Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ცისფერების მაფია" და ფილმი, რომელმაც ყველას მოუგო


"საქორწინო ბანკეტი" ("ქორწილი", 1993, "The Wedding Banquet", ტაივანი, რეჟისორი ანგ ლი)

დაკვირვებული ვარ, 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, აქტივისტები უფრო მეტად "ლგბტ თემაზე" გადაღებულ ამერიკულ ფილმებს იხსენებენ ხოლმე, პირველ რიგში, ახლა უკვე კლასიკას, "ფილადელფიას" და "კუზიან მთას". თუმცა რატომღაც გვავიწყდება, რომ სექსუალური უმცირესობების შესახებ ღიად საუბარი ჰოლივუდში ლამის მხოლოდ მეოცე საუკუნის ბოლოს დაიწყეს. ამ მხრივ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბერლინის (ყოფილი დასავლეთ ბერლინის) კინოფესტივალმა, რომელსაც ლგბტ თემში ხშირად "განმათავისუფლებელს" უწოდებდნენ. სწორედ ბერლინის ფესტივალის ფარგლებში მოეწყო "ტედი" - სექსუალურ უმცირესობათა საერთაშორისო კინოფორუმი, რომლის პროგრამებში ჩართეს ამერიკელ დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტთა ფილმები, ჰოლივუდში ტაბუდადებულ სამყაროს რომ ასახავდნენ. სხვათა შორის, "ფილადელფიაც" პირველად ბერლინის კინოფესტივალზე უჩვენეს. ფესტივალის მაშინდელი დირექტორი მორიტც დე ჰადელნი ხშირად ამბობდა, რომ არ სწყინს, როცა "ბერლინალეს" უმცირესობების კინოფორუმს უწოდებენ. "ეს ჩვენი სახეა, - აღნიშნა მან 2000 წელს, ფესტივალის ახალი კომპლექსის გახსნისას, - ამით განვსხვავდებით სხვა ფესტივალებისგან". მაგრამ რატომ მხოლოდ "ფილადელფია" და ე.წ. გეიჰოლივუდი, როცა ბერლინის კინოფესტივალის "დათვით" ჯერ აღმოსავლეთგერმანელი რეჟისორის, ჰაინერ კაროვის "აღიარება" აღინიშნა (1988 წელს) - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გეი-მელოდრამა კინოს ისტორიაში და შემდეგ, 1993 წლის ბერლინალეზე, ტაივანური "საქორწინო ბანკეტი", ფილმი, რომელმაც ყველას მოუგო.

დიახ, ყველას. ვიკიპედიაში თუ შეხვალთ და 1993 წლის ბერლინის კინოფესტივალის პროგრამას ნახავთ, გაგაოცებთ კონკურსის მაღალი ხარისხი. სადღაა ასეთი ფესტივალები და ამდენი კარგი ფილმი. ისიც სასიხარულოა, რომ გამარჯვებულებს შორის ვხედავთ ქართულ ფილმს, თემურ ბაბლუანის "უძინართა მზეს", რომელსაც სწორედ მორიტც დე ჰადელნმა გადასცა "ვერცხლის დათვი". თემურის გამოსვლა ფესტივალის დახურვაზე ძალიან ემოციური იყო - ჩემს ქვეყანაში ახლა ომია და ხალხს, მათ შორის კინემატოგრაფისტებს, ავტომატები უჭირავთ ხელში იმის ნაცვლად, რომ კინოს იღებდნენო. მერე გამოაცხადეს გამარჯვებული - "ოქროს დათვი" გადასცეს ანგ ლის და "საქორწინო ბანკეტის" მთელ შემოქმედებით ჯგუფს. ბაბლუანი პირველი იყო, ვინც გამარჯვება მიულოცა ტაივანური სურათის ავტორებს. "ოქროს დათვი", შემდეგ კი "ოსკარის" ნომინაცია სრულიად საკმარისი გახდება იმისთვის, რომ ტაივანელი რეჟისორი ჰოლივუდში გადასახლდეს და იქ გააგრძელოს მოღვაწეობა. გავა წლები და ანგ ლი გადაიღებს თავისებურ გეი-მანიფესტს, ყველაზე წარმატებულ გეი-მელოდრამას კინოს ისტორიაში, ფილმს "კუზიანი მთა".

"საქორწინო ბანკეტის" პრემიერის შემდეგ დავენაძლევე მსახიობ გივი სიხარულიძეს, რომელიც აქ ჩამოვიდა, როგორც "უძინართა მზეში" ერთ-ერთი როლის შემსრულებელი. სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ტაივანური ფილმი, ძალიან ძლიერი საკონკურსო პროგრამის მიუხედავად, მოიგებდა ფესტივალს. გაბრაზდნენ ქართველები, ეს რა ფილმია, მართლა "ცისფრებზე" უნდა იყოს კინო, ბერლინის ფესტივალზე რომ მოიგოსო? ახლა ვხვდებით, ფარაჯანოვის ფილმები რატომ მოსწონდათ დასავლეთშიო.

აკი თქვა "ბერლინალეს" დირექტორმა, დიახაც, ასეთი სახე გვაქვსო. "საქორწინო ბანკეტი" კი ყველაზე უკეთ გამოხატავს ფესტივალის ამ სახეს. თუმცა არა მარტო იმიტომ, რომ ფილმის გმირები ჰომოსექსუალები არიან. ანგ ლი ძალიან დელიკატურად ეხება თემას, რომელიც, ალბათ, არასდროს დაძველდება - დასავლეთის და აღმოსავლეთის ურთიერთობას, უფრო კონკრეტულად კი, სწორედაც რომ "კულტურული კედლების" ნგრევის აუცილებლობაზე გვიამბობს, მათ შორის იმ კედლის, რომელიც "საქორწინო ბანკეტის" პრემიერამდე რამდენიმე წლით ადრე დაინგრა ბერლინში.

ფილმის გმირი ტაივანელი ყმაწვილია, რომელიც ნიუ-იორკში, თავის ამერიკელ მეგობარ ბიჭთან ერთად ცხოვრობს ("ერთი სქესის ადამიანთა ქორწინებაზე" იმხანად ჯერ ნაკლებად საუბრობენ). თითქოს ბედნიერიცაა, მაგრამ ტაივანიდან მშობლები, რომელთაც წარმოდგენა არა აქვთ, რომ მათი ვაჟი გეია, კატეგორიულად მოითხოვენ, რომ იგი დაქორწინდეს. მამა გულით ავადმყოფია და ამითაც აშინებს შვილს. თამაშდება ფიქტიური ქორწინება ამერიკაში უფლების გარეშე მცხოვრებ ჩინელ გოგონასთან. არა უბრალო ქორწინება, არამედ გრანდიოზული საქორწინო ბანკეტი, რომელსაც ტაივანიდან საგანგებოდ ჩამოსული მოხუცი მშობლებიც ესწრებიან.

ამ ძალზე უბრალო, უაღრესად სადა ფილმში (მიუხედავად საქორწინო ბანკეტის გრძელზე გრძელი და პომპეზური სცენისა, რომელშიც კინო საზეიმო ცერემონიას ემსგავსება), ფილმში, რომელმაც შოკისებურად იმოქმედა საქართველოს დელეგაციაზე (1993 წელია მაინც!), არის ყველაფერი, რაც იყო და არის მოდაში ბერლინის კინოფესტივალზე - სექსუალური უმცირესობების დაცვის იდეა, სხვადასხვა კულტურათა ინტეგრაციის თემა (აღმოსავლეთი აქ მაინც შეხვდება დასავლეთს), ცოტა ეგზოტიკის სიყვარულიც, რომლისგანაც "ბერლინალე" დღემდე ვერაფრით განთავისუფლდა. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ანგ ლი მშვენივრად ახერხებს გამოხატოს ირონია ამ ეგზოტიზაციის მიმართ... ირონიაც და სევდაც; ეს ჩინურ-ტაივანური კერძები და ჩაცმულობა ისეთივე დეკორაციაა, როგორც ტრადიციები, რომლის დაცვას მოითხოვენ მთავარი გმირის მშობლები. თუმცა ანგ ლი არსად, ფილმის არცერთ ეპიზოდში არ შეაფასებს ამ ტრადიციას მავნედ და დრომოჭმულად. უფრო პირიქით, ყოველგვარი ვულგარულობის გარეშე, რაღაცნაირი გულისამაჩუყებელი სევდით გამოხატავს ტრადიციის ბუტაფორიზაციის პროცესს. ეს იმ სევდას ჰგავს, ტაივანიდან ჩამოსულ მშობლებს რომ ედგებათ თვალებში, როცა მიხვდებიან, თუ როგორ გაითამაშა შვილმა ქორწინება.

კიდევ ერთხელ მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ფილმის გადაღების თარიღზე. 1993 წელია! საქართველოში ომია. მაგრამ ქვეყანა ახლახან განთავისუფლდა საბჭოთა მარწუხებისგან. ამიტომ მაინც ვცხოვრობთ იმედით, რომ ეს კოშმარი დასრულდება და დამოუკიდებლობას აუცილებლად შევირგებთ. ცხადია, იმხანად ყველაფერზე გვიჩუყდებოდა გული, სადაც სიძულვილს სიყვარული უპირისპირდებოდა. ბაბლუანს, მაშინ, მახსოვს, ვუთხარი კიდეც, შეიძლება გეწყინოს, მაგრამ ეს ტაივანური სურათი ცოტა ჰგავს კიდეც "უძინართა მზეს", რადგან მთავარი თემა ორივე ფილმს ერთი აქვს - ესაა მამის და შვილის, ორი სხვადასხვა თაობის ურთიერთობა და პლურალიზმი, მრავალფეროვნება, როგორც სიცოცხლის საზრისი-მეთქი. ბაბლუანმა არ ნახა "საქორწინო ბანკეტი", მაგრამ პირველი იყო, ვინც ბერლინის ფესტივალის დახურვაზე ანგ ლის მიულოცა.

მე კი სანაძლეო მოვუგე მსახიობსა და პოეტს, გივი სიხარულიძეს.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG