Accessibility links

„პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტი მოსკოვში - „ჰიბრიდული ომის“ ნაწილი?


წითელი მოედანი

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში იმყოფებიან და რუსეთის ფედერაციის სათათბიროს დეპუტატებს ხვდებიან. დეპუტატების მოსკოვში ვიზიტს მმართველი გუნდი ემიჯნება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს არის პარტიული ვიზიტი. პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ დეპუტატების მოსკოვში ვიზიტი ვერანაირად ვერ იქნება შედეგზე ორიენტირებული და მათ ვიზიტს განიხილავენ არამხოლოდ როგორც ერთ კონკრეტულ ფაქტს, ისინი მცოცავი უკუპაციის პირობებში ამ ვიზიტს გაცილებით კომპლექსურ დატვირთვას ანიჭებენ და, მთლიანობაში, „ჰიბრიდულ ომს“ უწოდებენ.

„ჩვენი თაობის მისიაა არა იზოლაციის გამოცხადება, არამედ მოქმედება იმისათვის, რომ გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა“, - ასე აფასებს და ამართლებს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მოსკოვში ვიზიტის მიზანს ალიანსის ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი. მან ტელეკომპანია „TV პირველთან“ იმ მცდარი იდეოლოგიის თაობაზე ილაპარაკა, რომელმაც, მისი სიტყვებით, უკანასკნელ წლებში ამ მიმართულებით საქართველოს არანაირი სასიკეთო ძვრები არ მოუტანა:

ჩვენ გვაქვს ფორმატები, რომელშიც სწორედ რუსეთი არის მთავარი მხარე მოლაპარაკებებისა და დისკუსიებისა. ეს გახლავთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი, რომელიც არის მკვეთრად პოლიტიზებული ფორმატი და არა საქართველოს ხელისუფლების პოზიციების გამო...

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დაირღვეს ქვეყანაში სტერეოტიპი, რომ დიალოგი არ არის საჭირო. მას შემდეგ, რაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, პოლიტიკური დიალოგი რუსეთთან არ ყოფილა. არის სხვადასხვა ფორმატი, ჟენევის ფორმატი, რაც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ასევე აუცილებლად უნდა გაგრძელდეს კარასინი-აბაშიძის ფორმატი, რომელიც არ არის პოლიტიკური ფორმატი, მაგრამ კარგია. მიმდინარეობს საპროტესტო აქციები საოკუპაციო ზოლთან, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვიმოქმედოთ პოლიტიკური დიალოგის ფორმატში, რათა მოიხაზოს კონკრეტული ინტერესები, და ჩვენი დელეგაციაც სწორედ იმიტომ ჩადის რუსეთის სათათბიროში, რომ ჩვენ დავდოთ მაგიდაზე ჩვენი ინტერესები“.

„პატრიოტთა ალიანსის“ ინტერესები კი, ირმა ინაშვილის სიტყვებით, საქართველოს საზღვრების დაცვაა. საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები - ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე - მოსკოვში 10 ივლისს გაემგზავრნენ. ისინი რუსეთის ფედერაციის სათათბიროს დეპუტატებს ხვდებიან. ადა მარშანიამ ჯერ კიდევ მაისის ბოლოს განაცხადა პარლამენტში, რომ ალიანსის წევრები მზად იყვნენ მოსკოვში რუს დეპუტატებთან შესახვედრად. დეპუტატების მოსკოვში ვიზიტს ემიჯნება მმართველი გუნდი. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 11 ივლისს განაცხადა. მისი სიტყვებით, ეს არის პარტიული ვიზიტი და ამ ვიზიტს ვერანაირი კავშირი ვერ ექნება პარლამენტთან.

მაშინ როდესაც დღეს არსებობს რუსეთთან მოლაპარაკების ორი ფორმატი: ერთი - უსაფრთხოების საკითხების მომცველი, ჟენევის საერთაშორისო ფორმატი, და მეორე - კულტურულ-ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხების თაობაზე, ე.წ. აბაშიძე-კარასინის შეხვედრების სახელით ცნობილი ფორმატი, მოლაპარაკებების სხვა ალტერნატიულ ფორმატს, რომელსაც შეეძლებოდა რაიმე ტიპის შედეგის მოტანა, არ ცნობენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ყოველ შემთხვევაში, ასე აცხადებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ვიქტორ დოლიძე. მის აზრს იზიარებს ქეთევან ციხელაშვილიც, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი:

„ჩვენ გვაქვს ფორმატები, რომელშიც სწორედ რუსეთი არის მთავარი მხარე მოლაპარაკებებისა და დისკუსიებისა. ეს გახლავთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი, რომელიც არის მკვეთრად პოლიტიზებული ფორმატი და არა საქართველოს ხელისუფლების პოზიციების გამო. ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობთ, რომ ეს ფორმატი ეფექტური იყოს და დანიშნულებისამებრ მუშაობდეს“.

„ქართველი დეპუტატების მოსკოვში ვიზიტი ვერანაირად ვერ იქნება შედეგზე ორიენტირებული და ის საზოგადოებაში აჩენს კითხვებს“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას შორენა ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი, "თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს" წარმომადგენელი, და ეს, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც საოკუპაციო ძალების მხრიდან წარმოებული მცოცავი ოკუპაცია სულ უფრო და უფრო მძიმე ხასიათს იძენს. შორენა ლორთქიფანიძე განსაკუთრებულ აქცენტს სვამს საზოგადოების მიერ „პატრიოტთა ალიანსის“ აღქმაზე:

შორენა ლორთქიფანიძე
შორენა ლორთქიფანიძე

„იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელიც ამ დიალოგში იღებს მონაწილეობას, ქვეყანაში მცირე ნდობა მაინც უნდა არსებობდეს. ეს ნდობა არ არსებობს, ანუ კონტექსტი თავისთავად არახელშემწყობია. საზოგადოებრივი კონსენსუსი არ არსებობს. პირიქით, ის წინააღმდეგია. პოლიტიკურად რამდენად მომგებიანია და რას მიიღებს „პატრიოტთა ალიანსი“ ამ ვიზიტით და რატომ არ სვამს კითხვას, რომ იქნებ ახლა ამის დრო არ არის, ეს ცალკე საკითხია. მე იმედი მაქვს, რომ ისინი იმედგაცრუებულები დაბრუნდებიან საქართველოში და შეცვლიან თავის დამოკიდებულებებს“.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრების რუსეთში ვიზიტს არ განიხილავს როგორც მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფაქტს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე. ის საკითხს კომპლექსურად აფასებს და, დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, მას „ჰიბრიდულ ომს“ უწოდებს. ამ ომში კი ის „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტთან აერთიანებს რუსეთის მიერ წარმოებულ ე.წ. „მცოცავ ოკუპაციას“ და, გარდა ამისა, თბილისში დაგეგმილ აქციას უცხო ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ, სახელწოდებით „ქართველთა მარში“. მისი სიტყვებით, ყველა ეს აქტი საქართველოს მიერ აღქმული უნდა იყოს, როგორც რუსეთის ახალი შტურმი საქართველოს წინააღმდეგ:

„ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, რომ შესაბამისი შეფასება მისცეს ამ პროცესებს და მოახდინოს პრევენცია შემდგომი ნაბიჯებისა. ანალიზის შედეგად და რისკების შეფასების შედეგად, არც ისე რთულია რუსეთის შემდგომი ნაბიჯების გამოთვლა და შესაბამისი პრევენცია, ოღონდ ეს ნამდვილად სცილდება საქართველოს შესაძლებლობებს და, პირველ რიგში, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჩავაყენოთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების საქმის კურსში და მათთან ერთად შევიმუშაოთ რუსეთის შეკავების პოლიტიკა, რომელიც სანქციებით იქნება გამაგრებული“.

ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების აქტიური მუშაობის შედეგად დასავლეთი უნდა მიხვდეს, თუ რამდენად რეალური და მნიშვნელოვანია საფრთხე, რომელიც დღეს საქართველოს ემუქრება და რომ ამ საფრთხეების იგნორირებით ნაბიჯ-ნაბიჯ იზღუდება დასავლეთის გავლენის სფეროები მსოფლიოს ბევრ წერტილში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG