Accessibility links

სავიზო რეჟიმი - „ანაქრონიზმი“ ევროპაში და კონვენციური რეალობა რუსეთისათვის


ვლადიმირ პუტინის პრესკონფერენცია

რუსეთის პრეზიდენტი ანაქრონიზმად მიიჩნევს ევროკავშირში არსებულ სავიზო რეჟიმს და მიესალმება უკრაინის მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას. ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა განაცხადა 23 დეკემბერს გამართულ ვრცელ პრესკონფერენციაზე, რომელსაც, სულ ცოტა, 1 500 რუსი და უცხოელი ჟურნალისტი ესწრებოდა.

„რაც შეეხება ევროპის მხრიდან უკრაინის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას, ამას მე სრულად ვუჭერ მხარს. მეტიც, მიმაჩნია, რომ სავიზო რეჟიმი ევროპაში ცივი ომისდროინდელი ანაქრონიზმია და მისგან რაც შეიძლება მალე უნდა გავთავისუფლდეთ“. ქართველი ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაბრუნებას, თუ ეს ნაბიჯი არ დააზარალებს რუსეთის უსაფრთხოებას. უვიზო მიმოსვლის რეჟიმის აღდგენამდე კი რუსეთის პრეზიდენტს მნიშვნელოვნად მიაჩნია რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების დალაგება სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების ხაზით და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა.

პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინს რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს აშშ-ის ხელმძღვანელობის შესახებ, რაზეც კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ მას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან „კონსტრუქციული ურთიერთობის“ იმედი აქვს, ბარაკ ობამა კი, პუტინის აზრით, „ქვეყანას ყოფს“.

„სრულიად აშკარაა, რომ [აშშ-ის] დღევანდელი ადმინისტრაცია ყოფს ქვეყანას. მათი მოწოდება საარჩევნო კოლეგიის წევრებისადმი, რომ მხარი არ დაეჭირათ ამა თუ იმ კანდიდატის, ამ შემთხვევაში, არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისათვის, ეს, უბრალოდ, ერის გაყოფისაკენ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა პუტინმა.

რაც შეეხება ანკარასთან ურთიერთობას, რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსი დიპლომატის, თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის, მკვლელობა, ხელს ვერ შეუშლის რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებს. ვლადიმირ პუტინმა 21 დეკემბერს, საკუთარი განკარგულებით, სიკვდილის შემდეგ რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა რუს დიპლომატს, რომელიც ანკარაში 19 დეკემბერს პოლიციელმა მევლუთ მერთ ალტინტაშმა იმ დროს მოკლა, როდესაც ის ანკარაში მოწყობილ ფოტოგამოფენაზე სიტყვას წარმოთქვამდა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ასევე დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს ეკონომიკური ვარდნა უმნიშვნელო იქნება და ის საგრძნობლად არ აისახება არც მოსახლეობისა და არც ქვეყნის კეთილდღეობაზე. 19 დეკემბერს ევროპის კავშირმა მოქმედების ვადა გაუხანგრძლივა სანქციებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა კრემლის მოქმედების გამო უკრაინაში. საბჭოს განცხადებით, რუსეთის ეკონომიკის ზოგიერთი სექტორისთვის დაწესებული სანქციების ვადა 2017 წლის 31 ივლისამდე გაგრძელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG