Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოპვარსკვლავების ომი


ფრანგი კომპოზიტორი დიდიე მარუანი (მარცხნივ) პლაგიატის ბრალდებას უყენებს რუს მომღერალ ფილიპ კირკოროვს
ფრანგი კომპოზიტორი დიდიე მარუანი (მარცხნივ) პლაგიატის ბრალდებას უყენებს რუს მომღერალ ფილიპ კირკოროვს

29 ნოემბერს მოსკოვში დააკავეს ფრანგი მუსიკოსი, ლეგენდარული ელექტრონული მუსიკალური ჯგუფის, „სპეისის“, დამფუძნებელი დიდიე მარუანი, მილიონი ევროს გამოძალვის მცდელობაში ეჭვმიტანით. იმ დღეს მარუანი და მისი ადვოკატი მოსკოვში ერთ-ერთ ბანკში მივიდნენ, რათა მოეგვარებინათ დავა მომღერალ ფილიპ კირკოროვთან, რომელსაც მარუანი პლაგიატის ბრალდებას უყენებს: სიმღერა „სასტიკ სიყვარულში“ ჩემი კომპოზიციის, Symphonic Space Dream, მოტივებია გამოყენებულიო.

პოპვარსკვლავების ომი
please wait

No media source currently available

0:00 0:09:04 0:00
გადმოწერა

მაგრამ კირკოროვთან დავის მოგვარების მაგივრად, 63 წლის დიდიე მარუანი და მისი რუსი ადვოკატი, იგორ ტრუნოვი, პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდნენ. ბანკთან ისინი პოლიციამ დააკავა კირკოროვისაგან ფულის გამოძალვის ბრალდებით. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, სასჯელი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

იმავე დღეს, 29 ნოემბერს, ფილიპ კირკოროვმა მოსკოვში პრესკონფერენციაზე განაცხადა: „დიდი მადლობა სამართალდამცველ ორგანოებს, რომლებიც იცავენ, მოცემულ შემთხვევაში, ჩემს პატივსა და ღირსებას, რომელიც დაუმსახურებლად შელახეს უცხოელმა მუსიკოსებმა, როცა დამაბრალეს ის, რაც არ ჩამიდენია“..

გვინდოდა დაგვეზუსტებინა, რას მოითხოვს დიდიე მარუანი ამ საკითხის დასახურად. შევეკითხეთ, რა თანხას მოითხოვს. და გაირკვა, რომ ერთი მილიონი ევრო მისთვის სავსებით მისაღებია...
"ლექსუსი"

მოსკოვის პოლიციის განმარტებით, ფრანგი კომპოზიტორი დააკავეს მას შემდეგ, რაც კირკოროვმა შეატყობინა პოლიციას მისთვის ფულის გამოძალვის მცდელობის შესახებ.

არადა, დიდიე მარუანის ადვოკატი როგორც აცხადებს, მისი კლიენტი და რუსი პოპვარსკვლავი ერთმანეთში იყვნენ მოლაპარაკებული პლაგიატის გარშემო დავის მოგვარებაზე სწორედ ფინანსური ანაზღაურების გზით. კირკოროვის ადვოკატი უარყოფს ამ ცნობას.

მთელი ეს ამბავი გაუგებრობას ჰგავდა, ვიდრე 30 ნოემბერს გავრცელდებოდა ერთი ცნობა-განმარტება, რომელსაც „ლექსუსი“ იძლევა. „ლექსუსი“ არის ვინმე ალექსეი სტოლეროვის ფსევდონიმი - კაცის, რომელსაც რუსეთში იცნობენ, როგორც „პრანკსტერს“ , ანუ სატირულ-კომიკური ოინების მომწყობ პირს. და აი, 30 ნოემბერს ლექსუსმა გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცს“ უთხრა, რომ ამ, დაახლოებით, ერთი თვის წინ კირკოროვის სახელით - უფრო ზუსტად ისე, რომ თავი კირკოროვად გაასაღა - დაუკავშირდა ფრანგ კომპოზიტორ დიდიე მარუანის, მთელი თვე ჰქონდა მასთან მიმოწერა პლაგიატზე დავის მოგვარების თხოვნით. ლექსუსთან ერთად ამ ყალბ მოლაპარაკებაში მონაწილეობდა კიდევ ერთი პრანკსტერი, ვავანი.

„გვინდოდა დაგვეზუსტებინა, რას მოითხოვს დიდიე მარუანი ამ საკითხის დასახურად. შევეკითხეთ, რა თანხას მოითხოვს. და გაირკვა, რომ ერთი მილიონი ევრო მისთვის სავსებით მისაღებია“, - უთხრა ლექსუსმა ურალის სატელევიზიო სააგენტოს.

ლექსუსი როგორც ირწმუნება, კირკოროვისა და მისი ადვოკატისათვის თითქმის თავიდანვე იყო ცნობილი ამ მიმოწერის შესახებ, მოგვიანებით კი პრანკსტერები საერთოდ აღარ მონაწილეობდნენ ამ საქმეში. მიმოწერა, მათი ინფორმაციით, თვითონ კირკოროვმა და მისმა ადვოკატმა გააგრძელეს... ხოლო როცა 29 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია მოსკოვის ბანკში ფრანგი მუსიკოსისა და მისი იურისტის დაკავების შესახებ, პრანკსტერ ლექსუსს სინანულის გრძნობა დაეუფლა.

“მე ორივე შემსრულებელი მიყვარს! მომწონს ჯგუფი „სპეისი“, ლეგენდარული ჯგუფი, და მომწონს კირკოროვის სიმღერები - მას აქვს კარგი, მელოდიური სიმღერები. ამიტომ ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, როცა ვერ გავარკვიე, რომელი მხარეა მართალი. ამიტომაც გადავეცი კირკოროვს მთელი მიმოწერა, რათა თვითონ გარკვეულიყო ყველაფერში. ხოლო ის, რაც მათ შორის მოხდა ... მე არ მინდა ამ ბალაგანში მონაწილეობა“, - ამბობს ლექსუსი. სხვათა შორის, ის და მისი მეგობარი, პრანკსტერი ვავანი, არაერთხელ გახუმრებიან პოლიტიკოსებსაც - ტელეფონით დაკავშირებიან, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილსა და პეტრო პოროშენკოს...

მე, უკვე 33 წელია, ჩამოვდივარ რუსეთში - ჯერ საბჭოთა კავშირში, ახლა რუსეთში. მიყვარს რუსი ხალხი...
დიდიე მარუანი

მაგრამ დავუბრუნდეთ კირკოროვისა და მარუანის დავას. ფრანგ კომპოზიტორს და მის რუს ადვოკატს დიდხანს არ მოუწიათ რუს სამართალდამცველთა ხელში ყოფნა. მათ ბოდიში მოუხადეს და 30 ნოემბერს გაათავისუფლეს, რის შემდეგაც დიდიე მარუანიმ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ კვლავაც ძალიან მოსწონს რუსეთი: „მე, უკვე 33 წელია, ჩამოვდივარ რუსეთში - ჯერ საბჭოთა კავშირში, ახლა რუსეთში. მიყვარს რუსი ხალხი“, - ამბობს დიდიე მარუანი, მაგრამ აპირებს უჩივლოს ფილიპ კირკოროვს ფულის გამოძალვის ცილისწამებისათვის.

პლაგიატის ბრალდებასთან დაკავშირებით მარუანის არაფერი უთქვამს 30 ნოემბერს. სამაგიეროდ, განცხადება გააკეთა ფილიპ კირკოროვის ადვოკატმა, ალექსანდრ დობროვინსკიმ: სიმღერა “ სასტიკი სიყვარულის“ კომპოზიტორი პოპკოვი ირწმუნება, რომ მარუანისაგან არაფერი მოუპარავსო!

„ჩვენ უკვე გვაქვს ექსპერტიზა ბატონ პოპკოვისაგან, რომელმაც მე დამავალა ამ საკითხზე ზრუნვა - და იქ არაფერი აჩვენებს, რომ რაიმე კავშირი არსებობს ორ სიმღერას შორის ან საავტორო უფლებები შეიძლებოდა დარღვეულიყო, რადგან ეს არის ორი აბსოლუტურად დიამეტრულად განსხვავებული სიმღერა“, - ირწმუნება კირკოროვის ადვოკატი.

ჩვენმა მკითხველმა და მსმენელმა განსაჯოს, რამდენად დიამეტრული სხვაობაა ორ სიმღერას შორის.

„სპეისი“

ფილიპ კირკოროვი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG