Accessibility links

ევროპარლამენტის წევრებმა ევროკავშირისა და უკრაინისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდეს ასოცირების ხელშეკრულების საბოლოო ამოქმედებას 1სექტემბრიდან, რაც უკრაინელი მოქალაქეებისთვის, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის გარდა, ევროპის ქვეყნებთან ყოვლისმომცველი სავაჭრო ურთიერთობის განვითარებასაც უხსნის გზას.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტი ოფიციალურად ძალაში შესულად 1 სექტემბერს გამოცხადდა, 2017 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის ქვეყნებთან უკრაინის სავაჭრო ბრუნვა თითქმის 4-ჯერ გაიზარდა. „მიმდინარე წლის ექვს თვეში უკრაინის საქონლითა და მომსახურებით საგარეო ვაჭრობა ევროკავშირის ქვეყნებთან 22%-ით გაიზარდა. ჩვენი ვაჭრობის თითქმის 40% სწორედ ევროკავშირზე მოდის“, – განაცხადა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 1 სექტემბერს, ევროკავშირსა და უკრაინას შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ ამ ხელშეკრულების ამოქმედება არის „მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ მომავლის განმტკიცებისკენ, რომელიც ავირჩიეთ ღირსების რევოლუციით“. პოროშენკოს მხედველობაში ჰქონდა საპროტესტო ტალღა, რომლითაც დაემხო ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობა – მას შემდეგ, რაც მან 2013 წელს გააუქმა ევროკავშირთან ამ ხელშეკრულების გაფორმების გეგმა.

უკრაინის პრეზიდენტის ამ პათოსს იზარებენ ევროპარლამენტარებიც. თუმცა, უკრაინის ხელისუფლებას რეფორმების განხორციელების აუცილებლობასაც შეახსენებენ:

„ორივე პარტნიორისთვის, როგორც ევროკავშირის, ისე უკრაინისათვის, ეს (ასოცირების შეთანხმება) მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს არის ძალიან გრძელი ტრაექტორია და ხანგრძლივი პროცედურა და იგი ჯერ დასრულებული არ არის, რადგან ბოლომდე არ არის განხორციელებული უკრაინის რეფორმების გეგმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ უკან დავიხიოთ. მაგრამ, 1 სექტემბრის შემდეგ, ჩვენ საბოლოოდ გავხდებით ნამდვილი პარტნიორები და შევძლებთ წინსვლას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ორივე პარტნიორის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ასევე სოციალური განვითარებისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად დიდი მომავალი გვექნება“, – განუცხადა რადიო „თავისუფლებას“ ბელგიელმა ევროპარლამენტარმა მარკ დემესმაეკერმა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირ-უკრაინის ასოცირებს შეთანხებას 10-წლიანი ისტორია აქვს. დოკუმენტის ტექსტზე მუშაობა 2013 წელს დასრულდა, თუმცა ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, მოსკოვის ზეწოლის გამო, უარი თქვა ასოცირებს შეთანხების ხელმოწერაზე. ამას კიევის ცენტრში მასობრივი საპროტესტო აქციები და, საბოლოოო ჯამში, ვიქტორ იანუკოვიჩის უკრაინიდან რუსეთში გაქცევა მოჰყვა. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ზუსტად სამი წლის წინ, 2014 წელს, მოეწერა ხელი, მაგრამ შეთანხმება მხოლოდ ნაწილობრივ შევიდა ძალაში. დოკუმენტის სავაჭრო ნაწილი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭროს ზონის შესახებ, მხოლოდ დროებით მოქმედებს 2016 წლიდან. „შეთანხმების დასრულება და მისი ამოქმედება ახალ იმპულსს მიანიჭებს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება, მართლმსაჯულება, თავისუფლება და მიგრაციის უსაფრთხოება, საგადასახადო პოლიტიკა, სახელმწიფო ფინანსების მართვა, მეცნიერება და ტექნიკა, განათლება და საინფორმაციო საზოგადოება“, – ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.

თუმცა უკრაინის პროევროპული კურსი კვლავინდებურად დიდ წინააღმდეგობას აწყდება რუსეთისაგან, რომლის მიერ იარაღით, ცოცხალი ძალითა და ფინანსებით მხარდაჭერილმა სეპარატისტულმა ძალებმა მოახდინეს ყირიმის ანექსია და საკუთარ კონტროლი დაამყარეს დონეცკისა და ლუგანსკის ვრცელ ტერიტორიებზე.

უკრაინაში რუსეთის ჩარევის გამო, აშშ-მა, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა სახელმწიფოებმა მოსკოვს სანქციები დაუწესეს.

მოელიან, რომ ევროკავშირის ელჩები 6 სექტემბერს მიიღებენ გადაწყვეტილებას უკრაინასა და რუსეთში მოქმედი იმ ფიზიკური პირებისა და კომპანიების მიმართ, რომლებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრებიან. ამის შესახებ ტვიტერით გაავრცელა ინფორმაცია ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა ბრიუსელში, რიკარდ იოზვიაკმა. ევროკავშირის სანქციათა სიაში ამჟამად 153 ფიზიკური პირი და 40 კომპანიაა.

13 მარტს ევროკავშირმა კიდევ ნახევარი წლით გაახანგრძლივა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რომელთა ვადა სექტემბერში იწურება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG