Accessibility links

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საზოგადოებას გააცნო მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ის ნაწილი, რომელიც განათლების სისტემის რეფორმირებას ითვალისწინებს. გეგმის მიხედვით, საქართველო უნდა გახდეს უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და კვლევის რეგიონალური ცენტრი. 2017 წლის 1 იანვრიდან იგეგმება, ასევე, პედაგოგებისთვის ხელფასების მნიშვნელოვანი გაზრდა და სახელმძღვანელოების გაუმჯობესება როგორც შინაარსის, ასევე ფორმის თვალსაზრისით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რეფორმის დეტალების გასაცნობად მთავრობის წევრები, პედაგოგები, პროფესორ-მასწავლებლები, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თბილისის ისტორიის მუზეუმში მიიწვია. მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ განათლების სისტემა უნდა იყოს დაფუძნებული პროგრესსა და განვითარებაზე:

„განათლების სიტემა, რომელსაც შევქმნით ჩვენ, იქნება დაფუძნებული უახლეს ტექნოლოგიებზე, საქართველოს რეგიონებში მაღალი ხარისხის განათლების წვდომაზე. საქართველო გახდება მეცნიერების, კვლევის და განათლების რეგიონული ჰაბი. ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტი თვისებრივად შეცვლის ქვეყანაში განათლების შესაძლებლობებს და იქნება რევოლუციური გარღვევა ამ მიმართულებით“.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს გააჩნია საუკეთესო პედაგოგიური პოტენციალი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავი კი ამბობს, რომ ამ პოტენციალის თითოეულ მისხალს სამინისტრო მიმართავს სწორი მიმართულებით:

„საქართველოში პედაგოგის პროფესია იქნება სულ უფრო დაფასებული როგორც მატერიალურად, ასევე პრესტიჟის თვალსაზრისით. ჩვენ ვაპირებთ, რომ პედაგოგებს შევუქმნათ ყველანაირი პირობა პროფესიული განვითარებისთვის და ღირსეული ცხოვრებისთვის“.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, 2017 წლის იანვრის ცვლილებების მიხედვით, ყველაზე მაღალი საფეხურის პედაგოგებს ექნებათ 1100 ლარი ხელფასი, ხოლო საშუალო ხელფასი მიაღწევს 800 ლარს. როგორც ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, ასევე 2017 წლიდან შეიცვლება სახელმძღვანელოები და სასწავლო პროგრამები. და კიდევ:

„შეიცვლება გაკვეთილების ფორმატები, შეიცვლება მასწავლებლების პროფესიული განვითარების სქემა. უმაღლესში უცხოელი სტუდენტების შემოყვანაზე გვაქვს აქცენტი. ვმუშაობთ საერთაშორისო აკრედიტაციაზე - გვინდა, რომ ქართულმა უნივერსიტეტებმა მიიღონ საერთაშორისო აკრედიტაცია“.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 10 ათასს აღწევს და მათ მიერ განხორციელებული კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკაში მეტად მნიშვნელოვანია. საქართველოს მთავრობა აპირებს, ასევე, სტუდენტების რაოდენობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას, რასაც მიესალმება განათლების სფეროს ექსპერტი, „სამოქალაქო ინტეგრაციის ურთიერთობების ცენტრის“ ხელმძღვანელი, შალვა ტაბატაძე:

„საქართველოს აქვს ინტერნაციონალიზაციის არაჩვეულებრივი პერსპექტივა ადგილმდებარეობისა და ისეთი დარგების განვითარების თვალსაზრისით, როგორებიცაა იგივე სამედიცინო სფერო, იგივე ტექნოლოგიების მიმართულება, სოფლის მეურნეობის მიმართულება... სათანადო ძალისხმევის შემთხვევაში, არაჩვეულებრივი პერსპექტივა ექნება, რადგანაც საერთაშორისო სტუდენტთა ზრდა არის ძალიან დიდი მთელ მსოფლიოში, თუმცა საჭიროა სათანადო ხარისხის დახვედრება. თუ აქ დავახვედრეთ უხარისხო განათლება და არ შეიქმნა ბრენდი უმაღლესი განათლების, დავკარგავთ იმ პოტენციალს, რომელიც გაგვაჩნია“.

რაც შეეხება პედაგოგებისათვის ხელფასების ზრდას, ამასთან დაკავშირებით შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ ხელფასის მატება კარგია, მაგრამ ეს არ განაპირობებს კომპეტენციის ზრდასა და საკადრო რესურსის განვითარებას.

„საუბარი უნდა იყოს იმაზე, თუ როგორ უზრუნველყოფს სამინისტრო, ერთი მხრივ, ამ ხელფასების გაზრდას და, მეორე მხრივ, გაზრდილი ხელფასების შესაბამისი კომპეტენტური და კვალიფიციური კადრებით სკოლების უზრუნველყოფას. ეს მექანიზმებია ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გვყავს 65 ათასი მასწავლებელი, რომელთა დიდი ნაწილის კომპეტენცია დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, გვყავს ასაკოვანი მასწავლებელები. დაახლოებით, ხუთ წელიწადში ჩვენი მასწავლებლების კორპუსის ნახევარი იქნება პენსიონერი მასწავლებლებისგან შემდგარი და საინტერესოა, რა მექანიზმებს გვთავაზობს მთავრობა იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, მოხდეს ღირსეულად ამ მასწავლებლების პენსიაში გასვლა და, მეორე მხრივ, მოხდეს მაღალკვალიფიციური კადრებით მათი ჩანაცვლება. ამ მექანიზმების არსებობაა მნიშვნელოვანი, თორემ, ზოგადად, ხელფასის გაზრდა, რასაკვირველია, კარგია სამოტივაციოდ“, უთხრა რადიო თავისუფლებას შალვა ტაბატაძემ, „სამოქალაქო ინტეგრაციის ურთიერთობების ცენტრის“ ხელმძღვანელმა.

განათლების მინისტრი კი ამბობს, რომ 2017 წლიდან საშუალო სკოლებში დაინერგება სიახლე ელექტრონული წიგნების სახით - მოსწავლეებსა და მათ მშობლებს საშუალება ექნებათ არჩევანი გააკეთონ ტრადიციულ და ელექტრონულ სახელმძღვანელოებს შორის. გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სოფლის სკოლების კეთილმოწყობასა და აღჭურვას. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, სოფლის სკოლების განვითარება უშუალო კავშირშია ქართული სოფლის შენარჩუნებასთან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG