Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქება პრაღის ცენტრში, კაფე „სლავიასთან“


მძლავრი აფეთქება მოხდა პრაღის ცენტრში, მასარიკის სანაპიროსთან, კერძოდ, იმ არეალში, სადაც ეროვნული თეატრია, ასევე მეცნიერებათა აკადემიის მთავარი შენობაა, რამდენიმე სასწავლებელი, უნივერსიტეტის ფაკულტეტი და იქვე სახელგანთქმული კაფე „სლავია“. მძლავრი აფეთქება დაახლოებით 10 საათისთვის მოხდა. პოლიციას და სამედიცინო სამსახურს პირველი ინფორმაცია მიაწოდეს, როცა ათს ექვსი წუთი აკლდა. აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ მისი ხმა ადგილიდან ერთ კილომეტრში გაიგონეს. პოლიცია იუწყება, რომ აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა იყო, რასაც შემდეგ მოჰყვა აფეთქება. ქალაქის პოლიციის წარმომადგენელმა მარტინ ვონდრაჩეკმა განაცხადა, არავითარი საფუძველი არა გვაქვს, რაიმე სხვა მიზეზზე ვიფიქროთო. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებით პრაღის სხვადასხვა საავადმყოფოში მოათავსეს. დადასტურებულ დაშავებულთა რიცხვი 35-ია, მათგან 6 - უცხოელი. შედარებით მცირედ დაშავებულთა რაოდენობა მეტია, 42. ყველას არ დასჭირვებია საავადმყოფოში გადაყვანა. ერთი მამაკაცი მძიმედ დაშავდა, მას ოპერაცია ჩაუტარდა. ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ნეჩასმა ჟურნალისტებს კმაყოფილებით უთხრა, შესანიშნავად იმუშავეს სამაშველო სამსახურებმა - სახანძრო რაზმი ხუთ წუთში მივიდა, პოლიცია - შვიდ წუთში შემთხვების ადგილზეო. ქალაქის მერმა ბოჰუსლავ სვოდობამ პოლიციის ნათქვამს კვერი დაუკრა და განაცხადა, ყველა სამსახური ადასტურებს, რომ გაზის აფეთქება მოხდაო, თუმცა, სვობოდას თანახმად, აფეთქება განსაკუთრებით ძლიერი იყო. მანაც მადლობა გადაუხადა ყველა სამსახურს, რომელიც ოპერატიულად მივიდა შემთხვევის ადგილზე. შენობა, რომლის პირველ სართულზეც მოხდა აფეთქება, სერიოზულად დაზიანდა. ის მცირე ქუჩაზე მდებარეობს. შესაბამისად, დეტონაციის ტალღამ ჩაამსხვრია წინამდებარე მეცნიერებათა აკადემიისა და სხვა შენობების ფაჯრები. აქვე გეტყვით, რომ ეროვნულ თეატრში დღეისთვის სპექტაკლი არ იდგმებოდა. რაც შეეხება მცირე სცენას, საღამოსთვის მას მოეხსნა ევაკუაციის რეჟიმი და, შესაბამისად, საღამოს წარმოდგენა გაიმართება. ორივე შენობა მცირედ დაზიანდა. თავიდან, როცა მაშველები ადგილზე გამოცხადდნენ, გაზი ჯერ კიდევ ჟონავდა. შესაბამისად, გაზის მთლიანად გადაკეტვამდე შენობაში არავინ შესულა. პოლიციის თანახმად, შესაძლო დაღუპულების ძებნა კარგა ხანს გრძელდებოდა, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, მაშველთა სამსახურის სპეციალურმა ძაღლებმა ნანგრევებში დაღუპულებს ვერ მიაგნეს. აფეთქების შემდეგ პოლიციამ გადაკეტა მიმდებარე არეალი. სულ, ევაკუირებული იქნა 220 ადამიანი. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ამ მომენტისთვის არავინ არის დაკარგული, მაძებარი ძაღლების გამოყენებით დადასტურდა, რომ შენობაში ადამიანები არ იმყოფებიან.

მოგვიანებით პოლიციამ სანაპიროზე, ასევე მიმდებარე დიდ, ნაროდნის ქუჩაზე, ტრანსპორტის მოძრაობა აღადგინა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG