Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიადა და რამადანი: რამადანის თვეში მარხვის და ლოცვის დროს მოტივაცია იზრდება, მაგრამ კუნთები სუსტდება


ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. ოლიმპიური თამაშები მემკვიდრეა ანტიკურ საბერძნეთში - ქრისტეშობამდე ორი ათასი წლის წინ - უკვე ცნობილი სპორტული შეჯიბრებისა. რამადანი კი მაჰმადიანთა მთვარის კალენდრის მეცხრე, სამარხვო თვეა, თავშეკავების, სიმშვიდის თვე, როცა მორწმუნე მაჰმადიანი ინტენსიურად ლოცულობს. რა უნდა იღონონ მორწმუნე სპორტსმენებმა, როცა, როგორც წელს მოხდა, რამადანი და ოლიმპიადა ერთმანეთს ემთხვევა, როცა მზის ამოსვლიდან დაისამდე სმა-ჭამა არ შეუძლიათ, არადა, მაშინ არის რომ უწევთ ხტომა და სირბილი? წელს ლონდონში სამი ათასი მაჰმადიანი სპორტსმენი ჩადის. შეჯიბრებები 27 ივლისიდან 12 აგვისტომდეა, რამადანი კი, თვე, როცა მაჰმადიანები, თუკი მორწმუნეები არიან, მარხულობენ, ანუ მზის ამოსვლასა და მზის ჩასვლას შორის საჭმელს და სასმელს არ იღებენ, 30 ივლისიდან ცხრამეტ აგვისტომდე გაგრძელდება. სხვათა შორის, ყურანის შემდეგმა სიტყვებმა განსაზღვრა ეს წესი:

„ჭამეთ და სვით, ვიდრე ცხადად შეგეძლებათ გაარჩიოთ განთიადის შავი ძაფი თეთრი ძაფისაგან. შეინახეთ მარხვა ღამემდე და ნუ მიეკარებით მათ [ცოლებს], როცა თქვენ ნიადაგ ლოცულობთ მეჩეთებში - ეს არის ალაჰის საზღვრები და ნუ მიუახლოვდებით მათ.“

ზოგჯერ გუნდის ხელმძღვანელები თვლიან, რომ სპორტსმენმა არ უნდა იმარხულოს, მაგრამ მათ არა აქვთ უფლება ჩაერიონ სპორტსმენის რელიგიურ ცხოვრებაში ...
რონალდ მონი

ზაფხულის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს არ სურს, რომ ზოგიერთი სპორტსმენი, იმის გამო, რომ სწორედ პაექრობის დროს ვერ დალევს და ვერ შეჭამს, დაიჩაგროს. იქნებ იკითხოთ, აქამდე რატომ არ იყო ეს საკითხი მწვავეო. ის ყოველთვის არსებოდა, მაგრამ გვარდებოდა, ახლა, უბრალოდ, მეტად ალაპარაკდნენ ამაზე. თურმე, როგორც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კვების სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, სპორტის ბრიტანელი მკვლევარი რონალდ მონი ამბობს, პრობლემაზე ლაპარაკი დაიწყეს არა სპორტსმენებმა, არამედ მათ, ვისაც უშუალო კავშირი არ აქვთ ოლიმპიურ თამაშებთან. მისივე თანახმად, როცა ვადები გამოცხადდა, ეს კი დიდი ხნის წინ მოხდა, არც ერთ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შენიშვნა არ გამოუთქვამს. რამადანი ყოველთვის არსებობდა და იმ დროს არაერთი სპორტული შეჯიბრი ტარდებოდაო, ამბობს მონი:

„ყველაზე მეტი სადავო საკითხი წარმოიშვა პროფესიულ ფეხბურთში. ცხადია, ყოველ წელს იმართება დიდი საფეხბურთო ტურნირები, რომლებიც რამადანს ემთხვევა. ამ დროს სულ უფრო მეტი მუსლიმი სპორტსმენია ჩართული ინგლისისა თუ იტალიის უმაღლესი საფეხბურთო ლიგების თამაშებში. ყოველ წელს ჩნდება დილემა - უნდა დაიცვან მარხვა რამადანის დროს ამ ფეხბურთელებმა თუ არა. ზოგჯერ გუნდის ხელმძღვანელები თვლიან, რომ სპორტსმენმა არ უნდა იმარხულოს, მაგრამ მათ არა აქვთ უფლება ჩაერიონ სპორტსმენის რელიგიურ ცხოვრებაში. მათი აზრით, როცა სპორტსმენი გუნდში მოდის, ის კისრულობს ვალდებულებას, მთელი ენერგია თამაშს მოახმაროს. საინტერესო ისაა, რომ ჩვენთან საუბრისას ეს ფეხბურთელები ამბობენ, როცა ვმარხულობთ, უფრო წარმატებული ვართ, სულიერებასთან, ღმერთთან უფრო მჭიდრო კავშირს ვგრძნობთ და თავის გამოსაჩენადაც უფრო მეტად ვართ შემართულიო.“

მოკლედ, ეს სპორტსმენები მარხვით სპორტულ წარმატებასაც მეტს აღწევენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა თამაშების თუ ტურნირების დროს მარხვით. ყურანი თითქოს მკაცრია, მაგრამ მარხვის წესები მოქნილიაო,
განგვიმარტავს მუსლიმი ღვთისმეტყველი სიდიყუალაჰ ფედაი:

„ეს საკითხი გულისხმობს იმის გარკვევას, სად იმართება შეჯიბრი - სპორტსმენის სოფელსა ან ქალაქში თუ სადმე შორს. თუ ათლეტი საასპარეზოდ შორს მიდის, მაშინ ყურანი ამბობს: თუ ავად ხარ ან მოგზაურობ, მარხვა მოგვიანებით აღასრულეო.“

ოლიმპიური მედალი ყველა სპორტსმენის ოცნებაა. ეს არის მიზეზი, რატომაც არ ვაპირებთ ვიმარხულოთ. მაგრამ მოგვიანებით, დღეების იმავე რაოდენობის განმავლობაში, ვაპირებთ დავიცვათ მარხვა ...
ბაჰაუი
და არა მხოლოდ ეს, ფედაის თანახმად, წმინდა წერილი მაჰმადიანებს ნებას რთავს, თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება:

„თუ ადამიანი ავად არის, ან თუ მის ჯანმრთელობასა თუ საარსებო წყაროს მარხვამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ან მას სხვა მიზეზით სჭირდება ჭამა, მაჰმადიანმა უნდა გადაწყვიტოს რა ჯობს მისთვის. ამ შემთხვევაში მან თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან არ არსებობს მკაფიო რჩევები იმის თაობაზე, რა შემთხვევაში უნდა გადადოს მან მარხვა.“

ერთი სპორტსმენის მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. ნესარ აჰმად ბაჰაუი ავღანელი ტაეკვონდისტია. მისთვის წლევანდელი თამაშები ლონდონში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შედეგს სულ უფრო აუმჯობესებს და, 2010 წელს აზიის ხალხთა თამაშებზე მოპოვებული ვერცხლის მედლის შემდეგ, თავის გამოჩენა სურს. 27 წლის ბაჰაუი მარხვის გადადებას აპირებს:

„ოლიმპიური მედალი ყველა სპორტსმენის ოცნებაა. ეს არის მიზეზი, რატომაც არ ვაპირებთ ვიმარხულოთ. მაგრამ მოგვიანებით, დღეების იმავე რაოდენობის განმავლობაში, ვაპირებთ დავიცვათ მარხვა, რამდენსაც ახლა გავაცდენთ. ჩვენ ყოველდღიურად ვვარჯიშობთ და პაექრობის დროს შეუძლებელია იმარხულო, რადგან, სხვა თუ არაფერი, წყლის სმა მაინც არის აუცილებელი.“

ბაჰაუის მსგავსად, ამ ფორმას მიმართავენ მაჰმადიანი სპორტსმენები, მით უმეტეს, როგორც ითქვა, ისლამი ამის ნებას იძლევა. ბრიტანეთის ოლიმპიურ გუნდში პირველი მუსლიმი სპორტსმენია ნიჩბოსანი მო სბიჰი, რომელმაც ნოემბრამდე გადადო მარხვა. ღაზელმა ბაჰაა ალ-ფარამ თავისი მოძღვრისგან მიიღო უფლება სხვა დროს იმარხულოს და ასე შემდეგ. მაგრამ მაინც არიან ოლიმპიური თამაშების ისეთი მონაწილეები, რომლებიც არ აპირებენ შესცოდონ და ლონდონში, ოცდამეათე ოლიმპიურ თამაშებზე, მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე არ დალევენ და არ შეჭამენ, მაგრამ იასპარეზებენ. მათ ყველგან, სადაც კი ოლიმპიურ ჩარჩოებში კვების წერტილებია, შეეძლებათ მზის ამოსვლამდე და მზის ჩასვლის შემდგომ შეექცნენ საგანგებო კერძებს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG