Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთარ ჭილაძის ჩანაწერები, როგორც ელვის ფოტოსურათები


ხშირად ამბობენ, ნამდვილი მწერალი მარტო თავისთვის წერსო. მე მაინც ცოტა სხვანაირად მგონია: ის რაღაცას თავისთვის წერს და რაღაცას - სხვისთვის. უფრო ზუსტად, თავისთვის კი წერს, მაგრამ იცის, რომ ამას მხოლოდ იმიტომ არ აკეთებს, რომ საკუთარ თავში თუ სამყაროს კანონზომიერებებში გაერკვეს. თუმცა ყოველთვის არის ის, რაც მკითხველის თვალს არ გულისხმობს: ძალიან პირადული. რაც მწერალს მართლა თავისთვის სჭირდება. არადა, მიდის მწერალი ამქვეყნიდან და ასეთი ნაწერებიც ხშირად მზის გულზე გამოდის. ეს საკმაოდ რთული, ფაქიზი პროცესია. ვინც ამ მისიას საკუთარ თავზე იღებს, დიდი ალღო სჭირდება, რომ სწორად შეარჩიოს, რისი გატანა შეიძლება, ბოლოს და ბოლოს, გარეთ, და რასაც შეარჩევს, ისიც სწორად დაალაგოს, მიაწოდოს მკითხველს. ამ შემთხვევაში ყველაფერი იდეალურადაა, რადგან ოთარ ჭილაძის ჩანაწერების წიგნი „ცა მიწიდან იწყება“, წელს დაბეჭდილი გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ, თამაზ ჭილაძემ მოამზადა, ადამიანმა, რომლის თვალწინაც გაიარა ოთარ ჭილაძის მთელმა ცხოვრებამ, ადამიანმა, რომელიც ოთარ ჭილაძის ტექსტების პირველი მკითხველი და შემფასებელი იყო, თავადაც შესანიშნავმა მწერალმა... ამ წიგნს თამაზ ჭილაძის წინათქმაც ერთვის, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ეს ჩანაწერები „წარმოადგენს ძალზე მცირე ნაწილს იმ ზღვა მასალისა, რომელიც უამრავსა და უამრავ რვეულშია გაბნეული. ბევრი რამ ვერ ამოვიწერე, მწერლის თანდათანობით გაუარესებული კალიგრაფიის გამო, ბევრი რამ კი გარკვეული მიზეზით არ იბეჭდება, დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ ისურვებდა ზოგიერთი ჩანაწერის გამოქვეყნებას“.

ძალიან საინტერესო, ძალიან, მკითხველისთვის და საინტერესოს იქით დიდი საჩუქარია ქართველი ხალხისთვის, იმიტომ რომ დიდი მწერალია, ეს უკვე დარჩა, არსებობს და სანამ საქართველოს არსებობა უწერია, იქნება ეს სახელი და გვარი...
ირაკლი სამსონაძე

ამ წიგნზე საუბარი ვთხოვე მწერალ ირაკლი სამსონაძეს. ჩემთვის საინტერესო იყო, თუ რამდენად სხვანაირად გამოჩნდა მისთვის ოთარ ჭილაძე ამ ჩანაწერების წაკითხვის შემდეგ.

ირაკლი სამსონაძე: „მე ვერ ვიტყოდი, რომ სხვანაირად გამოჩნდა, მე ველოდი ასეთ ოთარს, იმიტომ რომ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩვენს ოჯახს, და პატარა ბიჭობიდან მოყოლებული, ამ დიდი ადამიანს, დიდ მწერალს ვიცნობდი, და დავუშვათ, როცა ჩემთვის რაღაცა რჩევები მოუცია, ერთ-ერთი პირველი რჩევა ის იყო, რომ შენ გეწერება თუ არ გეწერება, რაკი ამ საქმეს შეეჭიდე, ყოველდღიურად უნდა წერო. და ამის მაგალითი გახლავს ეს წარმოდგენილი წიგნიც: როგორ უნდა იყოს მწერალი ყოველდღიურ ფორმაში... რაც ამ წიგნში მოთავსდა, ეს არის ზღვაში წვეთი იმისა, რაზეც ოთარი მუშაობდა ყოველდღიურად. ანუ ის თავისი პირადი მაგალითით სწორედ ასე ცხოვრობდა. მე ნამდვილად არ დამინახავს, მაგრამ მკითხველისთვის ეს იქნება მოულოდნელი კუთხით დანახული. ვისაც არ ჰქონდა პირადი ურთიერთობა ბატონ ოთართან, მისთვის იქნება სხვა ოთარი, ანუ აქ პირადულიც ძალიან ბევრია, პირადი მისი ცხოვრების რაღაც მონაკვეთები ჩანს, კრთება, და ძალიან ბრძენი ადამიანის ფიქრები, რომელიც მოდის 1955 წლიდან, ე.ი. 22 წლის ბიჭი - იქიდან მოყოლებული და ვიდრე გარდაცვალებამდე თითქმის... - რამხელა მონაკვეთია. ძალიან საინტერესო, ძალიან, მკითხველისთვის და საინტერესოს იქით დიდი საჩუქარია ქართველი ხალხისთვის, იმიტომ რომ დიდი მწერალია, ეს უკვე დარჩა, არსებობს და სანამ საქართველოს არსებობა უწერია, იქნება ეს სახელი და გვარი“.

ყველაფერზეა ოთარ ჭილაძის ჩანაწერები: ლიტერატურაზეც, პოლიტიკაზეც, იმაზეც, თუ როგორ მიდის მისი შემოქმედებითი პროცესი: რას წერს ახლა, რითია კმაყოფილი და რითი უკმაყოფილო... რაღაც წიგნს კითხულობს და მერე იქიდან რაღაც ფრაზას იწერს, თავის შეფასებას ურთავს... ვიღაც კვდება, მისთვის ძვირფასი ადამიანი, და იხსენებს... მოგზაურობები, ცხოვრების სიხალასე, მერე, თანდათანობით ავადმყოფობა შემოდის ამ ნაწერებში... აფორიზმებივით ფრაზები. მაგალითად: „ბრძენს გული მარჯვნივა აქვს“, ან „სესხულობენ პატარა მწერლები, დიდები - იპარავენ!“ რაღაცაზე გულიანად იცინებ. ასე დამემართა, მაგალითად, მე, აი, ამ ჩანაწერზე: „დასავლეთ საქართველოში სტუმარს ოჯახის დიასახლისი ისე გამოეგებება, თითქოს მთელი სიცოცხლე მხოლოდ და მხოლოდ მას ელოდებოდა პენელოპესავით“.

მოვუსმინოთ კვლავ მწერალ ირაკლი სამსონაძეს:

ირაკლი სამსონაძე
ირაკლი სამსონაძე

„ოთარი ცოტა სხვანაირად ვიცით ჩვენ, ხომ, პროზაიკოსი ოთარ ჭილაძე. და აქ თითქოს უფრო სილაღეა და გამჭვირვალება მეტი. ნებისმიერი გვერდი რომ გადაშალო და წაიკითხო, სიბრძნეა და ბრძენი კაცის ხელწერა, ეგრევე ეტყობა, ეგრევე ამოიცნობ. იუმორიც არის, რაც ცოტა ნაკლებად იყო ოთართან. „ნებისმიერ სამ კაცში მესამე იყოო“ - უკვე ხასიათია. მე, მაგალითად, ვხედავ ამ ტიპს. ერთ წინადადებაში დახატა კაცი, პერსონაჟი. და ასეთი მარგალიტები მართლა მიმობნეულია... სწორედ ამ თვისების გამო, ამ გამჭვირვალების, სილაღის, სისხარტის გამო ერთი ამოსუნთქვით იკითხება ამხელა წიგნი... ჩანს, რანაირად უმძიმდება ფიქრი ქვეყანაზე - რაღაცა ისტორიაც არის ხომ, ქვეყნის, მასთან ერთად. ოთარისთვის სამშობლო იყო უპირველესი ფიქრის და ვნების საგანი, თუ შეიძლება ასე ითქვას, და ბიჭობიდან მოყოლებული, სამშობლოს ხატი სულ დომინირებს. ისტორიაც მიჰყვება, ქვეყნის ისტორია ამ ჩანაწერებს. კიდევ რითია, იცი, მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით: რომ წაიკითხავ, მიხვდები, როგორ ემზადებოდა, ყმაწვილკაცობიდან მოყოლებული როგორ ემზადებოდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანისთვის, ანუ თავის თავს როგორ წვრთნიდა, როგორ ამზადებდა იმ დიდი ამოცანებისთვის, რაც შეასრულა, აი, თავისი ლელო გაიტანაო, რომ იტყვიან. ეს წიგნი და თვითონ ოთარის შემოქმედებაც ის შემოქმედებაა, ჩემი ღრმა რწმენით, აი, სამაგიდო წიგნებს რომ იტყვიან, კითხულობ, რაღაცას ხედავ, დრო გადის, მერე ისევ უბრუნდები და მერე ისევ სხვა რაღაც ამოდის იქიდან. ეს წიგნიც, სხვათა შორის, ჩემთვის სამაგიდო წიგნად იქცა“.

ის, რაზეც ირაკლი სამსონაძე საუბრობს, გამჭვირვალებასა და სისხარტეს თავისებურად თამაზ ჭილაძეც აღნიშნავს წინათქმაში, იმ გაელვებულ აზრებზე საუბრობს, რომელსაც ოთარ ჭილაძე „ანბანის სასწაულთმოქმედი ძალის რწმენით უპირისპირდებოდა“ და გაქრობის შესაძლებლობას არ აძლევდა, და პოეტური სიზუსტით აღნიშნავს, რომ ყოველივე ეს მას ჭექა-ქუხილის დროს გადაღებულ ელვის ფოტოსურათებს ახსენებს.

ტოლსტოის დღიურების კითხვისას ოთარ ჭილაძე ასეთ ჩანაწერს აკეთებს: „სწორედ დღიურების კითხვისას იგრძნობა, თუ რა სწრაფად მიედინება ადამიანის სიცოცხლე და, რაც მთავარია, თითქოს ხელმეორედ კვდება ის, შენს დასანახად, შენს თვალწინ, შენს ხელებზე“. ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას ოთარ ჭილაძის ჩანაწერების წიგნზე „ცა მიწიდან იწყება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG