Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალისა და მამაკაცის კონსტიტუციური ერთობა


კონსტიტუციაში ქორწინება განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც წარმოადგინა საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის ის ნაწილი, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებებს შეეხება. კობახიძის განცხადებით, ამ ჩანაწერის მიზანია გარკვეულ ჯგუფებს ჰომოფობიური და ანტიდასავლური განწყობების გაღვივების საშუალება არ მიეცეთ. ამგვარი ინიციატივა, რომელიც სოციალური ჯგუფებისგან არ მომდინარეობს და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს წარმოადგენს, ვერ მოემსახურება ჰომოფობიური განწყობებისგან დაცვას, მიიჩნევენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ქალისა და მამაკაცის კონსტიტუციური ერთობა
please wait

No media source currently available

0:00 0:04:53 0:00
გადმოწერა

„ქორწინების დეფინიცია უნდა შეესაბამებოდეს სოციალურ აღქმას, ეს არ ნიშნავს დისკრიმინაციის რაიმე ფორმით წახალისებას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც მან საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილზე ილაპარაკა, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებებს მოიცავს.

„ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ გარკვეულ ჯგუფებს არ მიეცეთ არავითარი საბაბი ჰომოფობიური განწყობების და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებისთვის. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, ერთადერთი ეფექტური ფაქტორი, რომელსაც გარკვეული ძალები, რომლებსაც გარკვეული კავშირები აქვთ სხვა ქვეყნებთან, ამ საბაბის გამოყენებით, სამწუხაროდ, ისინი ახერხებენ ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას და, ასევე, ჰომოფობიური განწყობების გაღვივებას. ამის პრევენციას ემსახურება ის დაზუსტება, რომელიც არის წარმოდგენილი. საერთო იურიდიული მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ ქორწინების დეფინიცია უნდა შეესაბამებოდეს მის სოციალურ აღქმას“.

ქალისა და მამაკაცის კონსტიტუციური ერთობა
please wait

No media source currently available

0:00 0:02:15 0:00

„ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“ - ამგვარია კონსტიტუციაში ამჟამად არსებული ჩანაწერი. ინიციატივა კი, რომელიც სოციალური ჯგუფების მხრიდან არ მომდინარეობდა და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს წარმოადგენს, ვერ მოემსახურება ჰომოფობიური განწყობებისგან დაცვას, ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი ლიკა ჯალაღანია. ამასთან, მისი სიტყვებით, კონსტიტუციური ცვლილება რეალობაში ვერ იარსებებს, ვინაიდან ერთი სქესის ადამიანთა შორის ქორწინებას სამოქალაქო კოდექსი ისედაც არ უშვებს.

„ის არგუმენტი, რომ უმრავლესობის სენტიმენტების გამო ჩვენ კიდევ უფრო მეტი რეპრესირება მოვახდინოთ უმცირესობის წევრების, ეს ვერ იქნება დემოკრატიული ღირებულების მქონე პრინციპი. პირიქით, ის აშკარად ეწინააღმდეგება მას და, ამავე დროს, ერთი პრობლემა ისიც არის, რომ პოლიტიკური ჯგუფები ამ ცვლილების მოთხოვნას საზოგადოებიდან წამოსულ მოთხოვნად ასაღებენ, რაც სინამდვილეში არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ რომ მოთხოვნა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან წამოვიდა. ეს არ არის უმრავლესობის დაკვეთა და უმრავლესობის დაკვეთა ვერ იქნება კონკრეტული ჯგუფის უფლებების შეზღუდვა, ეს დემოკრატიულ საზოგადოებას ფუნდამენტს გამოაცლიდა“.

ქორწინების კონსტიტუციური განმარტების შეცვლის ინიციატივით 2012 წელს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა გამოდიოდა და ამ ინიციატივის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო. მოგვიანებით, 2014 წელს, იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, სურდა კონსტიტუციაში ოჯახის განმარტება შესულიყო, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია ოჯახის განმარტებას არ მოიცავს.

არ შეიძლება პარტიამ მხარდამჭერების მოზიდვის მიზნით ივაჭროს კონსტიტუციურ დებულებებზე, როგორიცაა, მაგალითად, ქორწინების საკითხი, ანუ კონსტიტუციური პოპულიზმი უნდა გამოირიცხოს, რაც დაამკვიდრებს კონსტიტუციისადმი მეტ ნდობას და აღარ გვექნება ამ სადამფუძნებლო დოკუმენტის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის...
გიორგი მუმლაძე

როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარმა გიორგი მუმლაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, როდესაც ხელისუფლებას კონსტიტუციაში ამგვარი ჩანაწერი შეაქვს, ის კონსტიტუციას აღიქვამს, როგორც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოსადეგ ინსტრუმენტს:

„არ შეიძლება პარტიამ მხარდამჭერების მოზიდვის მიზნით ივაჭროს კონსტიტუციურ დებულებებზე, როგორიცაა, მაგალითად, ქორწინების საკითხი, ანუ კონსტიტუციური პოპულიზმი უნდა გამოირიცხოს, რაც დაამკვიდრებს კონსტიტუციისადმი მეტ ნდობას და აღარ გვექნება ამ სადამფუძნებლო დოკუმენტის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის“.

სახალხო დამცველის ოფისში მიიჩნევენ, რომ არსებული ადმინისტრაციული საკანონმდებლო ბაზის პირობებში, მით უფრო, მაღალი ჰომოფობიური განწყობების გათვალისწინებით, დამატებითი განმარტებების ჩაწერა კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციასთან მიმართებით გაუგებარია, ვინაიდან ამან ეს განწყობები შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს, ამბობს სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას, რომლის ინიციატორიც მმართველი უმრავლესობა იყო, პარლამენტი მას შემდეგ დაიწყებს, რაც ვენეციის კომისიის სხდომა გაიმართება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, კომისიის სხდომა 16 ივნისსაა დანიშნული.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG