Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის „ნამდვილი ძალა“ და უსტატუსო მოხალისეები უკრაინაში


სირია
სირია

ჩვენს რუბრიკას „ომი და მშვიდობა - საერთაშორისო მედიის რაკურსში“ უკრაინაში ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ უცხოელ მოხალისეთა შესახებ „ფორინ პოლისიში“ გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ - მით უფრო, რომ პუბლიკაციაში წამოჭრილია პრობლემა, რომელსაც რადიო თავისუფლების გადაცემა „დაბრკოლების ზოლიც“ მიეძღვნა და ძალიან მტკივნეულია იმ რამდენიმე ათეული ქართველი ჯარისკაცისათვის, რომლებიც უკრაინის დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან.

კერძოდ, ლაპარაკია მოხალისეებზე, რომლებსაც ამოეწურათ უკრაინაში ყოფნის სამთვიანი ვადა და, არაერთი დაპირების მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლებამ ვერ გადაჭრა მათთვის კანონიერი სტატუსის, მოქალაქეობის, მინიჭების საკითხი. ამ გაურკვევლობის გამო კი უსახლკაროდ და უმუშევრად დარჩენილ უცხოელ ლეგიონერებს ქვეყნიდან დეპორტაცია, ხოლო საკუთარ სამშობლოში, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაემუქროთ, როგორც უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს.

მარია ანტონოვას სტატიაში საკუთარ ხვედრზე ჰყვებიან ბელორუსი მოხალისე 19 წლის რუდოლფი და რუსი სერგეი. ისინი ერთი წლის წინ ჩავიდნენ უკრაინაში, მოხალისეებად ჩაირიცხნენ უკრაინის ეროვნული გვარდიის „დონბასისა“ და „შახტარსკის“ ბატალიონებში და პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს ებრძოდნენ აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში - ილოვაისკსა და ულიანოვსკში.

იმხანად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი მათ „გმირებს“ უწოდებდა და უკრაინის მოქალაქეობის დაჩქარებული წესით მიცემასაც ჰპირდებოდა. მაგრამ გავიდა ხანი და დაპირება დაპირებად დარჩა. საქმეს ჯერჯერობით ვერ უშველა ვერც უკრაინის საკანონმდებლო ორგანო ვერხოვნა რადას მიერ მიღებულმა ორმა საკანონმდებლო აქტმა. მათ შორის ბოლო, 6 ოქტომბრის, ცვლილება აკანონებს უცხო ქვეყნის წარმომადგენელთა სამსახურს უკრაინის არმიაში, თუმცა პარადოქსულია, რომ იქ არაფერია ნათქვამი იმ მოხალისეებზე, რომლებიც კანონის მიღებამდე იბრძოდნენ დონბასში და რომელთა ბინადრობის კანონიერი ვადა უკვე ამოიწურა. რუსი სერგეი ოპოზიციონერი აქტივისტია, რომელიც „შახტარსკის“ ბატალიონში იბრძოდა. ივლისის თვეში დნეპროპეტროვსკში დააკავეს და ქვეყნის დატოვება უბრძანეს. რუსი მოხალისე იძულებული გახდა ისევ უკან, კონფლიქტის ზონაში, დაბრუნებულიყო, სადაც ნაღმზე აფეთქდა და ქირურგებმა მძიმე ოპერაცია ჩაუტარეს ქვედა კიდურების გადასარჩენად.

უცხოელი მოხალისეები აღშფოთებულნი არიან იმით, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საკუთარი ბრძანებით 700-ზე მეტ უცხოელს სრულიად უმტკივნეულოდ მიანიჭა ქვეყნის მოქალაქეობა. მათ შორის არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ ფედორინი და მარია გაიდარი. „რა ნიშნით შეარჩიეს მარია გაიდარი?“ - კითხულობს 35 წლის რუსი გენადი, რომელიც დონბასში უკრაინის ეროვნული გვარდიის ოცეულის მეთაური იყო და ახლა უკრაინაში ყოველგვარი სტატუსის გარეშე, არალეგალურად იმყოფება. „თუ მოქალაქეობისათვის საჭიროა, რომ სახელმწიფო სექტორში ვმუშაობდე, როგორც მარია გაიდარი, მაშინ მზად ვარ ნებისმიერი სამუშაო შევასრულო, ვთქვათ, მძღოლად ვიმუშაო. ისე კი, პოლიციას ნებისმიერ დროს შეუძლია გამაჩეროს ქუჩაში და ჩემი დეპორტაცია მოახდინოს. ეს, უბრალოდ, უსამართლობაა იმ ბიჭების მიმართ, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ უკრაინის დამოუკიდებლობას“, - ამბობს უკრაინაში მოხალისედ მყოფი რუსი გენადი. ის ერთ-ერთია იმ ასეულობით უცხოელიდან, რომლებიც დღემდე ელოდებიან ოფიციალურ სტატუსს უკრაინის ხელისუფლებისაგან. სტატია კი ამ პრობლემაზე „ფორინ პოლისიშია“ გამოქვეყნებული.

თუმცა ბოლო ხანებში უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი აშკარად გადაფარა სირიამ, სადაც რუსეთის საავიაციო იერიშებს ურთიერთგამომრიცხავი შეფასება ეძლევა დასავლეთის მედიაში. ასე მაგალითად, 16 ოქტომბრის „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებულია ანალიტიკური სტატია, სათაურით „რუსეთი ძალების გაშლას აწარმოებს, დასავლეთი კი შენიშვნებს აკეთებს“.

პუბლიკაციაში შეფასებულია რუსეთის ორკვირიანი საჰაერო და სარაკეტო იერიშების ეფექტურობა სირიაში. სტატიის ავტორთა აზრით, ამერიკის სამხედრო წრეებში დიდი მოწონება დაიმსახურა რუსეთის ახალი შეიარაღების, ტაქტიკისა და სტრატეგიის დემონსტრირებამ, რომლითაც გამოჩნდა რუსეთის უნარი განახორციელოს ოპერაციები მის საზღვრებს გარეთ. „იერიშებში მონაწილეობს რუსეთის ავიაცია, მათ შორის, სუხოის ფირმის „სუ-34“ ბომბდამშენი (ნატოს სტანდარტებით, „ფულბეკი“), რომელიც მანამდე საბრძოლო ოპერაციებში არ ყოფილა გამოყენებული; ასევე კასპიის ზღვის ფლოტილიის „ტომაჰავკის“ კლასის რაკეტები, რომლებიც 900 კილომეტრის მანძილზე მოქმედებენ“, - აცხადებს ავსტრიის არმიის ყოფილი ოფიცერი, ევროსაბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გუსტავ გრესელი თავის ანგარიშში, რომელსაც „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იმოწმებს.

თუმცა არა მხოლოდ ყოფილი, არამედ მოქმედი სამხედროებიც გაუკვირვებია რუსეთის არმიის ბრძოლისუნარიანობის ასეთ მკვეთრ გაუმჯობესებას, იმ არმიისა, რომელსაც უამრავი ნაკლოვანება ჰქონდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მიუხედავად იმისა, რომ პატარა საქართველოსთან ამ ომში გაიმარჯვა. „რაც ჩემს გაკვირვებას იწვევს, არის რუსეთის უნარი ძალიან სწრაფად და ძალიან შორს გადაისროლოს დიდი ოდენობით ტექნიკა“, - უთქვამს ევროპაში ამერიკული ძალების სარდალს, გენერალ ბენ ჰოჯესს „ნიუ-იორკ ტაიმსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში. ანალიტიკური პუბლიკაციის დასკვნა კი ისაა, რომ რუსეთისათვის სირიაში მიმდინარე ოპერაცია ემსახურება მხოლოდ ნიადაგის მოსინჯვას შემდგომში ანალოგიური სამხედრო ინტერვენციის განმეორებისათვის იქ, სადაც მის მოკავშირეებს დახმარება დასჭირდებათ.

ანალოგიურ მისწრაფებას ხედავს მოსკოვის ქმედებაში ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული გამოცემა, „ფორინ ეფეარსი“, თუმცა მისი ავტორები, ალექსანდრ ქოლი და დანიელ ნიქსონი, გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით, გადაჭარბებულად მიიჩნევენ რუსეთის საავიაციო იერიშების მნიშვნელობას სირიაში და რუსეთის მოქმედებას ირონიულად „პუტინის პოტიომკინის ინტერვენციას“ უწოდებენ.

„პუტინი მძიმე საერთაშორისო ვითარების პირისპირ აღმოჩნდა. მოსკოვს არ გააჩნია სანდო პარტნიორებისა და მოკავშირეების ფართო საერთაშორისო ქსელი. და მიუხედავად ათწლიანი რეფორმებისა, რუსეთის უნარი გადაისროლოს სამხედრო ძალები თავის საზღვრებს გარეთ, კვლავ აწყდება დაბრკოლებას, უცხოეთში სამხედრო ბაზების უქონლობის სახით. რუსეთის ხელშეკრულებები მისი მთავარი სამხედრო ბაზების მასპინძელ სახელმწიფოებთან - სომხეთთან, ბელორუსიასთან, ყირგიზეთთან, ტაჯიკეთსა და ალყაშემორტყმულ ასადის რეჟიმთან - არ არის საკმარისი იმისათვის, რომ რუსეთმა თავისი სამხედრო ძალის დემონსტრირება მოახდინოს. მყარი სამხედრო ძალის გარეშე და მცირეოდენი მოკავშირეებით კი, რუსეთი ძნელად თუ შეიძლება შეფასდეს საერთაშორისო მნიშვნელობის სახელმწიფოდ“, - ნათქვამია ამერიკულ გამოცემა „ფორინ ეფეარსში“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG