Accessibility links

ოთხი წლის ემილიას „იუთუბ“ ამბავი


“გამარჯობა, ბავშვებო” – 4 წლის ემილის ეს ვიდეომისალმება და „იუთუბზე“ გამოქვეყნებული კადრები, რომლებიც მის ყოველდღიურ ცხოვრებას, თამაშსა თუ ღიმილს ასახავს, ბევრისათვის ახლობელი და საყვარელი გახდა. “ემილი და სანტა კლაუსი”, “ემილი მიდის აგარაკზე” , “ვსწავლობთ ინგლისურს ემილისთან ერთად”, “ვსწავლობთ საათის ცნობას ემილისთან ერთად” და სხვა... მოკლედ, ოთხი წლის ემილის ოჯახმა “იუთუბის” ქართულენოვან არხზე 136 ასეთი გასართობ-შემეცნებითი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელთაც 1 წლის განმავლობაში, 43 მილიონზე მეტი ნახვა მოიპოვეს.

please wait

No media source currently available

0:00 0:04:37 0:00
Direct link

მშობლები ემილის „იუთუბის“ არხისთვის ვიდეოებს ორი წლის ასაკიდან უღებენ. საქართველოში გადმოსვლამდე ოჯახი რუსეთში ცხოვრობდა, ამიტომ მშობლებმა ჯერ რუსულენოვანი აუდიტორიისთვის შექმნეს არხი. როცა საქართველოში გადმოვიდნენ, ახალი არხი შექმნეს, „ემილი TV“, და იქ დაიწყეს ქართული ვიდეოების განთავსება.

ემილიას თურმე გადაღების პროცესი ძალიან მოსწონს: “მე ძალიან მიყვარს ვიდეოები და თან მამას ვეუბნები - მამიკო, მამიკო, როდის გადავიღებთ ვიდეოს... - ისე მიყვარს, რომ სულ ვეუბნები...”

ემილიას მამა კი, ლევან ალიმბარაშვილი, ამბობს: “ქართულ ინტერნეტსივრცეში არ იყო მსგავსი არაფერი. ემილია თვითონ უყურებს ვიდეოს ინგლისურად, რუსულად და ჩვენც გადავწყვიტეთ ქართულად გაგვეკეთებინა, რასაც ემილიამ თავი გაართვა და პოპულარობა მოიპოვა. მართლაც, ყველგან სცნობენ და ძალიან უყვართ არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში”.

ემილიას დედა კი, ტანია ალიმბარაშვილი, გვეუბნება, რომ ხალხს ემილიას ბუნებრივი ემოციები მოსწონს და ყველაზე მეტი მაყურებელი სწორედ ასეთ ვიდეოებს ჰყავს.

“ეს ყველაფერი მისგან მოდის. ჩვეულებრივი, ბუნებრივი თამაშია, დადგმული - არაფერი. ხანდახან ვცდილობთ რაიმე მივანიშნოთ, რომ უფრო შინაარსიანი და პროფესიული იყოს ვიდეო, მაგრამ მაშინ კარგი არ გამოდის. ხანდახან, როცა ვუღებთ და ხასიათზე არ არის, ან რაიმე ისე არ ხდება, ასეთ ვიდეოებს არ ვდებთ, ხოლო როდესაც ბუნებრივია და გულიდან მოდის გადაღება, იმას ვაქვეყნებთ”.

„იუთუბზე“ ათასობით მსგავსი უცხოენოვანი ვიდეოა. მათი მნახველების რაოდენობა და სპონსორობა ავტორების ფინანსურ შემოსავლს განსაზღვრავს. როგორც ლევანი ამბობს, საქართველოს შემთხვევაში ასე არ ხდება. აქ ბაზარი ძალიან პატარაა და, შესაბამისად, ხარჯი დიდია, შემოსავალი კი - მცირე.

გადაღების პროცესი კი ასეთია: ემილიას სახლის სარდაფში, გადასაღებად მოწყობილ სტუდიაში ჯერ სპეციალურ განათებას რთავენ, შემდეგ კამერა და მიკროფონი ირთვება და იწყება თამაში... ასე უწოდებს თავის ვიდეოებს ემილია. გადასაღებად ხშირად ქუჩაშიც გადიან. შემდეგ უკვე მონტაჟი იქმნება, მეორე დღეს კი ყველაფერი თავიდან იწყება.

ემილიას მამა ამბობს, რომ ძნელია თან იმუშაო და თან ვიდეო აკეთო, მით უმეტეს, რომ საქმე სულ უფრო მატულობს - მათ ათიდან ცამეტ წლამდე ბავშვებისთვის კიდევ ერთი არხი შექმნეს, სადაც ემილია უფროს მეგობრებთან ერთად თამაშობს. თავად ემილია კი ასე აღწერს ამ თამაშს:

“გავხსნით სათამაშოებს და ვთამაშობთ და კიდევ რაღაცებს ვაკეთებთ, ჩემ ელენესთან...”

ელენე, გოჩო და ლიზი ოჯახის მეგობრების შვილები არიან და ასე მოხვდნენ „იუთუბის“ საბავშვო არხზე. ემილიას გაცნობისა და მის ვიდეოში მოხვედრის მსურველი, როგორც ემილიას მამა ამბობს, ბევრია.

ლევანი: “ბევრი ბავშვი გვწერს, რომ ემილიასთან სურთ ვიდეოს გადაღება და ეს რა ეღირება. რა თქმა უნდა, გადაღება უფასოა. უბრალოდ, დროის არქონის გამო ვერ ვახერხებთ. შეიძლება მომავალში გვქონდეს პროექტი, რომ სხვებიც ჩავრთოთ, მაგრამ ახლა არ გამოგვდის. ხშირად დაბადების დღეზე პატიჟებენ ემილიას და წასვლასაც ვერ ვახერხებთ”.

ტანია: “ბავშვი ბაღში დადის. მესმის, პატიჟებენ ისინი, ვისაც უნდა, რომ შვილი გაახაროს და ბავშვიც ელოდება ემილის დაბადების დღეზე, მაგრამ ჩვენ საღამომდე ვმუშაობთ და ბავშვი ბაღშია, თავისუფალ დროს კი ოჯახში ვატარებთ, ვთამაშობთ და ვიდეოებს ვიღებთ, მამა კი მონტაჟითაა დაკავებული. ამიტომ, უბრალოდ, დრო არ გვაქვს”.

თავიდან ემილია ვიდეოების ბოლოს მოკითხვებს უგზავნიდა მათ, ვინც მოკითხვის თხოვნით მიმართავდა, თუმცა როდესაც მათი რაოდენობა ძალიან გაიზარდა, მოკითხვები შეწყდა, რადგან ემილიც ბავშვია, ჩვეულებრივი ბავშვი, რომელიც თამაშობს, საბავშვო ბაღში დადის, უყვარს საჩუქრები და ახალი სათამაშოები.

ხოლო ვისაც ემილია უყვარს, მშობლები „ემილი ტვ“-ის მაყურებლებთან გასართობ ცენტრში შეხვედრას გეგმავენ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG