Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგ ხუმრობა სასაცილო აღარ არის


The game ain’t in me no mo.
Cutty


ნუთუ მარტო მე ვარ ასე? ტელევიზორის ყურებისას საერთოდ აღარაფერზე მეშლება ნერვები. ადრე ან სიუჟეტი გამაღიზიანებდა, ან სტატიას წავიკითხავდი რამეს, ან ”რეალ ტივის” ვუყურებდი და გავოცდებოდი. იგრძნობდი კაცი რაღაცას. ხმის ამაღლება მოგინდებოდა...

ახლა? გეგონება ერთი ლიტრი ვალერიანი დამელიოს.

იმ დღეს ჩავუჯექი და ”იმედზე” ნოდარ მელაძის გადაცემას ვუყურე. თავიდან ბოლომდე ვნახე. თუ არ იცით, ”100 ცელსიუსი” ქვია. დუდუდუნ დუნ მუსიკით იწყება. მერე ნოდარ მელაძე სვამს შეკითხვებს სწრაფად, ხმამაღლა და ყველას ერთი ტონით. ტიპური ქართული ”სკანდალური” ტოკ შოუა - სექსი, ტყუილი, მაწანწალა ბავშვები... საოცარი სისულელეები ითქმის ხოლმე იქ. სხვა დროს ვინძლო ავდუღებულიყავი მაგის ყურებისას. ახლა? არც კი შევტოკებულვარ. წყნარად ვუყურე ბოლომდე. დროდადრო თავს შევუძახებდი ხოლმე ასეთ რამეებს - ”შეხედე ნიკო, ეს რა თქვა!”, ”არ არის საშინელება? აღშფოთდი, შე ჯონბულის ნასხლეტო!” არ უშველა. არაფერი მიგრძვნია.

ყველაფერზე ეგრე ვარ. ”ასავალ-დასავალში” რეზო ამაშუკელის ღია წერილი დაიბეჭდა. წერილი სულ ორი წინადადებისგან შედგება, რომლებიც მთელს გვერდზე მეორდება - ”ომი სააკაშვილმა დაიწყო! სააკაშვილი სომეხია!” (მგონი ზუსტად ასე იყო. თუ არ ჩამახედებთ გადასამოწმებლად, დავალებული დაგრჩებით). წესით ხომ უნდა გქონდეს კაცს რეაქცია?! ან გაბრაზდე, ან გაგეცინოს, ან რამე... არა მაქვს.

ან, ბარემ ვახსენეთ და, პრეზიდენტი გამოდის ხოლმე კვირაში ერთხელ ტელევიზიით და დაუმთავრებელ პროექტებს დამთავრებულად გვასაღებს. ან, გიგი უგულავიანი გადაცემა რომ გადის რუსთავი ორზე. ან, ძვლის კლიპი რომაა თბილისზე, ვითომ ჯეიზური და სინამდვილეში კი კომუნისტური. (მომავალი თაობები თუ ოდესმე ამ პოსტს აღმოაჩენენ, ალბათ დიდხანს იმტვრევენ თავს იმაზე, თუ რას ნიშნავს ”ძვლის კლიპი”. ასევე, რადგან ბარემ ფრჩხილებში ვარ, დაიჯერებთ, რომ აქამდე გუგლი ”ჯონბულის ნასხლეტს” ვერ პოულობდა?) ან კიდევ ის და ან კიდევ ეს. რეაქცია - ნული.


თითქოს მერე რა. რაც ნაკლებად გაქვს ნეგატიური გრძნობები, მით უკეთესია, არა? თეორიულად კი, მაგრამ ძლიერი გრძნობების გარეშე ცხოვრება გაცილებით ნაკლებად საინტერესო ხდება. ამას გარდა, ხომ უნდა გქონდეს სამოქალაქო შეგნება და რამე...

ჰოდა, მაგის წამალი არ იცით ვინმემ? ცოტა სისხლი რომ აუვარდეს კაცს თავში. სულის ვიაგრა, ან რამე ეგეთი.

ან, რავი, იქნებ თქვათ, თქვენზე რა მოქმედებს?

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG