„მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, რაც, როგორც ვარაუდობენ, აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების ნახელავია, უცხოეთის მრავალმა ჟურნალ-გაზეთმა თავიანთ გარეკანებსა და პირველ გვერდებზე მოათავსეს რუსეთის პრეზიდენტის პორტრეტები, რომლებზეც ვლადიმირ პუტინი გამოსახულია სისხლისმსმელ ბოროტმოქმედად, მკვლელად, მატყუარად...
ვლადიმირ პუტინი უცხოეთის ჟურნალ-გაზეთების გარეკანებზე
1
ჟურნალ "ტაიმის" 4 აგვისტოს ნომრის გარეკანზე წერია, რომ დასავლეთი მარცხდება "მეორე ცივ ომში" პუტინის "სახიფათო თამაშის" წინააღმდეგ.
2
"ნიუსუიკისთვის" პუტინი "დასავლეთის უმთავრესი საზოგადო მტერია".
3
როგორც უკრაინის ყოველკვირეული "ფოკუსი" აღნიშნავს, პუტინის "რუსულმა გაზაფხულმა" შუა ივლისში მოიტანა "ცივი ომი".
4
რუმინეთის გაზეთ "ადევარულის" 25 ივლისის ნომრის პირველ გვერდზე გამოსახულია ვლადიმირ პუტინი, რომელიც პოკერს ეთამაშება ევროპელ ლიდერებს. სათაურში ვკითხულობთ: "საიდან იღებს სათავეს ევროპის სიმხდალე რუსეთის წინაშე?" ამას მოჰყვება განმარტება: "ევროპა და რუსეთი ერთმანეთთან დაკავშირებული არიან სავაჭრო ურთიერთობით, რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობითა და გაზით. ასე რომ, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების შემოღება ევროკავშირის ეკონომიკასაც დააზარალებს."
5
"ახლავე შევაჩეროთ პუტინი!" - ვკითხულობთ გერმანიის ყოველკვირეულ "შპიგელის" გარეკანზე, სადაც მოთავსებულია აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოგდებული "ბოინგის" დაღუპულ მგზავრთა სურათები.
6
პოლონეთის ყოველკვირეული "ნიეპოდლეგლა" 28 ივლისის ნომერში რუსეთის ლიდერს "ბლადიმირს" უწოდებს. ინგლისური სიტყვა "ბლად" (blood) სისხლს ნიშნავს.
7
ბრიტანეთის ჟურნალი "პრაივიტ აი" ბეჭდავს პუტინის ფოტოს "ბუკის" ტიპის საზენიტო სისტემის ფონზე. იქვეა რუსეთის ლიდერის წარმოსახვაში ნათქვამი სიტყვები: "მე ვიპოვი დამნაშავეებს და მათ რაკეტას მივცემ".
8
ბრიტანეთის ყოველკვირეულ "უიკის" აშშ-ის გამოცემა 1 აგვისტოს ნომერში ბეჭდავს პუტინის კარიკატურას სისხლიანი ხელებით. უკან "ბუკის" საზენიტო დანადგარია.
9
"ტყუილების აბლაბუდა" - ასე დაასათაურა ბრიტანეთის "ეკონომისტმა" თავისი მორიგი ნომერი.
10
კანადის ყოველკვირეული "მაკლინზი" სამგზავრო "ბოინგის" ჩამოგდებისთვის პასუხიმგებლობას პუტინს აკისრებს და წერს: "მკვლელობა, რომლისთვისაც არავინ ისჯება".