Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნობელის პრემიების კვირა


პარასკევს კულმინაციას მიაღწია ორშაბათს დაწყებულმა პროცესმა, რომელიც, როგორც ყოველთვის, დიდ ინტერესს იწვევს მთელ მსოფლიოში - ნობელის პრემიის ლაურეატების დასახელებამ. მას შემდეგ, რაც გაირკვა, ვინ დაიმსახურა მედიცინის, ფიზიკის, ქიმიისა და ლიტერატურის დარგებში წლევანდელი პრემიები, პარასკევს დასახელდა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატიც.

მშვიდობის დარგში ნობელის 2013 წლის პრემია მიენიჭა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას. ამდენად, არ გამართლდა ბევრის ვარაუდი, რომ ნობელის კომიტეტის წლევანდელი რჩეული იქნებოდა პაკისტანელი გოგონა მალალა იუსაფზაი - გოგონების განათლების უფლებისათვის მებრძოლი აქტივისტი.

ნორვეგიის ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება პარასკევს ოსლოში გამოაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ტორნბიორნ იაგლანდმა. მისი განმარტებით, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას ნობელის პრემია მიენიჭა ქიმიური იარაღის გასანადგურებლად მიმართული დიდი ძალისხმევისათვის. „კონვენციებმა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მუშაობამ საერთაშორისო სამართლით ტაბუდ აქცია ქიმიური იარაღის გამოყენება. ბოლო მოვლენებმა სირიაში, სადაც ისევ იქნა გამოყენებული ქიმიური იარაღი, ხაზი გაუსვა საჭიროებას, რომ გააქტიურდეს ძალისხმევა ასეთი იარაღის მოსასპობად“, აღნიშნა ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატის, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გამოცხადებისას.

ჰააგაში დაფუძნებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია 1997 წლიდან მოქმედებს, გაეროს მხარდაჭერით. ის მეთვალყურეობას უწევს მსოფლიოში ქიმიური იარაღის კონვენციის დაცვას, ავრცელებს ქიმიური იარაღის შესახებ ინფორმაციას და ანალიტიკურ მასალებს. გაეროს გუნდი, რომელმაც მოაგროვა 21 აგვისტოს დამასკთან ქიმიური იარაღით თავდასხმის მტკიცებულებები, შედგებოდა სწორედ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტებისაგან. ჩვენს პროგრამებში არაერთხელ გვიხსენებია შეერთებული შტატების და რუსეთის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს სირიის მთელი ქიმიური არსენალის განადგურებას 2014 წლის შუა პერიოდამდე.

ყველასთვის გასაგებია კომიტეტის გზავნილი ნობელის პრემიის მინიჭებით ორგანიზაციისათვის, რომლის მისიაც არის ქიმიური იარაღის მოსპობა, მისი კონტროლი და განადგურება. ეს გზავნილი უკავშირდება იმას, რაც, საუბედუროდ, მოხდა სირიაში და ამ ორგანიზაციის ამოცანაა, ახლა გაანადგუროს ქიმიური იარაღის მარაგი...
ფრანსუა ოლანდი
აი, როგორი იყო საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის რეაქცია ნორვეგიის ნობელის კომიტეტის წლევანდელ არჩევანზე: „ყველასთვის გასაგებია კომიტეტის გზავნილი ნობელის პრემიის მინიჭებით ორგანიზაციისათვის, რომლის მისიაც არის ქიმიური იარაღის მოსპობა, მისი კონტროლი და განადგურება. ეს გზავნილი უკავშირდება იმას, რაც, საუბედუროდ, მოხდა სირიაში და ამ ორგანიზაციის ამოცანაა, ახლა გაანადგუროს ქიმიური იარაღის მარაგი. ეს არის აგრეთვე გზავნილი ყველაფრისთვის, რაც ეხება იარაღის გავრცელების პრობლემას, არა მარტო ქიმიური, არამედ ბირთვული იარაღისაც“.

10 დეკემბერს ოსლოში გაიმართება ცერემონია, რომელზეც ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას გადასცემენ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას ფულად ჯილდოსთან - 1,25 მილიონ დოლართან ერთად.

ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატების დასახელება მედიცინის დარგის წარმომადგენლებით დაიწყო ორშაბათს, 7 ოქტომბერს, სტოკჰოლმში. ორ ამერიკელს - ჯეიმს როტმენს და რენდი შეკმენს - და გერმანელ ტომას ზიუდჰოფს პრემია მიენიჭათ აღმოჩენისათვის, თუ როგორ ხდება ქსოვილების სისტემის ტრანსპორტირება.

მომდევნო დღეს გაირკვა ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატების ვინაობა: აღიარება დაიმსახურეს ბრიტანელმა პიტერ ჰიგსმა და ბელგიელმა ფრანსუა ენგლერმა კვლევისათვის, რომლის ცენტრშიც დგას სუბატომური ნაწილაკი. მას „ჰიგსის ბოზონს“ ან „ღმერთის ნაწილაკს“ უწოდებენ.

9 ოქტომბერს მსოფლიომ შეიტყო ქიმიის დარგში ნობელის წლევანდელი ლაურეატების ვინაობა: შეერთებული შტატების სამ მოქალაქეს - მარტინ კარპლუსს, მაიკლ ლევიტსა და არიელ უორშელს - პრემია ერგო „რთული ქიმიური სისტემების მულტიმასშტაბური მოდელების“ შექმნისათვის.

ხუთშაბათს კი ლიტერატურის დარგში დაჯილდოებულიც დასახელდა: „ლიტერატურის დარგში 2013 წლის ნობელის პრემია ენიჭება კანადელ ავტორს, ელის მანროს - თანამედროვე მოთხრობის ოსტატს“. ეს განცხადება სტოკჰოლმში გააკეთა შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის მუდმივმა მდივანმა, პეტერ ენგლუნდმა.

როგორც ცნობილია, შვედეთში გასცემენ ნობელის ყველა პრემიას, მშვიდობის დარგში პრემიის გარდა - ეს მისია ნორვეგიის ნობელის კომიტეტს აკისრია. შვედი მეწარმის, ალფრედ ნობელის მიერ დაარსებული პრესტიჟული პრემიის მფლობელები პირველად 1901 წელს გამოვლინდნენ. ჯილდოები 10 დეკემბერს გადაეცემათ ლაურეატებს. 1896 წლის სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა ალფრედ ნობელი.

ნობელის პრემიის წლევანდელ ლაურეატებს აკლია მხოლოდ ერთი - ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელსაც 14 ოქტომბერს სტოკჰოლმში გამოაცხადებენ.
XS
SM
MD
LG