Accessibility links

ვაშინგტონის სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ და ევროპის შეშფოთება


"ნორდ სტრიმ 2"-ისთვის განკუთვნილი მილების ეს პარტია მარტში გერმანიაში ჩაიტანეს

„ახალი ევროპის“ დღევანდელ გამოშვებაში ვისაუბრებთ შეშფოთებაზე, რომელიც ევროკავშირის წევრთა შორის გამოიწვია აშშ-ის კონგრესისა და სენატის მიერ ხმათა დიდი უმრავლესობით მხარდაჭერილმა კანონპროექტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ. ამ კანონპროექტის თანახმად, სანქციები დაეკისრება ევროპის იმ კომპანიებსაც, რომლებიც რუსეთთან ითანამშრომლებენ.

დღეს ვაზიანში, „ღირსეული პარტნიორის“ სახელწოდებით ცნობილი სამხედრო წვრთნის მონაწილეებთან შეხვედრისას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა: „მალე პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრების კანონს. ჩვენი პრეზიდენტი და ჩვენი კონგრესი ერთსულოვანნი არიან იმ საკითხებში, რომლებზეც ასე მკაფიოდ ილაპარაკა პრეზიდენტმა ვარშავაში. კერძოდ, ეს ეხება რუსეთის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ მოქმედებებს, მის მცდელობას, მხარი დაუჭიროს არაკეთილსაიმედო რეჟიმებს და იმას, რომ ეს უნდა შეიცვალოს. იმისთვის, რომ შეიცვალოს რუსეთისადმი ჩვენი დამოკიდებულება, რუსეთმა თავისი ქცევა უნდა შეცვალოს.“

თუ აქამდე მიმომხილველები მარჩიელობდნენ, მოაწერს თუ არა დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების კანონს, მაიკ პენსის ამ განცხადების შემდეგ ყოველგვარი ეჭვი გაიფანტა. შესაბამისად, უკვე საბოლოოდ გადაეწურათ იმედი ევროპის იმ მსხვილ ენერგოკომპანიებსაც, რომლებიც, რუსეთთან ერთად, ჩაბმული არიან „ნორდ სტრიმ 2“-ის გაზსადენის მშენებლობაში.

ახალი სანქციები განსაკუთრებით საგრძნობ დარტყმას მიაყენებს გერმანიას. ამიტომ ბუნებრივია, რომ ყველაზე მწვავე განცხადებები სწორედ ამ ქვეყნიდან ისმის. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა ბრიგიტე ციპრისმა ვაშინგტონის სანქციები, არც მეტი, არც ნაკლები, „საერთაშორისო სამართლის დარღვევად“ შეაფასა. როგორც მან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, „ამერიკელებს არავითარი უფლება არა აქვთ, გერმანიის კომპანიები დასაჯონ იმისთვის, რომ ამ უკანასკნელებს საქმიანი ინტერესები აქვთ სხვა ქვეყანაში.“ ცხადია, სავაჭრო ომის გაჩაღებას არ ვაპირებთო, იქვე თქვა მინისტრმა და დასძინა, ახლა ევროპის კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, რა საპასუხო ზომების მიღება შეგვიძლიაო.

ბრიგიტე ციპრისის თქმით, გერმანიამ არაერთხელ სთხოვა აშშ-ს, რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრების კანონპროექტში არ შეეტანა ევროპის კომპანიების დამაზარალებელი პუნქტები, ვაშინგტონმა კი სწორედ ეს გააკეთაო. „უპირველეს ყოვლისა, სამწუხაროა, რომ ევროპისა და შეერთებული შტატების შეხმატკბილებული ურთიერთქმედება რუსეთისა და სანქციების საკითხებში ამგვარად დაირღვა. ეს სამწუხაროა, რადგან წარმატების მოპოვება მხოლოდ ერთობლივი ქმედებითაა შესაძლებელი“, თქვა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.

ამავე სულისკვეთების განცხადება გააკეთა გასულ კვირაში ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმაც, რომლის თქმით, თუ ვაშინგტონმა ევროპის კომპანიების დასჯა მოინდომა, ევროკავშირი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს.

შეერთებული შტატები კარგა ხანია, ეწინააღმდეგება „ნორდ სტრიმ 2“-ის პროექტს, რადგან მიიჩნევს, რომ მისი განხორციელება მხოლოდ კიდევ უფრო გაზრდიდა რუსეთის ბუნებრივ აირზე ევროპის ქვეყნების დამოკიდებულების ხარისხს. მაგრამ ახალი კანონპროექტი ვაშინგტონის მიერ გადადგმული პირველი პრაქტიკული ნაბიჯია რუსეთიდან გერმანიისკენ ბალტიის ზღვის გავლით გასაყვანი მილსადენის წინააღმდეგ.

ახალი კანონპროექტი, რომლისთვისაც პრეზიდენტ ტრამპს, შეგახსენებთ, ჯერ არ მოუწერია ხელი, ითვალისწინებს ევროპის იმ კომპანიების წახალისებას, რომლებიც შეერთებული შტატებისგან შეიძენენ გათხევადებულ ბუნებრივ აირს. სავარაუდოდ, სწორედ ამ გარემოებამ ათქმევინა შემდეგი სიტყვები გერმანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს ფოლკერ ტრირეს: „ჩნდება ეჭვი, რომ შეერთებულ შტატებს საკუთარი ეკონომიკური ინტერესები ამოძრავებს.“

გასულ კვირაში სანქციების საკითხს შეეხო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელიც. მისი განცხადებით, გერმანია არ შეეგუება სადამსჯელო ზომების მიღებას „ნორდ სტრიმ 2“-ის მონაწილე ევროპის კომპანიების წინააღმდეგ. როგორი იქნება ეს „არშეგუება“, ჯერჯერობით არავინ იცის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG