Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ ომის ავტორიზაცია მოითხოვა


თეთრმა სახლმა კონგრესს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, რომელიც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ძალის გამოყენების ავტორიზებას ითხოვს.

ოთხშაბათს პრეზიდენტი ობამა საგანგებო განცხადებით გამოვიდა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მედია საშუალებებმა პირდაპირ ეთერში გადასცეს. მას თან ახლდნენ ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი.

თეთრი სახლიდან გაკეთებულ განცხადებაში ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისმა ადმინისტრაციამ კონგრესს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ძალის გამოყენების ავტორიზაციას სთხოვს. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, მისი სურვილია დააზუსტოს და გარკვევით თქვას, თუ რა არის გათვალისწინებული ამ რეზოლუციაში და რა არა.

„ეს რეზოლუცია ასახავს ჩვენს ძირითად მიზანს - „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებას. ის მხარს უჭერს იმ მრავალმხრივ სტრატეგიას, რომელსაც მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მივყვებით: „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერაყში და სირიაში საჰაერო იერიშების სისტემატურ და მდგრად კამპანიას, ადგილობრივი ძალების მხარდაჭერას და წვრთნას, რომელთა შორის სირიის ზომიერი ოპოზიციაც არის“ - განაცხადა ობამამ.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კოალიცია ამ ეტაპზე შეტევას ახორციელებს. დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ კი თავდაცვით პოზიციას იკავებს და საბოლოო ჯამში დამარცხდება. მან განმარტა, რომ კონგრესისადმი წარდგენილი რეზოლუცია ერაყში და სირიაში არმიის სახმელეთო ძალების გაგზავნას არ გულისხმობს.

„ეს არ არის ავღანეთის და ერაყის მაგვარი ახალი ომის ავტორიზაცია. 2 600 ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც ერაყში იმყოფება ძირითადად ბაზაზე მსახურობს. დიახ, ისინი ნებისმიერ საშიშ გარემოში სამსახურის მსგავსად, რისკების წინაშე იმყოფებიან, მაგრამ მათ საბრძოლო მისია არ აკისრიათ. ისინი ფოკუსირებას ერაყის და ქურთების ძალების წვრთნაზე ახდენენ“ - აცხადებს პრეზიდენტი ობამა.

შეერთებული შტატების ლიდერის საგანგებო განცხადებამდე სენატის უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა მიჩ მაკონელმა აღნიშნა, რომ კონგრესს ამაზე მნიშვნელოვანი, სამხედრო ძალის გამოყენების ავტორიზაციაზე უფრო სერიოზული გადაწყვეტილების მიღება აღარასდროს მოუწევს.

„სულმოუთქმელად ველოდები იმას, თუ როგორ ჩამოაყალიბებს პრეზიდენტი და რა სიტყვების გამოყენებას ჩათვლის საჭიროდ ამისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში განსახილველ საკითხებს შორის დომინანტური თემა იქნება“- განაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა.

პრეზიდენტ ობამას მიერ ავტორიზაციის მოთხოვნის გაგზავნას ერთი დღით ადრე წინ უძღოდა ამერიკის კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა ინფორმაცია 26 წლის კაილა მიულერის მკვლელობის შესახებ. ჰუმანიტარულ მისიაში მომსახურე გოგონა სირიაში მძევლად ჰყავდათ აყვანილი.

კონგრესის პირველი რეაქცია პრეზიდენტის მიერ ომის ავტორიზაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით ორივე პარტიის მხრიდან სკეპტიკური იყო. რესპუბლიკელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ პრეზიდენტმა უფრო ხანგრძლივი საომარი კამპანია არ მოითხოვა. ზოგიერთი დემოკრატი კი საერთაშორისო კოალიციის მიერ წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში ამერიკული არმიის ჩართვას მთლიანად ეწინააღმდეგება.

XS
SM
MD
LG