Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილის მთავრობა - მინისტრთა პატიოსნება


საქართველოს მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეობისა და მინისტრობის კანდიდატები დაასახელა. ასევე ცნობილი გახდა ორი ვიცე-პრემიერის, მთავარი პროკურორისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატთა ვინაობა. ამასთან, ივანიშვილის მთავრობაში იმუშავებენ შევარდნაძის მთავრობის მინისტრები - დავით კირვალიძე და ამირან გამყრელიძე, რომლებიც, შესაბამისად, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის მინისტრების თანამდებობებს დაიკავებენ.

ვიდრე მთავრობის წევრთა ვინაობას დაასახელებდა, „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას თავად დაიკავებს. რაც შეეხება მთავრობის დანარჩენ წევრებს, ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისი პროექტი პოლიტიკურმა გუნდმა სიხარულითა და არსებითი ცვლილებების გარეშე მიიღო:

„მინისტრთა კაბინეტი: თავდაცვის მინისტრი და ვიცე-პრემიერი გახლავთ ირაკლი ალასანია, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი -კახი კალაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი...“
ძირითადი, რაც მათ აქვთ საერთო, ეს არის პატიოსნება. ძალიან ჰგვანან ამ საკითხში ერთმანეთს. ეს იქნება სახალხო მთავრობა ...
ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის თქმით, მთავრობაში ასევე შევლენ: იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი - სოზარ სუბარი; საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე; ჯანდაცვის მინისტრი - ამირან გამყრელიძე; დიასპორის მინისტრი - კოტე სურგულაძე; ევროინტეგრაციის მინისტრი - ალექსი პეტრიაშვილი; რეინტეგრაციის მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი; სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით კირვალიძე; კულტურის მინისტრი - გურამ ოდიშარია; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი. გარდა ამისა, გენერალური პროკურორის პოსტზე დასახელდა არჩილ კბილაშვილის კანდიდატურა; სახელმწიფო აუდიტის სამსახურს რევაზ შავიშვილი, ხოლო ეროვნულ ბანკს ნოდარ ჯავახიშვილი უხელმძღვანელებს. პარლამენტის სპიკერობის კანდიდატად დასახელდა დავით უსუფაშვილი, პირველ ვიცე-სპიკერად - მანანა კობახიძე. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მთავრობის წევრობის კანდიდატთა ერთი ნაწილი გამოუცდელია, თუმცა იქვე შენიშნა, რომ მინისტრების შერჩევისას სულ სხვა კრიტერიუმით იხელძღვანელა:

„ძირითადი, რაც მათ აქვთ საერთო, ეს არის პატიოსნება. ძალიან ჰგვანან ამ საკითხში ერთმანეთს. ეს იქნება სახალხო მთავრობა. პირველად საქართველოს ისტორიაში იქნება ისე, რომ ვერ იტყვიან, რომ მთავრობაში იღებენ ქრთამებს.“

პატიოსნების გარდა, ბიძინა ივანიშვილის თქმით, მთავრობის წევრობის კანდიდატთა კიდევ ერთი ღირსება პროფესიონალიზმია. მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალთა შორის, პირველ რიგში, მან დაასახელა ირაკლი ალასანია - თავდაცვის მომავალი მინისტრი, რომელიც უწყებაში მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმით მიდის:

„მთავარია, რომ ჩვენი საბრძოლო მზადყოფნა, თავდაცვისუნარიანობა იყოს უმაღლეს დონეზე აყვანილი! ამას სჭირდება პროფესიული კადრების დაბრუნება. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ინტეგრაციის პროცესი ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში. გვაქვს მყარი ხედვა იმისი, რომ ავღანეთში ჩვენი შეიარაღებული ძალები დარჩება მანამდე, ვიდრე მისია არ იქნება შესრულებული.“

რაც შეეხება რეინტეგრაციის მომავალი მინისტრის მისიას, პაატა ზაქარეიშვილი არ ითხოვს ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმებას, თუმცა, მისივე თქმით, შესარბილებელია კანონის ის ნაწილი, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკების ტერიტორიებზე გადაადგილებას უზღუდავს საერთაშორისო ორგანიზაციებს.:

ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა მთავრობის წევრობის კანდიდატები
please wait

No media source currently available

0:00 0:11:36 0:00
გადმოწერა


„ევროპული სივრცე არ არის ჩვენთვის საფრთხე, პირიქით, ისინი ხელს უწყობენ ინტეგრაციას. ევროკავშირი გაერთიანდა და არავითარ შემთხვევაში სეპარატიზმს მხარს არ დაუჭერენ. ამიტომ, რაც უფრო მეტ ევროპას შევუშვებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მით უფრო ეს მხარეები გახდებიან ევროპის, ანუ ქართული სახელმწიფოს, ნაწილი. გარღვევა იქნება ურთიერთობებში ის, რომ ჩვენ მოვახდენთ აფხაზური და ოსური მხარეების რეანიმაციას და მათთან დიალოგით შევეცდებით შევასუსტოთ რუსული გავლენა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.“

რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის შერბილებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მაქსიმალური ინტეგრაციისკენ იქნება მიმართული მომავალი მთავრობის საგარეო კურსი. რადიო თავისუფლების შეკითხვას, როგორია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის სქემა, საქართველოს საგარეო უწყების მომავალმა ხელმძღვანელმა მაია ფანჯიკიძემ ასე უპასუხა:

„დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა იმ ფონზე, როდესაც რუსეთს გახსნილი აქვს ორი საელჩო სოხუმსა და ცხინვალში, არის ძალიან რთული საკითხი, მაგრამ მის მოგვარებაზე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, თუმცა ეს არაა ერთი და ორი დღის საქმე იმის გათვალისწინებთი, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ.“
თუ რამეს დაამატებენ ამ მონაპოვარს, ღმერთმა ხელი მოუმართოთ! რაც შეეხება მთავრობას, ვერავიზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, გარდა იმისა, რომ არის შევარდნაძის დროინდელი სახეებიც ...
დავით დარჩიაშვილი

რაც შეეხება მომავალი მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც პოლიტიკაში მოსვლამდე საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, მისი გეგმები ასეთია:

„ყველა ღირსეული პოლიციელი, ვინც დღეს სამინისტროში მუშაობს, დარჩება სამინისტროში. მე ვიქნები მათი პირველი მეგობარი და უფლებების დამცველი სამინისტროში მისვლის დღიდან. პოლიცია უნდა გათავისუფლდეს ყოველგვარი წნეხისა და ზეწოლისგან, რომელიც მოდიოდა ხელისუფლებისგან. და, რაც მთავარია, ჩვენ გავაგრძელებთ შეურიგებელ ბრძოლას კრიმინალის წინააღმდეგ. ვერც ერთი კრიმინალური ფეხს ვერ მოიკიდეს დემოკრატიულ საქართველოში.“

ივანიშვილის მთავრობის წევრობის კანდიდატთა დასახელებას თავშეკავებული პესიმიზმით შეხვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. დავით დარჩიაშვილის თქმით, ახალი ხელისუფლების ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს წინამორბედის მიღწევების შენარჩუნებისკენ:

„თუ რამეს დაამატებენ ამ მონაპოვარს, ღმერთმა ხელი მოუმართოთ! რაც შეეხება მთავრობას, ვერავიზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, გარდა იმისა, რომ არის შევარდნაძის დროინდელი სახეებიც, არის პერსონალური ლოიალურობით გამორჩეული სახეებიც... მოკლედ, ვნახოთ, რა იქნება.“
პატიოსნები არიან თუ არა, ეს გამოჩნდება მაშინ, როცა ისინი შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას. კირვალიძე შევარდნაძის დროს მუშაობდა სოფლის მეურნეობის მინისტრად ბაკურ გულუას შემდეგ ...
ნიკა ჩიტაძე

მომავალი მთავრობის შემადგენლობის ანალიზისას პოლიტიკის ექსპერტებიც მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებთან ერთად, მინისტრის პორტფელებს დაიკავებენ როგორც სათანადო გამოცდილების არმქონე პოლიტიკოსები, მაგალითად, კახი კალაძე, ასევე შევარდნაძის დროინდელი ორი მინისტრი, რომლებიც ახალმა პილიტიკურმა ლიდერმა პატიოსნების ნიშნით შეარჩია. ამასთან დაკავშირებით პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ამბობს:

„პატიოსნები არიან თუ არა, ეს გამოჩნდება მაშინ, როცა ისინი შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას. კირვალიძე შევარდნაძის დროს მუშაობდა სოფლის მეურნეობის მინისტრად ბაკურ გულუას შემდეგ. ვნახოთ, რა იქნება. სხვა დრო იყო, სხვა სისტემა. ის იცნობს ამ სფეროს. დანარჩენი, ვნახოთ, რა იქნება, დრო გვიჩვენებს.“

ნიკა ჩიტაძისაგან განსხვავებით, პოლიტიკის ექსპერტს სოსო ცისკარიშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ დრო ხელისუფლებას მხოლოდ დადებითი კუთხით წარმოაჩენს ყველა მიმართულებით, იქნება ეს კონფლიქტების მოგვარება, ჯარის მშენებლობა, საგარეო ურთიერთობები თუ პოლიციის რეფორმა. აი, როგორ დაახასიათა ექსპერტმა შინაგან საქმეთა მომავალი მინისტრი:

„მისი კაცთმოყვარეობა და კეთილგანწყობა ადამიანის მიმართ არაერთხელ იქნა გამჟღავნებული, როცა ის იყო თავკაცი საქველმოქმედო ფონდ „ქართუსი“. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბატონ ირაკლის არ აქვს ის მავნე გამოცდილება, რომელიც გააჩნია არაერთ მაღალჩინოსანს დღევანდელ პოლიციაში და რომელიც დაფრთიანდა ვანო მერაბიშვილის კალთის ქვეშ.“

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მომავალ პრემიერ-მინისტრს მინისტრობის ყველა კანდიდატი არ დაუსახელებია, მათ შორის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობისა. ივანიშვილი ასევე აპირებს მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების გატარებას, ანუ ზოგიერთი უწყების გაუქმებას. ის ასევე აპირებს ვადის გასვლამდე არჩევით თანამდებობებზე დანიშნული პირების - მაგალითად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის - საკუთარი კანდიდატით ისე შეცვლას, რომ კონსტიტუცია არ დაირღვეს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG