Accessibility links

პარლამენტის რეზოლუცია: საქართველოს მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება


საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს ახალ რეზოლუციას, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს ასახავს. ტექსტში გამოკვეთილია საქართველოს მისწრაფება გაწევრიანდეს როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში. დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნის პარალელურად, რეზოლუციაში ხაზგასმულია რუსეთთან „რაციონალური პოლიტიკის“ გატარების საჭიროება, რაც კვლავაც იწვევს ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების უკმაყოფილებას.

„ამ ტიპის რეზოლუცია პარლამენტს ადრეც ჰქონდა მიღებული, მაგრამ განახლებული შემადგენლობის პირობებში „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ ნათლად ჩამოეყალიბებინა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“, - უთხრა 27 დეკემბერს რადიო თავისუფლებას ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ. იქვე მან ძირითადი პრიორიტეტებიც ჩამოთვალა:

„კიდევ ერთხელ არის ხაზგასმა იმისა, რომ ჩვენი ამოცანა იქნება სუვერენიტეტის განმტკიცება, ჩვენი ამოცანა იქნებ ზრუნვა იმაზე, რომ მოხდეს ქვეყნის დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იმ საზღვრებში, რა საზღვრებშიც საქართველო არსებობს, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი... მნიშვნელოვანი თემაა ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა - ეს წამოწეულია წინა პლანზე ამ რეზოლუციაში და ნათქვამია, რომ ჩვენ გვაქვს შორსმიმავალი გეგმები ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობის მხრივ და პირდაპირ წერია, რომ ჩვენი პოლიტიკური ამბიცია და ჩვენი სურვილია ევროკავშირში გაწევრიანება“.

ამასთან, რეზოლუცია ევროკავშირში გაწევრიანებას „უალტერნატივო პრიორიტეტად“ მოიხსენიებს და ტექსტში ნათქვამია, რომ „ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის საფუძველზე, საქართველო ისწრაფის ევროკავშირის წევრობისკენ“. საკითხის ამგვარად დასმას პრინციპულ აუცილებლობად მიიჩნევს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე. მისი დაკვირვებით, თუკი ნატოში გაწევრიანების სურვილი საქართველოს მრავალჯერ აქვს დეკლარირებული (და ეს ამ ახალი რეზოლუციის ტექსტშიც იკვეთება), ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის პირდაპირ ფორმულირებას თითქოსდა მუდმივად თავს არიდებდა თბილისი. არადა, როგორც ვანო ჩხიკვაძემ აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ქართულმა მხარემ მუდმივად უნდა ილაპარაკოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილზე, რათა ეს აზრი თანდათან ბრიუსელშიც დამკვიდრდეს:

„აქამდე, მათ შორის - აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ჩვენ ვხედავდით სიტყვათა წყობას, რომ „ასოცირების შეთანხმება არ არის ჩვენი საბოლოო მიზანი“, მაგრამ არ იყო გამოკვეთილად და ნათლად ჩამოყალიბებული, თუ რა იყო ჩვენი საბოლოო მიზანი... ახლა ეს შეიცვალა და ჩამოყალიბდა, რომ ჩვენი საბოლოო მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება... ეს აქცენტი ასახულია ასევე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ერთობლივ განცხადებაში, რომელშიც ნახსენებია ევროკავშირის შეთანხმების საკრალური 49-ე მუხლი“.

საქართველო, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, გააგრძელებს რაციონალურ პოლიტიკას რუსეთთან, რაც მიზნად ისახავს საგარეო პოლიტიკური საფრთხეების მინიმიზაციას, საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას...

პარლამენტის ახალი 12-პუნქტიანი რეზოლუციის პროექტის თანახმად, საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად კვლავაც ამერიკის შეერთებული შტატები სახელდება და ხაზი ესმება ამ ქვეყანასთან „ურთიერთობების გაღრმავების“ აუცილებლობას. ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველო აქტიურად ითანამშრომლებს დემოკრატიული ფასეულობების დამცველ საერთაშორისო სტრუქტურებთან და, ასევე, „საქართველო, როგორც თანამედროვე საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი და საერთაშორისო მშვიდობის მხარდამჭერი, სრულად გაიზიარებს მოვალეობებს იმ გამოწვევათა წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთა წინაშეც დგას ცივილიზებული მსოფლიო“.

მართალია, თამარ ხულორდავა რეზოლუციის დამტკიცების ეტაპზე ოპოზიციური სპექტრის მხრიდან წინააღმდეგობებს არ მოელის, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, რეზოლუციას მხარი შესაძლოა არ დაუჭიროს „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო უმცირესობამ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა ტელეეთერში, რეზოლუციების მიღებას აჯობებს, რომ „მთავრობამ უფრო ეფექტიანად იმუშაოს“ და, მათ შორის, დეოკუპაციის მიმართულებით, რათა საქართველო არ დარჩეს გამქრალი საერთაშორისო რადარებიდან. რუსეთის თემა, რასაც ოპოზიციის ძირითადი უკმაყოფილება უკავშირდება, რეზოლუციის მე-8 პუნქტშია მოქცეული, სადაც ნათქვამია:

საქართველო, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, გააგრძელებს რაციონალურ პოლიტიკას რუსეთთან, რაც მიზნად ისახავს საგარეო პოლიტიკური საფრთხეების მინიმიზაციას, საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“.

საპარლამენტო ოპოზიციისგან განსხვავებით, საგარეო პოლიტიკის შესახებ პარლამენტის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას მიესალმება პრეზიდენტის ადმინისტრაცია. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა 27 დეკემბერს უთხრა ჟურნალისტებს, შინაარსთან დაკავშირებული შეფასებები მოგვიანებით გაკეთდება, თუმცა მსგავსი რეზოლუციის მიღების მნიშვნელობაზე საქართველოს პრეზიდენტმაც ილაპარაკა, როდესაც ის ახლად არჩეულ პარლამენტს მიმართავდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG