Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


უცხოეთის მედიის ყურადღების ცენტრში უკრაინა რჩება. ევროპის გული ახლა უკრაინაში ცემსო - წერს პოლონეთის უდიდესი ყოველდღიური გაზეთი „გაზეტა ვიბორჩა“. მასში ვკითხულობთ:

„სამკვირიანი საპროტესტო აქციებით უკრაინელები აჩვენებენ, რომ 2004 წელს თავისუფლებისათვის მათი ბრძოლა შემთხვევითობა არ ყოფილა. ისინი ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლას აწარმოებენ ძალადობის გარეშე და ევროპული ფასეულობებით, რომლებიც სჯერათ, რომ საფუძვლად უდევს გაერთიანებულ ევროპას. ევროპის პარლამენტში ჯგუფის „ლიბერალები და დემოკრატები ევროპისათვის“ ლიდერზე, გი ვერჰოფსტატზე, განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ მოვლენებმა. „ ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე დიდი პრო-ევროპული ზეიმი ახლა მიმდინარეობს მეიდანზე“, თქვა მან. ეს არ არის კარგად ნაკვები, მდიდარი ევროპელის პათეტიკური შეძახილი. ვერჰოფსტატი მართალია: ევროპის გული ახლა მართლაც კიევში ცემს,“ვკითხულობთ ვარშავის ყოველდღიურ „გაზეტა ვიბორჩაში“.

მეზობელ ჩეხეთში კი გაზეთი „მლადა ფრონტა დნესი“ ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირის დიპლომატიურ ძალისხმევაზე, უკრაინაში კრიზისის მოგვარების ხელშესაწყობად. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი, კეტრინ ეშტონი ჩაერთო უკრაინის პრეზიდენტთან და ოპოზიციის ლიდერებთან მოლაპარაკებაში, მაგრამ, წერს „მლადა ფრონტა დნესი“, მარტო გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს აქვს საკმარისი პოლიტიკური გავლენა ასეთი დიპლომატიური მისიის წარმატებამდე მისაყვანად.

„ევროკავშირის მხოლოდ ყველაზე ძლიერ ფიგურებს შესწევთ შეთანხმებაზე მოლაპარაკების უნარი. ანგელა მერკელის გარდა ვერავინ დაუდგება წინ მთავარ მოწინააღმდეგეს - ვლადიმირ პუტინს. და უკრაინის შემთხვევაში, საკითხი, რომელიც წყდება, იმდენად ფუნდამენტურია, რომ მერკელი უნდა შეუერთდეს ბრძოლას კიევში“, წერს „მლადა ფრონტა დნესი“.

„რუსეთი, ისევე როგორც უკრაინა, გახდება ნამდილი დემოკრატია“ - ასეთი ოპტიმისტური სათაური აქვს ლონდონის გაზეთ „ფაინენშლ ტაიმსში“ დაბეჭდილ სტატიას, რომელსაც ხელს აწერს ზბიგნევ ბჟეჟინსკი -გამოჩენილი ამერიკელი პოლიტოლოგი, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ბჟეჟინსკი წერს:

„რაც უნდა მოხდეს, მოვლენები უკრაინაში ისტორიულად შეუაქცევადი და გეოპოლიტიკურად გარდამქმნელია. უფრო ადრე, ვიდრე გვიან უკრაინა გახდება დემოკრატიული ევროპის ნამდვილი ნაწილი. უფრო გვიან, ვიდრე ადრე მას მიჰყვება რუსეთი, თუ თავს იზოლაციაში არ მოიქცევს და იმპერიალისტურ რელიქტად არ იქცევა. უკრაინული პატრიოტიზმის სპონტანურად ამოხეთქვამ - რაც გამოიწვია კორუმპირებული, საკუთარი თავის გამდიდრებით დაკავებული, მოსკოვისაგან დაცვის სათხოვნელად მზადმყოფი ხელისუფლების თვალთმაქცობამ - გვაჩვენებს, რომ ეროვნული დამოუკიდებლობის ერთგულება ხდება დომინანტური პოლიტიკური რეალობა. ეს განსაკუთრებით ეხება ახალგაზრდა უკრაინელებს, რომლებსაც აღარ მიაჩნიათ თავი, ენობრივად თუ ისტორიულად, „დედა რუსეთის“ მხოლოდ მცირეოდენ განსხვავებულ ნაწილად“, წერს ზბიგნევ ბჟეჟინსკი „ფაინანშლ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

ბოლოს წარმოგიდგენთ პუბლიკაციას, რომელიც „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ დაბეჭდა სოჭის ოლიმპიური თამაშების კონტექსტში აფხაზეთის შესახებ. რეგიონს ეწვია „ნიუ-იორკ ტაიმსის“ კორესპონდენტი სტივენ ლი მაიერსი და რეპორტაჟს იწყებს გეოგრაფიული დეტალებით: რომ სოჭის მთავარი ოლიმპიური სტადიონიდან, სადაც მომავალი წლის თებერვალში გაიმართება ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის და დახურვის ცერემონიები, სულ ოთხ-ნახევარ კილომეტრში, მდინარე ფსოუზე გადის საქართველოსთან რუსეთის საზღვარი. ჟურნალისტი „ნიუ-იორკ ტაიმსის“ მკითხველს შეახსენებს, რომ რეგიონი, რომელიც ფსოუს იქით იწყება, საქართველოსაგან დე ფაქტო დამოუკიდებელი აფხაზეთი და რომ მას საქართველო არ ცნობს - ისევე როგორც თითქმის მთელი დანარჩენი მსოფლიო, რუსეთის, ნიკარაუგის, ვენესუელის, ნაურუს და ტუვალუს გარდა.

„2007 წელს ოლიმპიური თამაშების მინიჭებამ სოჭისათვის, რომელიც აფხაზეთთან ასე ახლოს მდებარეობს, ერთხანს გააღვიძა იმედი, რომ აფხაზეთსაც ერგებოდა შემოსავლების ნაწილი, რომ მისი პოლიტიკური მიზანი და სუსტი ეკონომიკა ოდნავ მაინც ისარგებლებდა სიმდიდრით და ყურადღებით, რასაც ოლიმპიური თამაშები უთუოდ მიიზიდავს. შესაძლოა, ოლიმპიური ტურისტების ნაწილი სამხრეთითაც გაჰყოლოდა შავი ზღის სანაპიროს. ეს იმედები, უმეტესწილად, ამაო გამოდგა. რუსეთმა განაცხადა, რომ, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, აპირებს 7 იანვრიდან პარაოლიმპიურ თამაშებამდე, მარტამდე, ჩაკეტოს ტრანსპორტისათვის აფხაზეთთან დამაკავშირებელი ვიწრო ხიდი. მასზე გაუშვებენ მხოლოდ მცირერიცხოვან, საგანგებო რეგისტრაციის მქონე ავტომანქანებს - პრაქტიკულად, გამოკეტავენ ანკლავს, რომელსაც რუსეთი დიდი ხანია უწევს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას“, ვკითხულობთ სტატიაში, რომელიც 11 დეკემბრის ნომერში გამოაქვეყნა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“.
XS
SM
MD
LG