Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: რუსეთი თვითონ არის საერთაშორისო ტერორიზმის მსხვერპლი


ტერორიზმთან ბრძოლაში აშშ და რუსეთი უნდა დააახლოვოს ბოსტონის მარათონზე აფეთქებამ, მოელის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელსაც მიაჩნია, რომ რუსეთი საერთაშორისო ტერორიზმის მსხვერპლი იყო.

„მე მოწოდებით გამოვდივარ, რომ ამ ტრაგედიამ გვიბიძგოს ერთმანეთისკენ, რათა ბოლო მოვუღოთ საერთო მუქარებს, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სახიფათო ტერორიზმია. თუ მართლაც გავაერთიანებდით ძალისხმევას, ასეთ დარტყმებს აღარ მივიღებდით და ასეთ დანაკარგებს აღარ განვიცდიდით“, თქვა პუტინმა ამ თავის ფართომასშტაბიან პრესკონფერენციაზე, რომელიც რუსეთის სახელმწიფო მედიით გადაიცა.

აშშ-ისა და რუსეთის უწყებები იმის გამოძიებას ცდილობენ, თუ რატომ ესტუმრა ბოსტონის აფეთქებების მოწყობაში ეჭვმიტანილი ტამერლან ცარნაევი, რომელიც მამით ჩეჩენი იყო, შარშან რუსეთს. პუტინმა ბრალი დასდო დასავლეთს რუსეთის მიერ ტერორისტებად გამოცხადებული ჩრდილოკავკასიელი მეამბოხეების საინფორმაციო, ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაში:

„რუსეთი თვითონ არის საერთაშორისო ტერორიზმის მსხვერპლი, ერთ-ერთი პირველი ასეთ მსხვერპლთაგან. ჩვენი დასავლელი პარტნიორები და დასავლეთის მასმედიის წარმომადგენლები, თქვენი კოლეგებიც, ჩვენს ტერორისტებს, რომლებიც მხეცურ, სისხლიან, საზიზღარ დანაშაულებს სჩადიოდნენ ჩვენს ქვეყანაში, უწოდებდნენ მეამბოხეებს და არასოდეს - ტერორისტებს“, თქვა პუტინმა, რომელმაც ჟურნალისტებს და საზოგადოებას ასევე ამცნო, რომ ორი წერილი მიიღო ყოფილი ოლიგარქის, ბორის ბერეზოვსკისგან, რომელიც ლონდონში გარდაიცვალა გასულ თვეში. პუტინის თქმით, მან პირველ წერილს პასუხი არ გასცა, მეორე კი ბერეზოვსკის სიკვდილის შემდეგ მიიღო:

არც კი გამოუძიებიათ, რა მოხდა. რა საჭირო იყო ამის გაკეთება? მხოლოდ იმისთვის, რომ ხმაური აეტეხათ, რომ ყველაზე მაგრები არიან. რატომ გააკეთეს? ეს იმპერიალისტური ქცევაა საგარეოპოლიტიკურ არენაზე...
ვლადიმირ პუტინიi
„ბერეზოვსკი მწერდა, რომ ბევრი შეცდომა დაუშვა, ზარალი მოგვაყენა და ითხოვდა პატიებას და შესაძლებლობას, დაბრუნებულიყო სამშობლოში“.

კორუფციასთან მებრძოლი ბლოგერის ალექსეი ნავალნის სასამართლოს შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციაში პოლიტიკური პროცესები აღარ იმართება და საზოგადოება არ დაუშვებს სტალინისტური მეთოდების დაბრუნებას. ნავალნი პუტინის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი. მას ბრალად დასდეს ნახევარ მილიონ დოლარზე მეტის მიტაცება. თვითონ ნავალნის მიაჩნია, რომ ეს საქმე მის წინააღმდეგ შეთითხნეს, რათა პოლიტიკას ჩამოაშორონ. პუტინი შეეხო მაგნიტსკის აქტსაც, აშშ-ის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც რუსეთის ოფიციალურ პირებს, ვინც დაკავშირებულია ადვოკატ მაგნიტსკის სიკვდილთან რუსეთის საპატიმროში, უკრძალავს შტატებში მოგზაურობას. რუსეთმა ამ აქტს თავისი სიით უპასუხა.

„არც კი გამოუძიებიათ, რა მოხდა. რა საჭირო იყო ამის გაკეთება? მხოლოდ იმისთვის, რომ ხმაური აეტეხათ, რომ ყველაზე მაგრები არიან. რატომ გააკეთეს? ეს იმპერიალისტური ქცევაა საგარეოპოლიტიკურ არენაზე. ვის მოეწონებოდა ეს? ჩვენ გავაფრთხილეთ, რომ პასუხს გავცემდით“, განაცხადა პუტინმა, რომელსაც კითხვა-პასუხის დროს მიმართა პრიმორსკელმა ბავშვმა, მრავალშვილიანი ოჯახის წევრმა, რომელსაც 14 და-ძმა ჰყავს, მათგან 12 - ნაშვილები.

პრიმორსკელმა ბავშვმა პრეზიდენტს სათამაშო მოედნის აშენება სთხოვა. პუტინმა პირობა დადო თხოვნის შესრულებისა და დანაპირების განხორციელება პრესკონფერენციის მსვლელობისასვე დაიწყო. წამყვანმა გამოაცხადა, რეგიონის გუბერნატორმა მშენებლობის დაწყების განკარგულება გასცაო. რუსეთის პრეზიდენტმა შეაფასა ამ პრესკონფერენციაზე პრემიერის, დმიტრი მედვედევის მთავრობასთან თანამშრომლობაც:

„რის გაკეთება შევძელით, რისი ვერა და ვარ თუ არა კმაყოფილი? მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, რომ მუშაობა დამაკმაყოფილებლად მიდის“, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG