Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


უცხოეთის პრესის მიმოხილვა

უცხოეთის პრესის მიმოხილვაში ყურადღებას შევაჩერებთ საქართველოსთან დაკავშირებულ ორ თემაზე: ვაშინგტონში ლობირების შესუსტებაზე და იმაზე, თუ როგორ აღნიშნეს საქართველოში სტალინის გარდაცვალების მე-60 წლისთავი.

დავიწყებთ ლობირების თემით. გავლენიანმა გამოცემა „ჰილმა“, აშშ-ის კონგრესის გაზეთმა, რომლის ფოკუსშიც ბიზნესსა და პოლიტიკურ კამპანიებთან ერთად, ლობირებაც ხვდება, 6 მარტს გამოაქვეყნა სტატია ვაშინგტონში საქართველოს შესახებ ინფორმაციის გავრცელების საკითხებზე.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ გავლენიან პიარკომპანიებს, რომლებსაც ვაშინგტონში უდევთ ბინა, განვლილ წელს 4,8 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა საქმიანობამ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს შორის დაპირისპირებაში მხარეების შეძლებისდაგვარად მომგებიანად წარმოსაჩენად. ამ ორი ადამიანის ლობისტები მოწინააღმდეგე მხარეს მძიმე ბრალდებებს უყენებდნენ, ცდილობდნენ რა, ვაშინგტონის ყურადღება მიეპყროთ საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისაკენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც არჩევნებში ივანიშვილის კოალიციამ გაიმარჯვა, ლობისტ კომპანიებს შემოსავალი შეუმცირდათ - როგორც სტატიის ავტორები წერენ, „ქერის ბეღელი დაუცარიელდათ“. შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით და ინფორმაციით, რომელიც „ჰილის“ თანამშრომლებმა მოიპოვეს, საქართველოში არჩევნების შემდეგ შეერთებულ შტატებში მოქმედ, სულ ცოტა, 9 პიარკომპანიას მოუწია გამოთხოვება საქართველოს სამთავრობო უწყებებისა და პოლიტიკური პარტიების იმიჯზე მუშაობასთან.

„ არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა ბიუჯეტი შეუკვეცა ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოსა და სხვა უწყებებს, რომლებსაც სააკაშვილი აკონტროლებს. შემცირების შედეგად, ბევრი ფული არ დარჩა მის სასარგებლოდ ვაშინგტონში გავლენის მოსახდენი ძალისხმევისათვის, ამბობს ზოგი ლობისტი, რომლებსაც კონტრაქტი აღარ გაუგრძელდათ. რენდი შოინმენი, სენატორ ჯონ მაკკეინის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ პრეზიდენტი ამბობს, რომ დეკემბერში გაუვიდა ვადა სააკაშვილის მთავრობასთან მისი ფირმის კონტრაქტს. ის მკაცრად აკრიტიკებს ივანიშვილს. მას ბრალად სდებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ხელი მიჰყო „ანგარიშსწორებას“ და მკვეთრად შეამცირა პრეზიდენტის რამდენიმე უწყების დაფინანსება“, ვკითხულობთ გამოცემა „ჰილში“. იქვე მოყვანილია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის შეფასება, რომ „ნორმალური“ არ არის, როცა ეროვნული უშიშროების საბჭო აფინანსებს ლობირებას.

„ჰილის“ ინფორმაციით, არის გამონაკლისებიც - სულ ცოტა, ერთმა კომპანიამ ახალი კონტრაქტი გააფორმა საქართველოს მთავრობასთან - საქმე ეხება კომპანია „პეტონ ბოგს“, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბიძინა ივანიშვილის ლობირებით იყო დაკავებული. მასთან საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა 540 000 დოლარის კონტრაქტს, ექვსთვიანი მოქმედების ვადით. ამ და სხვა საყურადღებო ინფორმაციას ვეცნობით გამოცემა „ჰილში“.

ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-მ გააშუქა თემა, რომელიც, ზოგადად, დიდ ინტერესს იწვევს უცხოეთში - როგორია სტალინისადმი დამოკიდებულება საქართველოში.

ამის გასარკვევად BBC-ის კორესპონდენტი ბეთანი ბელი გორში ჩავიდა. აი, როგორ იწყება მისი სტატია:

„საბჭოთა ლიდერის, იოსებ სტალინის გარდაცვალებიდან 60 წლის შემდეგაც გრძელდება უთანხმოება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეფასდეს მისი მემკვიდრეობა მშობლიურ საქართველოში. მილიონობით ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც სტალინმა რკინის დისციპლინა და სახელმწიფო ტერორი შემოიღო „ხალხის მტრების“ გასანადგურებლად და კომუნისტური სახელმწიფოს ასაშენებლად. მაგრამ გორში, სადაც ის დაიბადა, ქალაქის საკრებულომ ბოლო ხანს გადაწყვიტა, ისევ აღმართოს სტალინის გიგანტური ძეგლი, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროდასავლურმა მთავრობამ აიღო თითქმის სამი წლის წინ. ისტორიკოსების შეფასებით, ეს იმის ნიშანია, რომ ქვეყანას საბჭოთა წარსულზე ჩაფიქრება მართებს“.

BBC-ის კორესპონდენტი ესაუბრა გორელებს, მათ შორის, ნიკოლოზ კაპანაძეს, რომელსაც მისთვის უთქვამს, ყველას სურს, - მთელ გორსა და მთელ საქართველოს, - რომ გორის ცენტრალურ მოედანზე სტალინის მონუმენტი აღდგეს, დაიდგას იქ, სადაც წინათ იდგაო. მაგრამ ჟურნალისტი იოლად დარწმუნდა სხვა რესპონდენტებთან საუბრისას, რომ ეს ასე არ არის,-ანუ დარწმუნდა იმაში, რომ სტალინის ძეგლის აღდგენას ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს. BBC-ის მოჰყავს ორგანიზაცია „კავკასიის კვლევის რესურს ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიც,რომლის თანახმადაც, საქართველოში მოსახლეობის თითქმის ნახევარი გამოთქვამს დადებით დამოკიდებულებას სტალინის მიმართ...

კავკასიაში BBC-ის კორესპონდენტის დემიენ მაკგინესის აზრით, ეს არ მიანიშნებს საბჭოთა ნოსტალგიასა, ან ავტორიტარული მმართველობის აღდგენის სურვილზე. საქართველო ძალიან აფასებს თავის დამოუკიდებლობას და გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქართველების დიდ უმრავლესობას სურს ნატოსა და ევროკავშირში გაწევარიანებაო, მაგრამ, დასძენს მაკგინესი, „სტალინი საქართველოს ყველაზე სახელგანთქმული შვილია. ხოლო კულტურაში, რომელშიც აღფრთოვანებას იწვევს ძლიერი პიროვნებები, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს“.

დემიენ მაკგინესმაც ვრცელი რეპორტაჟი მოამზადა საქართველოში სტალინის გარდაცვალების მე-60 წლისთავთან დაკავშირებით. BBC-ის ეს კორესპონდენტი, რომელიც დიქტატორის ერთ-ერთ თაყვანისმცემელს, ქართველ პენსიონერ უშანგი დავითაშვილს ეწვია, გვიზიარებს მის ბაღში მიღებულ „დამთრგუნველ“ შთაბეჭდილებას: იქ მას სტალინის არათუ ძეგლი, ძეგლები დახვდა, კედლებზე - სტალინის ასობით ფოტოსურათი. სტალინი მიყვარსო, არ მალავს პენსიონერი... BBC-ის კორესპონდენტის დაკვირვებით, საქართველოში შარშანდელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე სტალინისადმი თაყვანისცემა ანაქრონიზმს ჰგავდა, მაგრამ ახლა ისე ჩანს, რომ განვლილ წლებში სტალინის ძეგლების აღება და საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვა მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები იყო. ჟურნალისტს არგუმენტად მოჰყავს რამდენიმე დასახლებაში სტალინის ძეგლების აღდგენის შემთხვევები, თუმცა მოჰყავს ინფორმაცია ანონიმურ აქციებზეც, რომელთა მონაწილეებმაც ვარდისფერი საღებავი გადაასხეს დიქტატორის აღდგენილ გამოსახულებებს.

სტალინი შესაძლოა წასული იყოს, მაგრამ მის აჩრდილს კვლავაც შესწევს ქართული საზოგადოების გახლეჩის ძალაო, დაასკვნის კავკასიაში BBC-ის კორესპონდენტი, დემიენ მაკგინესი საქართველოდან რეპორტაჟში, რომელიც 5 მარტით არის დათარიღებული.
XS
SM
MD
LG