Accessibility links

ონლაინ კაზინოებისთვის ახალი რეგულაციების ამოქმედება იგეგმება


ხელისუფლება ონლაინ კაზინოებისთვის ახალი რეგულაციების ამოქმედებას გეგმავს. შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოთამაშეთა სავალდებულო რეგისტრაცია იქნება.

2018 წლის 1 იანვრიდან ონლაინ კაზინოების მფლობელები ვალდებული იქნებიან, ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობაში მონაწილეობა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ რეგისტრირებულ მოთამაშეს მიაღებინონ. მოთამაშეთა პერსონალური საინტერნეტო ანგარიშები (დეპოზიტები) ძალაში იქნება 2017 წლის 31 დეკემბრიდან.

დარეგისტრირებულ მოთამაშეთა რეესტრს შემოსავლების სამსახური აწარმოებს. პირის ვინაობის დადგენა მოხდება რეგისტრაციის ელექტრონულად განხორციელებისას ან მისი პერსონალურად გამოცხადების შემთხვევაში, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.

საქართველოს 21 წლამდე ასაკის მოქალაქის ან დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილი მოქალაქის თამაშობაში დაშვება, შესაძლოა, დასჯადი გახდეს. შესაბამის ნორმას სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.
ონლაინ კაზინოში მოგებული თანხის გატანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოთამაშის პირად საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.
ხელისუფლებაში ამბობენ, რომ აიკრძალება სალაროდან თანხის გატანა, რაც გამოიწვევს არასრულწლოვან პირთა თამაშის შეზღუდვას, თანხის მოძრაობის კონტროლს, ობიექტში ელექტრონული თამაშობიდან მიღებული მოგების გასაცემი სალაროების გაუქმებას და, ასევე, ობიექტების გარეთ არსებული სალაროების ცნების გაუქმებასაც.

ეს შეზღუდვები იმ დამანგრეველი შედეგების პრევენციას ისახავს მიზნად, რომელიც არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვას მოსდევს. სათამაშო ბიზნესი, ზოგადად, საკმაოდ მძიმე შედეგების მომტანია საქართველოს არაერთი მოქალაქისთვის და საზოგადოების ნაწილი მის სრულ შეზღუდვას ან გარკვეულ ტერიტორიაზე თავმოყრას ითხოვს, თუმცა შემოსავლებისა და ტურისტული ხიბლის გამო, რომელიც ამ ბიზნესს უკავშირდება, სახელმწიფოს მასზე უარის თქმა უჭირს.

2016 წელს სათამაშო ბიზნესის შემოსავალმა 4 მილიარდ 302 მილიონ ლარს გადააჭარბა. მათ შორის ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის ერთობლივი შემოსავალი 849 მილიონი ლარი იყო. გასულ წელს სათამაშო ბიზნესის მიერ გაცემული გადასახადები 109,9 მილიონ ლარს გაუტოლდა (მათ შორისაა: სანებართვო მოსაკრებელი - 50 მილიონი ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 35 მილიონი ლარი, მოგების გადასახადი - 60 მილიონი ლარი, დღგ - 9 მილიონი ლარი, ქონების გადასახადი - 858 816 ლარი და სხვა სახის გადასახადები -4,7 მილიონი ლარი). სათამაშო ბიზნესში გასულ წელს 7 365 პირი იყო დასაქმებული. რაც შეეხება 2017 წლის მარტის მონაცემებს, დასაქმებულთა რაოდენობა 7 043 პირს შეადგენს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG