Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აზიური ტურნეთი „ევრაზიული სივრცის“ გამყარებას შეეცდება


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტად მესამე ვადით არჩეულმა პუტინმა ევროკავშირ-რუსეთის სამიტის დასრულებისთანავე უზბეკეთს მიაშურა და შემდეგ ჩინეთში შეჩერდა, სადაც, აზიური ტურნეს ფარგლებში, რეგიონალური სამიტის გამართვაც იგეგმება. ვლადიმირ პუტინის ვიზიტის დღის წესრიგშია ენერგეტიკული თანამშრომლობა, ევრაზიული კავშირების განმტკიცება და ვითარება სირიაში, რომლის მიმართ ჩინეთსა და რუსეთს ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ.

პეკინში სამდღიანი ვიზიტის დროს ვლადიმირ პუტინი მონაწილეობას მიიღებს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში, რომელშიც ექვსი ქვეყნის - ჩინეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.

ჩინეთში გამგზავრებამდე ვლადიმირ პუტინი ვიზიტით ესტუმრა უზბეკეთს და, როგორც თავად განაცხადა პრესკონფერენციაზე, უზბეკეთისაგან საკმაოდ კარგი დაპირება მიიღო.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ უზბეკეთი შეუერთდება დსთ-ის თავისუფალი ვაჭრობის ზონას, რაც, ჩემი აზრით, ძალიან კარგი ნიშანია და მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკური საქმიანობის სულ უფრო და უფრო მეტი მონაწილე, დსთ-ის ფარგლებში მყოფი სულ უფრო და უფრო მეტი სახელმწიფო გამოხატავს ინტერესს ინტეგრაციისადმი.“

ორივე, რუსეთი და ჩინეთი, შეთანხმებულად ეწინააღმდეგებიან სირიის საქმეებში საგარეო ჩარევას და ეწინააღმდეგებიან რეჟიმის ძალის გამოყნებით შეცვლას ...
ლიუ ვეიმინმა
ჩინეთში ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებას გამართავს ქვეყნის პრეზიდენტ ხუ ძინტაოსთან და ჩინეთის პოლიტბიუროს წევრ სი ძინპინთან, რომელიც, სავარაუდოდ, წლის ბოლოს ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს. ორივე, ჩინეთიც და რუსეთიც, რომლებიც მკაცრად ეწინააღმდეგებიან დასავლეთის მოწოდებას დაგმონ პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი, დაჟინებით იმეორებენ, რომ რეჟიმის შეცვლა არ უნდა იქცეს პოლიტიკური დიალოგის დაწყების წინაპირობად. ამის თაობაზე მოსკოვისა და პეკინის პოზიციები კიდევ ერთხელ შეახსენა საერთაშორისო საზოგადოებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლიუ ვეიმინმა, რომელმაც პრესკონფერენცია ვლადიმირ პუტინის ჩინეთში ვიზიტის დღეს გამართა:

„ორივე, რუსეთი და ჩინეთი, შეთანხმებულად ეწინააღმდეგებიან სირიის საქმეებში საგარეო ჩარევას და ეწინააღმდეგებიან რეჟიმის ძალის გამოყნებით შეცვლას.“

თუმცა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კვლავაც გაიმეორა, რომ მოსკოვი და პეკინი მხარს უჭერენ სირიის საკითხებში გაეროსა და არაბული ლიგის სპეციალური წარგზავნილის კოფი ანანის საშუამავლო მისიასა და მის სამშვიდობო გეგმას:

„დაძაბულობის შესამცირებლად, პირველ ყოვლისა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ძალადობა. მეორე, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი. მესამე, ჩვენ მყარად უნდა დავუჭიროთ მხარი სპეციალური წარგზავნილის კოფი ანანის საშუამავლო მისიას. ჩინეთი და რუსეთი ამ თვალსაზრისით ერთსა და იმავე პოზიციაზე არიან.“

აზიურ ტურნეში, რომელიც 5 ივნისს ჩინეთიდან იწყება, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს თან ახლავს 7 მინისტრი და ასევე რუსული ენერგეტიკული კომპანიების - „გაზპრომის“, „როსნეფტისა“ და „ტრანსნეფტის“ - წარმომადგენლები. როგორც კრემლის საგარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იური უშაკოვმა განაცხადა გასულ კვირაში, ჩინეთში ორი ქვეყნის ლიდერები 17 დიპლომატიურ და ეკონომიკურ შეთანხმებას მოაწერენ ხელს. ვიზიტის დაწყებამდე პუტინმა ჩინურ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ 2020 წლისათვის სურს 200 მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, რომელიც შარშან მხოლოდ 85 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ჩინეთში სამდღიანი ვიზიტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ყაზახეთს ესტუმრება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG