თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, იმდენად მრავალფეროვანი და საინტერესოა, რომ წელს, მგონი, პირველად გამიჭირდება აუცილებლად სანახავი 10 ფილმის გამოყოფა.
მითუმეტეს, რომ პროგრამა აერთიანებს არა მარტო დიდ ფესტივალებზე ნაჩვენებ სურათებს, არამედ სრულიად ახალ ფილმებს, რომელთა მსოფლიო პრემიერები ჯერ არ გამართულა. ჩემი „თაიგული“, ტრადიციულად, მოიცავს 10 ფილმს, რომლებიც, ტრადიციულად, ბოლოდან პირველისკენ დავალაგე.
10. „აქ შენი ადგილი არ არის“ (რუმინეთი, რეჟისორი ფლორინ შერბანი)
ამ ათეულში ეს ერთადერთი ფილმია, რომელიც არ მინახავს, მაგრამ აუცილებლად ვნახავ თუნდაც იმიტომ, რომ ტრიუმფალურად მოიგო წლევანდელი ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი და იმიტომაც, რომ თავად რუმინელი კრიტიკოსები წერენ, ფლორიან შერბანი რუმინული „ახალი ტალღის“ ლიდერი გახდაო.
ამბავიც საინტერესოა - მამა იგებს, რომ მის ვაჟს ადამიანის მკვლელობაში ედება ბრალი.
9. „უცნობი დიდი თაღიდან“ (საფრანგეთი, რეჟისორი სტეფან დემუსტიე)
აუცილებლად სწორედ დიდ ეკრანზე სანახავი ფილმი, რადგანაც სტეფან დემუსტიეს ამ ნამუშევრის მთავარი გმირი... არქიტექტურაა.
ფილმი აღადგენს პარიზის დეფანსის დიდი თაღის ისტორიას და გვახსენებს ცოტა არ იყოს მივიწყებულ გენიოსს, დანიელ არქიტექტორს, იოჰან ოტო ფონ შპრეკელსენს. დემუსტიე, ერთი მხრივ, დოკუმენტური სიზუსტით აღადგენს კონკრეტულ ისტორიულ მოვლენას, მეორე მხრივ კი, ეჭიდება უნივერსალურ თემას - იდეალისტი ხელოვანის დუელს პოლიტიკურ ძალაუფლებასთან.
არქიტექტორისთვის „დიდი თაღი“ სუფთა ხელოვნება და იდეალური ფორმაა, სახელმწიფო აპარატისთვის კი პოლიტიკური ვაჭრობის და არჩევნების მოგების ინსტრუმენტი.
8. „ზღვაზე“ (დიდი ბრიტანეთი, რეჟისორი ჰელენ უოლში)
2026 წლის კინო, მგონი, რეკორდული აღმოჩნდა რომანტიკული გეი-ისტორიების სიმრავლით. მაგრამ „ზღვაზე“ აშკარად გამორჩეული ფილმია - აქ ვერ შეხვდებით სტერეოტიპებს, რომლებიც უკვე კარგა ხანია დაგროვდა ე.წ. ქვიარ-კინოში.
სიახლეა თავად ეს მზერა ფემინისტი ქალისა (ჰელენ უოლში ძალიან კარგი მწერალია, ავტორი წიგნისა „სიმდაბლე“, რომელიც შეგიძლიათ დაძებნოთ ინტერნეტში) ერთი სქესის მამაკაცების სიყვარულსა და შუახნის ასაკში საკუთარი იდენტობის აღმოჩენაზე. შეიძლება ითქვას, „ზღვაზე“ არის „კუზიანი მთა“, ოღონდაც ჰეტეროსექსუალი ქალის ინტერპრეტაციით და ძალიან კარგი მსახიობებით, ბარი უორდით და ლორნ მაკფადიენით.
7. “ნაზი ურჩხული“( ავსტრია, რეჟისორი მარი კროიცერი)
მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ფსიქოლოგიური ტრილერია, აქცენტი აქ გაკეთებულია არა დანაშაულზე და გამოძიების პროცესზე, არამედ იმ ქალის შინაგან კრიზისზე, რომელიც მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ სულ არ იცნობდა ადამიანს, რომელთანაც წლები გაატარა.
წარმატებული პიანისტი ლუსი, რომლის როლსაც შესანიშნავად ასრულებს ფრანგული კინოს ვარსკვლავი ლეა სეიდუ, იზოლაციის, სირცხვილის, ეჭვისა და საკუთარი შვილის დაცვის პირისპირ რჩება.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ფილმი, გარკვეული თვალსაზრისით, მარი კროიცერის ბიოგრაფიის სკანდალურ ეპიზოდს აღადგენს; კროიცერის წინა ფილმში, „კორსაჟში“, მთავარი როლის შემსრულებელი ფლორიან ტაიხტმაისტერი პედოფილურ ქსელში ჩართულობის გამო გაასამართლეს - ზუსტად ასეთივე ბრალდებას წაუყენებენ ლეა სეიდუს გმირის მეუღლეს „ნაზ ურჩხულში“.
6. „ნაგის ჩანაწერები“ (იაპონია, რეჟისორი ოჯი ფუკადა)
ამ ფილმის პრემიერამ, ცოტა არ იყოს, შეუმჩნევლად ჩაიარა კანის წლევანდელ ფესტივალზე, სადაც „ნაგი“ საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი. არადა უაღრესად თბილი, ემპათიური, ნიუანსებზე აგებული კინოა, რომელშიც ორი ქალის ინტიმური დრამა თანამედროვე სამყაროს გლობალურ შფოთვებს უკავშირდება.
საინტერესოა, რომ ეს სოფელი, ნაგი, სადაც ფილმის მოქმედება ხდება, სრულიად უსახურია, ამიტომ „იაპონური ეგზოტიკის“ მოყვარულებს მოლოდინი არ გაუმართლდებათ, ლამაზ პეიზაჟებს ვერ ნახავენ. უფრო მეტიც, სოფელთან ახლოს სამხედრო ბაზა მდებარეობს, სადაც საბრძოლო წვრთნები მიმდინარეობს... და სწორედ „უსახობის“ ფონზე თამაშდება ადამიანთა სოლიდარობის ულამაზესი ამბავი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მოეწონება თბილისელ მაყურებელს.
5. „პერვერტის გზავნილი უტოპიებისკენ“ (გერმანია, საფრანგეთი, რეჟისორი სოფი ფაინსი)
ამ ფილმის გამოტოვება არ შეიძლება კინოს მოყვარულებისთვის, რადგანაც მისი ერთადერთი პერსონაჟი, სლოვენიელი ფილოსოფოსი სლავოი ჟიჟეკი აქ კინოზე საუბრობს. ფილოსოფოსებზე, სოციოლოგებზე, პოლიტიკოსებზე რომ აღარაფერი ვთქვათ - ვენეციის კინოფესტივალზე, სადაც „პერვერტის“ პრემიერა გაიმართა, მეგობრებს ვუთხარი - ადამიანი, რომელსაც სოციალურ მეცნიერებებთან აქვს შეხება, უბრალოდ ვალდებულია, ნახოს სოფი ფაინსის ეს შესანიშნავი დოკუმენტური ფილმი-მეთქი.
ისევე როგორც „პერვერტის“ წინა ორ ფილმში, ჟიჟეკი საუბრობს რეალობის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებაზე და ციტირებს კარგ და კინოს ისტორიისთვის, შესაძლებელია, სრულიად უმნიშვნელო ფილმებს. გვიამბობს თანამედროვე „კიბერალიზმზე“ (მოთხოვნა ციფრული სივრცე განთავისუფლდეს კონტროლისგან), რომელიც, მისი აზრით, კვებავს კაპიტალიზმს და აძლიერებს უთანასწორობას.
ოღონდ „პერვერტის“ ეს ბოლო სერია ჟიჟეკის ლექცია არ გეგონოთ - თქვენ გელით მოგზაურობა კინოს სამყაროში. სლავოი ჟიჟეკი, უბრალოდ, თქვენი მეგზური იქნება.
4. „ლა გრადივა“ (საფრანგეთი, რეჟისორი მარინ ატლანი)
წლევანდელი კინოსეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგული ფილმი მარინ ატლანის, როგორც რეჟისორის, დებიუტია. თუმცა მას აქვს ოპერატორად მუშაობის გამოცდილება, რაც, არსებითად, ეტყობა „ლა გრადივას“.
ეს ამბავი ფრანგი უფროსკლასელების ჯგუფის მოგზაურობისა ნეაპოლში მოგხიბლავთ, პირველ რიგში, გამოსახულებით - ნეაპოლის მზიანი ქუჩებით და სამხრეთული სინათლით. სწორედ ამ მშვენიერი, „მარადიული“ პეიზაჟის ფონზე ფილმი ოსტატურად გვიჩვენებს, თუ როგორ იკვეთება მოზარდების ჯგუფში კლასობრივი, სოციალური და რასობრივი განსხვავებები.
რეჟისორი ღიად სვამს კითხვას - რამდენად განსაზღვრავს იმ ახალგაზრდის მომავალს, რომელმაც სკოლა უნდა დაამთავროს, მისი ოჯახური და სოციალური წარმომავლობა. ყველაფერთან ერთად, „ლა გრადივა“ შესანიშნავად არის აწყობილი - თავიდან ჰგავს ჩვეულებრივ „სასკოლო კომედიას“, მაგრამ თანდათან ღრმავდება და გადაიზრდება დრამაში, რომელიც, თავის მხრივ, ჩვენი დროის გადაუწყვეტელ პრობლემებს აერთიანებს.
3. „თავისი დროის კაცი“ („ჩვენი სალამი“, საფრანგეთი, ბელგია, რეჟისორი ემანუელ მარე)
ფილმის ავტორი საკუთარი დიდი პაპის ბიოგრაფიითაა შთაგონებული და გვიამბობს, როგორ გადაიქცევა ფინანსურად გაკოტრებული ადამიანი ტოტალიტარული რეჟიმის ბიუროკრატად.
ამ ფილმს თუ ნახავთ, წარმომიდგენია როგორ გაგეღიმებათ, როდესაც ფრანგული კოლაბორაციონიზმის ერთ-ერთ ეპიზოდში ჩვენს დღევანდელობას აღმოაჩენთ. ჩვენი დროის საჯარო მოხელეებს, რომელთაც სისტემა ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს...
ამ ასოციაციას ქმნის არა მარტო ამბავი, არამედ დისტანცია, რომელსაც ავტორი იცავს და 40-იან წლებში მომხდარი ამბის გადმოცემის ფორმაც - ფილმში გამოყენებულია თანამედროვე პოპ-მუსიკა და მენეჯერული ჟარგონი, რაც ისტორიულ მოვლენებს დღევანდელობასთან ფორმალურადაც აკავშირებს.
ოპორტუნიზმისა და კონფორმიზმის ეს ისტორია ლუი მალის „ლაკომბ ლუსიენსაც“ გაგახსენებთ. თუმცა მთავარი როლის შემსრულებლის, სვან არლოს, თამაში განსხვავებულია - იქმნება შთაბეჭდილება, რომ არნო დასცინის პერსონაჟს, რომელსაც განასახიერებს.
2. „მინოტავრი“ (საფრანგეთი, გერმანია, რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი)
ანდრეი ზვიაგინცევის ამ ფილმზე წერას მაშინ აქვს აზრი, როდესაც მას კინოს მოყვარულები ნახავენ. პირველ რიგში, გთხოვთ, შეეცადოთ გათავისუფლდეთ წინასწარი განწყობებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ფილმი „100 -პროცენტიანად“ ზვიაგინცევის კინოა. თუ „ლევიათანი“ და „უსიყვარულოდ“ არ გიყვართ, „მინოტავრის“ დაფასებაც გაგიჭირდებათ.
ასევე გთხოვთ, წინასწარ ნახოთ კლოდ შაბროლის „მოღალატე ცოლი“, რომლის რიმეიკია სწორედ „მინოტავრი“. ზვიაგინცევს ვერ შევადარებ შაბროლს და მისი ფილმის აბსოლუტურად ვირტუოზულ ფორმას. მაგრამ „მინოტავრი“ ნამდვილად უფრო ღრმა, უფრო ტკივილნარევი კინოა, რომელშიც ღალატის ისტორია უკავშირდება დღევანდელი რუსეთის სულიერებისგან დაცლილ, გამოფიტულ ყოფას, „უსიყვარულობას“ და ძალადობას.
„მინოტავრი“ არის ფილმი დიდ, შეუქცევად უბედურებაზე. ქვეყნის კატასტროფაზე, რომელმაც გათელა ყველაფერი ადამიანური, მორალური, სამართლიანი და ღვთაებრივი. ერთადერთი ეჭვი, უფრო სწორად კითხვა, რომელიც შეიძლება ადამიანს დაებადოს ფილმის ნახვის შემდეგ: „და განა როდის იყო რუსეთი სხვანაირი?“
1. „მამული“ (გერმანია, პოლონეთი, რეჟისორი პაველ პავლიკოვსკი)
ბედნიერებაა ამ 85-წუთიანი(!) ფილმის ნახვა, რადგან „მამული“ ესაა შეხვედრა ძალიან დიდ კულტურასთან - თომას მანთან, გოეთეს სამშობლოსთან და რაც მთავარია, უკიდურესობამდე დახვეწილ, რაფინირებულ კინოსთან.
პაველ პავლიკოვსკის შეგვიძლია ვუთხრათ, რომ სწორედ „მამული“ არის მისი საუკეთესო ფილმი, რადგანაც სწორედ აქ გათავისუფლდა ზედმეტი „პედალიზმისგან“ (რაც იგრძნობოდა მის წინა ფილმებში) და მიაღწია აბსოლუტურად სუფთა ფორმას. ესაა ფილმი, რომელშიც არაფერია ზედმეტი და რომელიც ისეა აგებული, რომ ერთი კადრის ამოღებაც კი დაანგრევს მთელ სტრუქტურას... ერთი სიტყვის, ერთი ბგერის ამოღებაც კი.
სხვა მხრივ, იცოდეთ, ამ ფილმის სეანსზე ცრემლი გარანტირებულია! აბა, დღეს ვის არ აღელვებს ამბავი დაკარგულ სამშობლოზე? არ ვიცი სხვებს როგორ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის კინოფესტივალის მაყურებელს დღეს ყველაზე მეტად სწორედ ეს აღელვებს.
ფორუმი