Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ორბელიანების სასახლის“ მესამე სიცოცხლე


თბილისში, ათონელის 25-ში მდებარე ორბელიანების სასახლე, კაპიტალური შეკეთებისა და რესტავრაციის შემდეგ, ახალ მობინადრეებს ელოდება. კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირების მიხედვით, ამ მისამართზე უნდა გადასულიყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ხოლო ავლაბრის სასახლეში უნდა გახსნილიყო ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, თუმცა არჩევნების დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს ადმინისტრაციის ავლაბრიდან გადატანას. სახელმწიფო ბიუჯეტს ათონელის ქუჩაზე მდებარე ისტორიული შენობის რესტავრაცია-რემონტი 26 მილიონი დაუჯდა. როგორ აპირებს მთავრობა ათონელის 25-ში მდებარე შენობის განკარგვას?

თბილისში, ათონელის 25-ში მდებარე შენობა თითქმის სამი წლის განმავლობაში ხარაჩოებში იყო ჩასმული. ისტორიული, ე.წ. ორბელიანების სასახლის რემონტი კი, ეზოს მოპირკეთებისა და კეთილმოწყობის სამუშაოებით, ჯამში, 25 მილიონამდე ლარი დაჯდა, თუმცა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ თქვა უარი ახალ შენობაზე და სამუშაოდ მთავრობის კანცელარიის მე-13 სართულიდან ავლაბრის სასახლეში გადავიდა:

„ორი ოთახის ფარგლებში ძალიან გვიჭირდა მუშაობა და, შესაბამისად, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“.

როდესაც ივანიშვილი ლაპარაკობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯების დაზოგვაზე, ამ ლოგიკით მას შეუძლია მთელი მთავრობა გადაიყვანოს თავის შუშის სასახლეში, იქ გაცილებთი იაფი დაუჯდება მათი შენახვა...
სერგო რატიანი

თუმცა ახალი შენობა იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე „ორი ოთახი“. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ათონელის 25-ში მდებარე შენობა, 6 ათასი კვადრატული მეტრით, გათვლილია ქვეყნის პირველი პირისა და მისი 250-კაციანი აპარატის საჭიროებაზე. ყოველივე ამის გათვალისწინებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაუმართლებლად მიიჩნევს პრეზიდენტის მიერ ავლაბრის სასახლის დაკავებას:

„აქვს კი მას ამ სასახლეში ცხოვრების უფლება? და აქვს კი მას უფლება 10 ათასი კვადრატული მეტრი თავისი ხასიათის შესაბამისად გამოიყენოს? ის ვალდებულია სახელმწიფო ქონება გამოიყენოს მაქსიმალურად ეფექტურად“.

რადიო თავისუფლება იმის გასარკვევად, აპირებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მისამართის შეცვლას, პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსს თიკო მჟავანაძეს დაუკავშირდა. გაირკვა, რომ გიორგი მარგველაშვილს პოზიცია არ შეუცვლია და, შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ავლაბარში დარჩება, რასაც მიესალმება საპარლამენტო ოპოზიცია. სერგო რატიანის თქმით, ყოველმხრივ გაუმართლებელი იქნება ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის გადატანა.

„როდესაც ივანიშვილი ლაპარაკობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯების დაზოგვაზე, ამ ლოგიკით მას შეუძლია მთელი მთავრობა გადაიყვანოს თავის შუშის სასახლეში, იქ გაცილებთი იაფი დაუჯდება მათი შენახვა, მით უმეტს, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირი მარტო ეგ არის. ასეთი ლოგიკა, ბუნებრივია, დამაზიანებელია ქვეყნისთვის, რადგანაც სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხოლო პრეზიდენტის ინსტიტუტი ამ ინსტიტუტებს შორის უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, ის უნდა დარჩეს იქ, სადაც არის, მით უმეტეს, რომ დღეს, როცა მიდის ინსტიტუტების ჩამოშლის მცდელობა, საზოგადოებამ ეს ბრძოლა უნდა მოიგოს“, უთხრა სერგო რატიანმა რადიო თავისუფლებას.

ცხადია, სასახლის ფუნქციას ვერ დავუბრუნებთ, მაგრამ დისკუსიებისა და ლიტერატურული საღამოებისათვის საჭირო სივრცის გაკეთება ნამდვილად შეიძლება, თუმცა, ცხადია, გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს...
თამარ ამაშუკელი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კი, აღდგენილი შენობა, რომელიც აუქციონზე ვერ გაიყიდა, რომელიმე სახელმწიფო უწყებას გადაეცემა. ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელის თქმით, კარგი იქნება, თუკი ისტორიული შენობა შეავსებს საჯარო კულტურული სივრცის დეფიციტს, რომელიც თვალშისაცემია:

„სადაც გაიმართება სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები, დისკუსიები... ანუ გვექნება უფრო მეტი საჯარო სივრცე, რომელსაც გამოიყენებს თბილისის მოსახლეობა და არ იქნება რაღაც სამთავრობო ჩაკეტილი სტრუქტურა... ასეთი იყო გრიგოლ ორბელიანის დროს აქ მდგარი შენობა. ცხადია, სასახლის ფუნქციას ვერ დავუბრუნებთ, მაგრამ დისკუსიებისა და ლიტერატურული საღამოებისათვის საჭირო სივრცის გაკეთება ნამდვილად შეიძლება, თუმცა, ცხადია, გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს“.

თამარ ამაშუკელის თქმით, ათონელის 25-ში მდებარე შენობა მე-20 საუკუნის დასაწყისშია აშენებული და გამოირჩევა ტიპიური თბილისური, ეკლექტიკური არქიტექტურით, ორბელიანების სასახლეს კი ეძახიან იმის გამო, რომ, საისტორიო წყაროების მიხედვით, ამ ადგილზე იდგა სასახლე, რომელიც თეიმურაზ მეორეს უჩუქებია თავისი სიძის, დიმიტრი ორბელიანისთვის. სასახლის ბოლო მობინადრე ყოფილა გრიგოლ ორბელიანი, რომლის ხელშიც იმართებოდა ხალხმრავალი ლიტერატურული საღამოები და სხვა სახის ღონისძიებები. მე-19 საუკუნის მიწურულს სასახლე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და დაინგრა, თუმცა მის ადგილზე აშენებულ შენობას, რომელიც სულ ახლახან გაარემონტეს და აღადგინეს, დღემდე შემორჩა ორბელიანების სახელი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG