Accessibility links

დაბრუნებით ბრუნდებიან, მაგრამ საით წავლენ გერმანიის სოციალ-დემოკრატები?


მარტინ შულცი

გერმანიაში სოციალ-დემოკრატებს აღმაფრენის ხანა დაუდგათ. გასულ კვირაში საგანგებო ყრილობაზე ყველა დეპუტატი მიემხრო პარტიის თავმჯდომარედ მარტინ შულცის არჩევას. შულცი, ამავე დროს, მომავალ არჩევნებზე კანცლერობის კანდიდატიცაა. ევროპაში ნაციონალისტების და პოპულისტების გააქტიურების ფონზე მარტინ შულცისა და მისი პარტიის პოპულარობას თავისებურად ხსნის პარტიის ლიდერი. 605 ხმა 605-დან - ასეთი რამ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასაც არ ახსოვს. მარტინ შულცს ოვაციებით ეგებებიან. შულცის თანახმად, სოციალ-დემოკრატების მობრუნება არა მხოლოდ თვითონ პარტიას, მთელ საზოგადოებას წაადგება. მას მერე, რაც შულცმა ყრილობაზე გამოსვლისას საკუთარ თავზე თქვა, უბრალო, პატიოსანი ოჯახის მეხუთე შვილი ვარო, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ისტორიაზეც ილაპარაკა: ეს არის უძველესი პარტია გერმანიაში, რომელიც ამ ქვეყანაში დემოკრატიისთვის იბრძოდა, მიაღწია ქალთა უფლებების მოპოვებას და წინ აღუდგა ნაციზმსო. შულცს არ ულაპარაკია საარჩევნო პროგრამაზე. ეს მომავლის საქმეა, ამაზე ივნისში მოახსენებენ საზოგადოებას სოციალ- დემოკრატები. გერმანიას ახლა ერთად მართავენ მემარცხენე და მემარჯვენე ძალები. პარლამენტში დღევანდელი პარტნიორები სულ მალე პოლიტიკური ბრძოლის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდებიან. მომავალი ბრძოლის ელფერი დაჰკრავდა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის გენერალური მდივნის, პეტერ ცაუდერის, განცხადებას, რომელიც მიანიშნებდა თანაპარტიელების მიერ შულცის ერთხმად, ასი პროცენტით, არჩევაზე:

„გამოსვლის ასი პროცენტი არ ეხებოდა კონკრეტულ საკითხს. მხოლოდ სიხარული, რომ ზიგმარ გაბრიელი წავიდა, არა მგონია, საკმარისი იყოს, მით უმეტეს, როცა პრეტენზია გაქვთ ქვეყანა მართოთ. საბოლოო ჯამში, საქმე ესაა“.

ჩვენ თითქმის ერთი წელია ვმსჯელობთ პროგრამის გარშემო. ამ პროცესში უამრავი თანაპარტიელია ჩართული. უცნაური იქნებოდა, ახლა რომ მარტინ შულცი მოსულიყო და ზემოდან ესწავლებინა, რა გავაკეთოთ. ასეთი ტრადიცია სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში არ გვაქვს...

გერმანიის სოციალ-დემოკრტებს არ უნდა სურდეთ უკვე კატეგორიული განცხადებები აკეთონ და მოწინააღმდეგეს თავდასხმა გაუადვილონ. ერთი-ორი კვირის წინ იმაზე დაიწყეს ლაპარაკი, რომ უმუშევრებს დახმარების ვადას გაუხანგრძლივებენ იმისთვის, რომ კვალიფიკაცია შეიცვალონ ან ახალი პროფესია აითვისონ. პარტიის ყრილობაზე კი გაისმა მოწოდება იმავე შულცისგან, რომ განათლება საბავშვო ბაგიდან უნივერსიტეტამდე უფასო უნდა იყოს. ქვეყანაში არსებულ უთანასწორობაზეც ლაპარაკობს შულცი, მაგრამ რა ქნას, სწვდეს ძალიან მდიდრებს ყელში? ეს, ალბათ, სარისკო ნაბიჯია. როგორი იქნება სოციალ-დემოკრატების პოზიცია ქონების გადასახადსა ან მემკვიდრეობის გადასახადთან დაკავშირებით, ეს არაა ჯერ ცხადი, თუმცა შულცისგან ამ კითხვაზე პასუხს მოელიან. მარტინ შულცის წინამორბედმა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, ზიგმარ გაბრიელმა, რომელსაც შულცმა მადლობა გადაუხადა ყრილობაზე და ხაზგასმით თქვა, ჩემი ახლო და კარგი მეგობარია, მისი ჩემს გვერდით ყოფნა მაძლიერებსო, ახსნა, რატომ არის ზედმეტი დაპირება არაგონივრული:

„გონივრულად მიმაჩნია, რომ მარტინ შულცი ჩვენი საარჩევნო პროგრამის თემებზე მშვიდად ლაპარაკობს, რადგან უკეთესია ამომრჩეველთათვის ნაკლები პირობის მიცემა, მაგრამ რასაც დავპირდებით, იმის შესრულება. ეს უნდა გამოგვარჩევდეს სხვებისაგან სოციალ-დემოკრატებს“.

ამ მხრივ შულცი დაიცვა სოციალ-დემოკრატების გენერალურმა მდივანმა, კატარინა ბარლეიმ, რომელიც სულაც არ თვლის, რომ შულცმა, როგორც კანცლერობის კანდიდატმა, უკვე უნდა წარმოადგინოს თავისი პროგრამა. აი, რას ამბობს ის ანგელა მერკელზე გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში:

„ანგელა მერკელი უკვე თერთმეტი წელია ქვეყანას მართავს და არავინ იცის, რა პოლიტიკური შეხედულებები აქვს“, თქვა ბარლეიმ იმ კრიტიკის პასუხად, რომელიც გამოითქვა შულცის მიმართ: არ არის ცხადი მისი პოზიცია ბევრ საკითხთან დაკავშირებითო. არა მგონია, მარტინ შულცმა ამის თაობაზე ორ თვეში ანგარიში უნდა წარმოგვიდგინოსო, ამბობს სოციალ-დემოკრატების გენერალური მდივანი და განმარტავს:

„ჩვენ თითქმის ერთი წელია ვმსჯელობთ პროგრამის გარშემო. ამ პროცესში უამრავი თანაპარტიელია ჩართული. უცნაური იქნებოდა, ახლა რომ მარტინ შულცი მოსულიყო და ზემოდან ესწავლებინა, რა გავაკეთოთ. ასეთი ტრადიცია სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში არ გვაქვს, ამ საკითხებს ერთად ვამუშავებთ და ივნისში უკვე საპროგრამო ყრილობას ჩავატარებთ“.

რა მოხდება მომავალში, თუ შულცის სოციალ-დემოკრატიული პარტია მართლა წარმატებული იქნება და მოიგებს არჩევნებს? შულცი პოპულისტურ ალტერნატივას გერმანიისთვის გერმანიის სირცხვილად მიიჩნევს. აშშ-ის პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე, ამბობს: ქალებისადმი არამეგობრული, რასისტული და დემოკრატიის მიმართ მტრული კამპანია წარმართაო. თურქეთის პრეზიდენტ ერდოანის შესახებ გამოაცხადა, გერმანელი თურქების გახლეჩა სურსო. შულცი აპირებს მომავალში ევროპა ერთიანი და ძლიერი შეინარჩუნოს და გერმანია კი ევროპის შიგნით ძლიერი დარჩეს. ორი „წითელი“ პარტია - სოციალ-დემოკრატებისა და მემარცხენეების - გერმანიის სხვადასხვა კუთხეს ხანდახან მწვანეებთან ერთად მართავს. ასეა ეს ბრანდენბურგში, თიურინგიაში, ბერლინში, მაგრამ არის ეს შესაძლებელი ფედერალურ დონეზე?

„ადრე წარმოუდგენელი იყო, რომ ამ სამ პარტიას ერთად ემართა რომელიმე ფედერალური მხარე. ახლა ეს ჩვეულებრივი ამბავია. მირეკავენ და მეკითხებიან, შესაძლებელია თუ არა ეს ფედერალურ დონეზე“, ამბობს დიტმარ ბარჩი, მემარცხენე პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე ბუნდესტაგში.

მარტინ შულცის - გერმანიის სოციალ დემოკრატიული პარტიის ლიდერის, კანცლერობის კანდიდატის - ყრილობაზე გამოსვლისას, როცა ის პარტიის ერთ ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით ამბობდა, დემოგრაფიას ხელი უნდა შევუწყოთო, დარბაზში სიცილი ატყდა. შულცი გაჩერდა ერთი წამით, უცბათ ვერ გაიგო, რა ხდებოდა, უკან მობრუნდა და მიხვდა, რამ გამოიწვია სიცილი: მის უკან ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატი გამოჩენილიყო, ხელში ჩვილი ბავშვით.

„რა კარგია! მეგონა, რაღაც არასწორი ვთქვი. გოგოა თუ ბიჭი? ისე, სულ ერთია, მიღებულია პარტიაშიო“, თქვა მან და კვლავ გამოიწვია სიცილი - უკვე თავის სასარგებლოდ, თავის სტილში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG