Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეკინის ქუჩის „ცალმხრივი“ მომავალი


პეკინის ქუჩა
პეკინის ქუჩა

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ პეკინის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა, სავარაუდოდ, ცალმხრივი იქნება. თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, კვლევის მიმდინარე შედეგები აჩვენებს, რომ პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის მომხრე არიან როგორც მძღოლები, ისე ცალკეული მოქალაქეები, შესაბამისად, როგორც მერი ამბობს, ცალმხრივი მოძრაობის შემოღებას წინ ვერაფერი დაუდგება.

პეკინის ქუჩაზე ორ თვეზე მეტია, რაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ავტომობილები მხოლოდ ცალი მიმართულებით გადაადგილდებიან. ქუჩის რეაბილიტაცია 10 სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს, თუმცა, როგორც თბილისის მერი დავით ნარმანია ამბობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქუჩის გახსნის შემდეგ ტრანსპორტის მოძრაობა ძველ, ორმხრივი მოძრაობის რეჟიმს დაუბრუნდება:

„მოქალაქეებისა და მძღოლების განწყობა არის ცალსახად დადებითი გაცალმხრივებასთან დაკავშირებით. ახლა ვსწავლობთ ნაკადებს, კვეთებს, თუ აქაც დადებითი პასუხი გვექნება, მაშინ წინ არაფერი არ გვიდგას, რომ მოძრაობა გახდეს ცალმხრივი“.

სატრანსპორტო ნაკადებს თვეებია აკვირდება მერიის ტრანსპორტის სამსახური, რომლის უფროსის, მამუკა მუმლაძის, თქმით, პეკინის ქუჩა საათში, დაახლოებით, 6 ათას ავტომობილს ატარებს და ამ მაჩვენებლით ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული ქუჩაა თბილისში. მუმლაძე იმასაც ამბობს, რომ სარემონტო სამუშაოების გამო შემოღებულმა დროებითმა ცალმხრივი მოძრაობის სქემამ - პეკინის ქუჩა, შარტავა, კოსტავა - კარგი შედეგი გამოიღო მოძრაობის განმუხტვის თვალსაზრისით. ორიოდე კვირის წინ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში მამუკა მუმლაძემ განაცხადა, რომ მერია განიხილავს ცალმხრივი მოძრაობის შენარჩუნების ვარიანტს:

„თვითონ გზა არის 27 მეტრი სიგანეში. აქედან პარკირება იკავებს 5 მეტრს, დანარჩენი არის სავალი ნაწილი. ამიტომ ცალმხრივი მოძრაობის შემთხვევაში შესაძლებელია ერთ მხარეს გაკეთდეს ავტობუსების სამოძრაო ზოლი. ეს გამოიწვევს პარკირების შეზღუდვას. თუ გადაწყდება, რომ მეორე, საპირისპირო მხარესაც გაკეთდეს ავტობუსებისთვის ზოლი, რაც კომფორტული იქნება მოსახლეობისთვის, მაშინ იმას უნდა შევეგუოთ, რომ პარკირება შეიზღუდება. ეს არის სამსჯელო“.

პეკინის ქუჩის მომავალი უნდა გადაწყვიტოს არა პოლიტიკურმა ნებამ, არამედ ტექნიკურმა გაანგარიშებებმა, - ასე ფიქრობს ორგანიზაცია „ჰაბჯორჯიას“ წარმომადგენელი ვასილ ურუშაძე, რომლის თქმითაც, საგზაო მოძრაობის ინტენსივობის გარდა, ასევე ანგარიშგასაწევია ქვეითად მოსიარულეთა ინტერესები.

თუ შორს იქნება მეორე, საპირისპირო მიმართულების გზა, მაშინ მცირე დისკომფორტი იქნება, მაგრამ, მთლიანობაში, შესაძლოა, უკეთესიც იყოს. ცოტას ფეხით გავივლით, გადავკვეთთ მეზობელ ქუჩას და გადავალთ საპირისპირო მიმართულებაზე. ასე რომ, არ იქნება პრობლემა...
ალეკო შარაძე

„განსაკუთრებული აქცენტი უნდა გავაკეთოთ ქვეითად მოსიარულეებზე. ცენტრალური ქუჩები ძირითადად გადატვირთულია ქვეითებით და კომერციული ობიექტებით, ამიტომ ასეთ ადგილებში გზების გაცალმხრივება მიზანშეწონილი, ზოგადად, არ არის. ყოველივე ეს უნდა იყოს ადაპტირებული საზტრანსპორტზე, ადაპტირებული ქვეითთა ინფრასტრუქტურაზე, ველობილიკებზე და ასე შემდეგ. როცა გზა ხდება ცალმხრივი, ყველაზე მეტი დისკომფორტი ექმნებათ ქვეითად მოსიარულეებს“, უთხრა ვასილ ურუშაძემ რადიო თავისუფლებას.

პეკინზე ცალმხრივი მოძრაობის შემოღების პერსპექტივა არ აშინებს ქვეითად მოსიარულეების ნაწილს. თბილისელი ალეკო შარაძე ფიქრობს, რომ ახალმა სატრანსპორტო სქემამ, შესაძლოა, მცირე დისკომფორტი გამოიწვიოს, მაგრამ, მთლიანობაში, უკეთესი იყოს მოძრაობის განმუხტვისთვის:

„თუ შორს იქნება მეორე, საპირისპირო მიმართულების გზა, მაშინ მცირე დისკომფორტი იქნება, მაგრამ, მთლიანობაში, შესაძლოა, უკეთესიც იყოს. ცოტას ფეხით გავივლით, გადავკვეთთ მეზობელ ქუჩას და გადავალთ საპირისპირო მიმართულებაზე. ასე რომ, არ იქნება პრობლემა“.

თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ მას შემდეგ, რაც დასრულდება ავტომობილების ნაკადთან დაკავშირებული ვითარების შესწავლა. პეკინის განახლებული ქუჩა 10 სექტემბერს უნდა გაიხსნას, შესაბამისად, მერიას გადაწყვეტილების მისაღებად სამიოდე კვირა რჩება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG