა ის ორი პირი, მაგრამ გვაუწყეს, რომ სხვებიც დაუკავებიათ, ედუარდ შიროკოვი - რეალური გვარია შიშმაკოვი - და ვლადიმირ პოპოვი. ვფიქრობ და ამის თაობაზე არსებობს ოპერატიულ მონაცემები, რომ სხვებიც არიან დაკავებული და, ცოტა არ იყოს, უხერხული ვითარება შეიქმნა“.

ჩერნოგორიის პროკურორი განმარტავს, თუ რა მიზნებს ისახავდა, მისი ინფორმაციით, გეგმა:

„გეგმა მიზნად ისახავდა ჩერნოგორიის პოლიციის საგანგებო შენაერთებისა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელთა დახოცვას, რათა შეექმნათ ისეთი სურათი, თითქოს ეს ძალები გადავიდნენ ოპოზიციის მხარეს, დემონსტრანტების მხარეს, და თითქოს პოლიციის ძალები ერთმანეთს ესროდნენ. ასეთ ვითარებაში დაშავდებოდა ზოგიერთი მოქალაქეც. ჩვენ უნდა დავადგინოთ, რუსული ნაციონალისტური სტრუქტურა მოქმედებდა ამ პირებთან, მანდიჩსა და კნეზევიჩთან, კავშირის გარეშე, თუ მათთან ერთად, რაც ტრაგედია იქნებოდა, თუ დადასტურდა“.

ჩერნოგორიაში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ მას ბრალდებების გამო ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიუღია. ამ ორი პირის, პრორუსული ოპოზიციური ძალების ლიდერების, ანდრია მანდიჩისა და მილან კნეზევიჩის, დაპატიმრების ორდერი საგანგებო პროკურორმა გასცა საკონსტიტუციო წესწყობილებისა და ჩერნოგორიის უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედების გამო, მაგრამ ჩერნოგორიის სახელმწიფო პროკურორმა ივიცა სტანკოვიჩმა იმ დღეს, 15 თებერვალს, როცა ამ ორ პირს პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა, თავისი საგანგებო განკარგულებით გააუქმა დაპატიმრების ორდერები. ეს ნაბიჯი შეფასებულ იქნა, როგორც ორად გახლეჩილ ქვეყანაში დაძაბულობის განეიტრალების მცდელობა.

ბონში 15 თებერვალს ამ საკითხზე იმსჯელეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა, რომლებიც „დიდი ოცეულის“ სამიტზე იყვნენ ჩასული დასავლეთ გერმანიის ყოფილ დედაქალაქში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG