Accessibility links

პეტრო პოროშენკო: „დეოკუპაციის ერთობლივი სტრატეგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“


საქართველოში ვიზიტით იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო. მან და საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ხელი მოაწერეს დეკლარაციას უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ, ისაუბრეს ასევე ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე.

პეტრო პოროშენკო საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინის ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე, ასევე, ახალ აბრეშუმის გზასთან დაკავშირებით თანამშრომლობის შესახებ.

ჩვენი კოორდინირებული მოქმედება, სანქციების მხარდაჭერა (რუსეთის წინააღმდეგ), დეოკუპაციის ერთობლივი სტრატეგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ტერიტორიების გასაწმენდად რუსეთის ჯარისგან...
პეტრო პოროშენკო

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პეტრო პოროშენკოს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ უკრაინელები საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოს პრობლემატიკას აქტიურად წარმოაჩენენ.

„ამ კონტექსტში ჩვენ შევთანხმდით, პირადად ბატონ პრეზიდენტთან, რომ ვიქნებით კიდევ უფრო აქტიურები ჩვენს ერთობლივ მესიჯებში, ჩვენს ერთობლივ პოზიციებში და მოვითხოვთ კიდევ უფრო აქტიურად საქართველოსა და უკრაინის ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში“.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო გააღრმავებს თანამშრომლობას საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტების, „ზუბრისა“ და „ვიკინგის“, კუთხით. საუბარი შეეხო სამხედრო სფეროში თანამშრომლობასაც.

გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ აღნიშნეს, რომ საქართველო და უკრაინა ერთნაირი გამოწვევების წინაშე დგანან. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა:

პეტრო პოროშენკო, გიორგი მარგველაშვილი
პეტრო პოროშენკო, გიორგი მარგველაშვილი

„ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მსგავსი სიტუაცია - ტერიტორიების დეოკუპაციის, სუვერენიტეტის პრობლემა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, უკრაინაში კი ყირიმის ანექსია და რუსეთის ჯარის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაცია. საჭიროა ეფექტური კოორდინირებული მოქმედება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დაწყებული გაეროს უშიშროების საბჭოდან, რათა რუსეთზე გაგრძელდეს ზეწოლა მის მიერ მინსკის შეთანხმების სრულად შესრულებამდე - გაიყვანოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარი. ნიშანდობლივია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერ ქვეყნებს - მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას - აქვთ საერთო პრობლემა: რუსეთის ინტერვენცია ჩვენს ტერიტორიაზე. ამიტომ ჩვენი კოორდინირებული მოქმედება, სანქციების მხარდაჭერა (რუსეთის წინააღმდეგ), დეოკუპაციის ერთობლივი სტრატეგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ტერიტორიების გასაწმენდად რუსეთის ჯარისგან“.

პეტრო პოროშენკომ აღნიშნა ასევე, რომ უკრაინელი ხალხი ქედს იხრის იმ ბიჭების წინაშე, რომლებიც უკრაინისთვის დაიღუპნენ. მოგვიანებით მან გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთანაც მიიტანა გვირგვინი.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ექსტრადირების საკითხს, პეტრო პოროშენკომ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ საქართველოს მსგავსი მოთხოვნა არ წამოუყენებია და, შესაბამისად, არც განხილულა ეს საკითხი. მან დასძინა ასევე, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის არც ერთი კუთხით, არც ერთ საკითხში პრობლემა არ არის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG