Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზოგს ობამა მოსწონს და ზოგს მისი მეტოქე


არჩევნები აშშ-ში
არჩევნები აშშ-ში
ქმარი რესპუბლიკელ კანდიდატს ემხრობა, ცოლი დემოკრატს; კაცს იარაღის შეძენის და შენახვის უფლება ადარდებს, არ მოსწონს ჰომოსექსუალთა ქორწინება. ცოლს ჯანმრთელობის დაცვის სფერო აინტერესებს და პირადი უფლების დაცვის მომხრეა. ამიტომაცაა, რომ ქმარი, ჯორჯი, 25 წლის წინ ამერიკაში გადასახლებული ბერძენი, იარაღის, ოჯახის ორსქესიანობისა და სხვა საკითხებში რესპუბლიკელთა თანამოაზრე, მიტ რომნის მიემხრობა:

„ჩემი აზრით, არაა აუცილებელი ჰომოსექსუალები ქორწინდებოდნენ. ქორწინება ქალსა და კაცს შორის უნდა ხდებოდეს. ამას გარდა, იმიტომაც ვარ რესპუბლიკელი, რომ ისინი მხარს უჭერენ პირადი იარაღის შენახვის უფლებას“.

სხვა კულტურული ფონი აქვს აბრინს, ცოლს, წარმოშობით ავღანელს, რომელიც დიპლომატმა მამამ საუდის არაბეთში გაზარდა. მისთვის უმნიშვნელოვანესია პირადი თავისუფლება:

„საუდის არაბეთში ქალებს უფლებები არა აქვთ. მამას სურდა უკეთესად მეცხოვრა და აქ ჩამომიყვანა. ჩემს, როგორც ქალის, დედის, ცოლის წარმოდგენას თავისუფლებასა და უფლებებზე, დემოკრატიული პარტიის მიდგომა ესადაგება“.
მოსახლეობის ერთ ნაწილს, ამა თუ იმ მიზეზით, არ სურს იმუშაოს. მათ აუცილებლად არ მიაჩნიათ მუშაობა. დახმარებას ისინი მთავრობისგან ელიან. ეს არის ის, რის წინააღმდეგიც ვარ ...

აბრინს არ ადარდებს ქალებისა და კაცების ერთმანეთზე ქორწინება. ის არც იარაღის საკითხითაა დაინტერესებული. ჯორჯისთვის კი, პირიქით, ჯანმრთელობის დაცვის თემა არ არის მნიშვნელოვანი. ამ სფეროში ახალი კანონი ბარაკ ობამამ შემოიღო, რესპუბლიკელ კანდიდატს კი მიაჩნია, რომ ეს გეგმა არარეალისტურია. აბრინი განგვიმარტავს:

„პრიორიტეტს ვანიჭებ ჩემს შვილებს და, ამდენად, ჯანმრთელობის დაცვა უმნიშვნელოვანესია. სხვა ყველაფერი მხოლოდ ლაპარაკია. მე მართლა, მართლა მადარდებს ჩემი შვილების მომავალი. არ მინდა ჩემი შვილები დაიხოცნენ, თუ საავადმყოფო დაზღვევა არ ექნებათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის“.

აბრინისა და ჯორჯის სამიდან ორ შვილს ქრონიკული დაავადება სჭირს და მუდმივ მკურნალობას საჭიროებს. აბრინი ფიქრობს, რომ შვილების მკურნალობის მაღალი ხარჯის დაფარვა ოჯახს მხოლოდ სოციალური ბუნების სამედიცინო დაზღვევის საშუალებით შეეძლება. მისი თქმით, მამის საქმეა ოჯახში შემოტანა, ხოლო დედამ უნდა იზრუნოს შვილებისთვის, მოუაროს მათ. ცოლ-ქმარს განსხვავებული აზრი აქვს საერთოდ სოციალურ შეღავათებსა და სოციალური დახმარების საჭოროებაზეც. ჯორჯი ამბობს, რომ დემოკრატები მათ, ვისაც შეუძლია მუშაობა, სახელმწიფო დახმარებას უნიშნავენ. ეს, მისი აზრით, არაა სწორი. ეს ყველაფერი მას მშობლიურ საბერძნეთს აგონებს, სადაც ვალებით გამოწვეული კრიზისი მძვინვარებს:

„მე იმ ქვეყნიდან ვარ, სადაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ცხოვრებას სოციალიზმი განსაზღვრავდა. ყოველთვის კარგია, დაეხმარო ღარიბებს და მათ, ვისაც ეს სჭირდება. ამის წინააღმდეგი არ ვარ. ეს საჭიროა. ყველა საზოგადოება უნდა ეხმარებოდეს მათ, ვისაც არ შეუძლია სამედიცინო დაზღვევის მიღება, საკვების ყიდვა, ბინის ქირის გადახდა. მაგრამ მოსახლეობის ერთ ნაწილს, ამა თუ იმ მიზეზით, არ სურს იმუშაოს. მათ აუცილებლად არ მიაჩნიათ მუშაობა. დახმარებას ისინი მთავრობისგან ელიან. ეს არის ის, რის წინააღმდეგიც ვარ“.
ხშირად არც ვლაპარაკობთ პოლიტიკაზე, რადგან ეს ჩხუბის მიზეზია ხოლმე. ჩემი ქმარი ძალიან ტრადიციულია, არ არის ჩემსავით გახსნილი ადამიანი. მაგრამ ეს არის ამერიკა ...

ამ პრობლემას განსხვავებულად უყურებს აბრინი, რომელიც შეშფოთებულია ფაქტით, რომ მთავრობა არასწორ ხალხს ეხმარება ხოლმე. მაგრამ მას ადარდებს ისიც, რომ რომნიმ, თუ ის პრეზიდენტი გახდა, შეიძლება გააუქმოს სოციალური დახმარება და ბევრი დაუცველი ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდეს. ბერძნულ-ავღანური წარმოშობის ამერიკული წყვილი სხვადასხვა პოზიციისაა გადასახადებების შემცირება-გაზრდის საკითხშიც. აბრინს ის ადარდებს, რომ გადასახადების გაზრდის გამო იჩაგრება საშუალო ფენა, რომელსაც მეტის გადახდა უწევს, ვიდრე მართლაც მდიდრებს. საკითხთა სპექტრი, რომელშიც ერთმანეთს არ ეთანხმებიან ცოლი და ქმარი, როგორც ხედავთ, ფართოა. საინტერესოა, ამ აზრთა სხვადასხვაობის გამო, ახერხებენ თუ არა ისინი საერთოდ პოლიტიკაზე ლაპარაკს:

„ხშირად არც ვლაპარაკობთ პოლიტიკაზე, რადგან ეს ჩხუბის მიზეზია ხოლმე. ჩემი ქმარი ძალიან ტრადიციულია, არ არის ჩემსავით გახსნილი ადამიანი. მაგრამ ეს არის ამერიკა, ეს თავისუფლების ქვეყანაა, ადამიანებს შეუძლიათ გააკეთონ, რაც სურთ. ვისთან იმეგობრონ და როგორ იცხოვრონ, მათი საქმეა. პოლიტიკის სფეროში მე და ჩემი ქმარი სხვადასხვა აზრისა ვართ“, - აცხადებს ამერიკაში გადასახლებული, ბერძენზე დაქორწინებული, საუდის არაბეთში გაზრდილი ავღანური წარმოშობის ქალი, რომელიც თავის ქმართან ერთად ფიქრობს, რომ აზრთა სხვადასხვაობა არაფერს ცვლის - მათ ერთმანეთი უყვართ, სიყვარულით დაქორწინდნენ, პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა კი სამზარეულოსავითაა: ზოგს ჩინური მოსწონს, ზოგს იტალიური და ზოგსაც მექსიკური. და არა მხოლოდ ამის გათვალისწინებით, ამერიკელი ამომრჩევლები 6 ნოემბერს, პრეზიდენტთან ერთად, წარმომადგენელთა პალატის დეპუტატებსაც ირჩევენ. ამასთან, ასკაციანი სენატის 33 ადგილსაც უყრიან კენჭს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG