Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უდიდესი სოციალური ქსელი უარს ამბობს გეი-სტატუსებზე


რუსეთის ყველაზე უდიდესმა სოციალურმა ქსელმა „ვკონტაქტე“-მ ქვეყნის ჰომოსექსუალი მოქალაქეების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. საქმე ის არის, რომ ამ ქსლის მომხმარებლები მოკლებული არიან შესაძლებლობას, აირჩიონ პროფილის სტატუსი და დააფიქსირონ თავიანთი ორიენტაცია. სოციალური ქსლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მშრალსა და არცთუ თავაზიან წერილში ირონიულად ურჩია ქსლის გეი მომხმარებელს, შეეცვალა სექსუალური ორიენტაცია, თუ არ აკმაყოფილებდა საიტზე არსებული სტატუსების არჩევანი. ჰომოსექსუალთა საზოგადოება მოითხოვს, ბოიკოტი გამოუცხადონ სოციალურ ქსელს.

სოციალურმა ქსელმა „ვკონტაქტე“-მ ჰომოსექსუალთა განრისხება მას შემდეგ გამოიწვია, რაც განაცხადა, რომ იგი მოქალაქეებს არ მისცემდა საშუალებას, საკუთარ გვერდზე ერთსქესიანი ურთიერთობები დაეფიქსირებინათ. წინააღმდეგობა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ქსლის ერთმა მამაკაცმა მომხმარებელმა, სახელად ოლეგმა, დახმარებისთვის მიმართა საიტის ადმინისტრაციას, რადგან ვერ შეძლო ურთიერთობათა სტატუსების განყოფილებაში აერჩია სტატუსი „მე მყავს მეგობარი მამაკაცი“. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მას შეახსენა, რომ ერთსქესიანი ქორწინება რუსეთში აკრძალულია და ურჩია, ონლაინ-სტატუსი შეეცვალა.

აი, რას ამბობს „ვკონტაქტე“-ს ადმინისტრაციის საქციელზე ნიკოლაი ალექსეევი, რუსეთის გეების უფლებათა დამცველი მოძრაობის აქტივისტი :

„ამით ისინი არ არღვევენ რუსეთის კანონმდებლობას, მაგრამ თუ ამ შემთხვევას განვიხილავთ მორალური ან ეთიკური თვალსაზრისით და გავითვალისწინებთ, რომ ქსელს ძალიან ბევრი ჰომოსექსუალი მომხმარებელი ჰყავს, და ეს უკანასკნელნი ქსელს ფულის გაკეთებაშიც ეხმარებიან, ადმინისტრაციამ უნდა ცნოს ასეთი ურთიერთობები.“

სოციალური ქსლის პრესმდივანმა ვლადისლავ ციპლუხინმა დაადასტურა, რომ საიტი არ აპირებს ერთსქესიანი ურთიერთობის აღმნიშვნელი სტატუსების შემოღებას. რადიო თავისუფლების მცდელობა, გასაუბრებოდა სოციალური ქსლის წარმომადგენელს, უპასუხოდ დარჩა.

არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები შეურაცხმყოფლად მიიჩნევენ სოციალური ქსლის წარმომადგენელთა დამოკიდებულებასა და სარკასტულ ტონს.

მართალია, რუსეთში ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაცია ჯერ კიდევ 1993 წელს მოხდა, მაგრამ გეებისა და ლესბოსელების მიმართ უარყოფითი განწყობა ქვეყანაში კვლავინდებურად აშკარაა.

აქტივისტებს არაერთხელ აეკრძალათ ე.წ. „გეი-პარადების“ ჩატარება, რუსეთის რამდენიმე ქალაქში კი ბოლო ხანს მიიღეს კანონი, რომელიც ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისთვის სისხლის სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს, ეს კი იმას მოასწავებს, რომ რუსეთში ისედაც მარგინალიზებულ ჰომოსექსუალთა საზოგადოებაზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება.

ზოგიერთმა აქტივისტმა „ვკონტაქტე“-ს სოციალური ქსლის ჰომოსექსუალ მომხმარებლებს მოუწოდა, თავიანთ გვერდზე მთავარ ფოტოდ განათავსონ ვარდისფერი სამკუთხედი, ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვის სიმბოლო, ან გახდნენ გეების მიმართ უფრო კეთილგანწყობილი სოციალური ქსლის - „ფეისბუკის“ მომხმარებელნი.

გარდა იმისა, რომ „ფეისბუკი“ იძლევა საშუალებას, დააფიქსირო შენი ორიენტაცია, ახლახან მას ერთსქესიანი ქორწინებების აღმნიშვნელი სტატუსებიც დაემატა.

„ფეისბუკის“ ასეთი ლიბერალური მიდგომა ამ საკითხისადმი შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ მისი ერთ-ერთი თანადამაარსებელი გეია. ის იყო ერთი პირველთაგანი მათ შორის, ვინც ერთსქესიანი ქორწინების აღმნიშვნელი სტატუსი გამოიყენა, მას შემდეგ რაც მეგობარ მამაკაცზე დაქორწინდა.

ჩვენმა ნაცნობმა ოლეგმა კი ჯერჯერობით დატოვა სოციალური ქსელი „ვკონტაქტე“ და „ფეისბუკის“ მომხმარებელი გახდა.
XS
SM
MD
LG