Accessibility links

ალექსანდრე ლორთქიფანიძე, იგივე სანდრო, იგივე ხვიარა ლიტერატურაში პოეზიით შემოვიდა. ის "ვარდისფერი ავტობუსის" ხუთი ავტორიდან ერთ-ერთი იყო. ჯგუფი დაიშალა და პოეტები სხვადასხვა გზით წავიდნენ, სხვადასხვა სახელოვნებო თუ სოციალური სივრცეები მოსინჯეს. სანდრო პროფესიით მსახიობია და გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ დრამატურგიაში სცადა ბედი.

წელს გამომცემლობამ "წიგნები ბათუმში" მისი პიესების კრებულიც გამოსცა სახელწოდებით "დისტოპიესები" და უკვე შეგვიძლია მთლიანობაში დავინახოთ და შევაფასოთ სანდროს დრამატურგიული შესაძლებლობები. წიგნში ექვსი პიესაა შესული, აქედან მხოლოდ ერთი, "კუნძულია", თუ შეიძლება ასე ითქვას, "სრულმეტრაჟიანი". დანარჩენი ხუთი "მოკლემეტრაჟიანია". წიგნის სათაურიც ყველაზე მეტად "კუნძულს" ერგება, რადგან ლორთქიფანიძე აქ ჟანრული კანონებით გაწერილ დისტოპიას ანუ ანტიუტოპიას ქმნის. მინიპიესებიდან მსგავსი თვისებები დაჰკრავს "ჩეხოვის წიგნს", "ანამ დახურა ფანჯრები" უფრო ალტერნატიული ისტორიის შეთხზვის მცდელობაა, "თევზის იავნანა" - ლირიკა, "შრედინგენის კატა მკვდარია" - აბსურდის თეატრის ნიმუშებისკენ იხრება, "ჩვენი მშობლიური ბიგმაკი..." კი სოციალური კომედიაა. ანუ თემატურადაც და ჟანრულადაც ერთი მიმართულება აქ არ ჩანს. ჩანს ის, რომ ორიგინალური ტერმინის მქონე სუბჟანრის გამოგონება ავტორისთვის მიმზიდველი იყო და წიგნის სათაურადაც ამიტომ გამოიტანა, მაგრამ ობიექტურად მე ამ ტექსტებს "დისტოპიესების" ქვეშ ვერანაირად ვერ გავაერთიანებ. პიესების ამ კრებულზე საუბარი ვთხოვე ახალგაზრდა პროზაიკოსს ბექა ადამაშვილს. მოვუსმინოთ მას.

რაღაცებს ალბათ არ გეუბნება, და შეიძლება ვერც ვხვდებით, რომ იქ ალუზია იყო, მაგრამ სანდრო ყოველთვის გაძლევს შანსს, მიხვდე შენით, ვინ არის ჩაფიქრებული პერსონაჟში მისი სახელის, მოქმედების თუ ინფორმაციის მიხედვით, რასაც ნელ-ნელა, ეტაპობრივად გაწვდის პიესის მიმდინარეობისას...
ბექა ადამაშვილი

ბექა ადამაშვილი: თითქოს სპონტანურიც არის ეს ნაწერი და მეორე მხრივ ხვდები, რომ ნაფიქრი არის თავიდან ბოლომდე. არის ისეთი ციტატა, რომელიც ეკუთვნის ეჟენ იონესკოს: "მე არასოდეს მიჩნდება იდეები პიესის დაწერამდე, მე ისინი მისი დასრულების შემდეგ მომდის თავში. მჯერა რომ მხატვრული შემოქმედება სპონტანურია, ის ჩემთვისაა." ამიტომ ეს სპონტანურობა, მეორე მხრივ აბსურდი, რომელიც გვხვდება პიესებში, უცებ ამოვარდება ხოლმე, ხდის მას საკმაოდ საინტერესოს და ეს მოულოდნელობები, როგორც კვანძის გახსნის მხრივ, ასევე თხრობის მხრივ, დინამიკურობას სძენს პიესებს. გამომდინარე იქიდან რომ, როგორც მითითებულია წიგნის ანოტაციაში, მინიპიესების უმეტესობა დაწერილია 2-3 დღეში, ეს ერთი მხრივ აისახა ზომაზე და მეორე მხრივ იმ სპონტანურობაზეც, რაზეც ვსაუბრობდი. "კუნძული" გამორჩეული არის იმ მხრივ, რომ აქ გაცილებით უფრო მეტია სიტყვებით თამაში, ალუზიები, ასოციაციები, რაც სხვაგან უფრო ნაკლებად გვხვდება, იმიტომ, რომ ერთი მხრივ მცირეა ეს პიესები და მეორე მხრივ, მაინც მგონია რომ სპონტანურია. "კუნძულის" კითხვისას დამრჩა განცდა, რომ სანდრო ერთგვარად ეთამაშება მკითხველს. ეს დაახლოებით ჰგავს კროსვორდების გაზეთებს, სადაც ბოლოში პასუხები წერია. თუ მიხვდები შენით, თუ ამოხსნი რაღაცებს - გიხარია, მაგრამ ბოლოში მაინც გეუბნებიან - ეს იყო ეს ჩაფიქრებული ალუზია, ეს იყო ეს, ეს იყო ეს. რაღაცებს ალბათ არ გეუბნება, და შეიძლება ვერც ვხვდებით, რომ იქ ალუზია იყო, მაგრამ სანდრო ყოველთვის გაძლევს შანსს, მიხვდე შენით, ვინ არის ჩაფიქრებული პერსონაჟში მისი სახელის, მოქმედების თუ ინფორმაციის მიხედვით, რასაც ნელ-ნელა, ეტაპობრივად გაწვდის პიესის მიმდინარეობისას.

როგორ ანტიუტოპიას ქმნის ალექსანდრე ლორთქიფანიძე "კუნძულში"? აქ არაა მოცემული ახალი სამყაროს შენების პროცესი. აქ სამყაროს "ძველისგან" განთავისუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. თეთრ, შავ, მწვანე და წითელჰალტუხიანი ოთხი მკვლელი "ზემოდან", ბოსისგან მიღებულ ბრძანებას ასრულებს და კუნძულს ადამიანებისგან წმენდს. ადამიანის კონკრეტულ თვისებებს არავინ აკვირდება, ყველა მათთვის "ძველია" და მოსაშორებელია. კუნძულზე სულ რამდენიმე ადამიანიღაა დარჩენილი და ისინი გადარჩენაზე, გაქცევაზე ფიქრობენ. პიესის კონფლიქტიც ამ ჰალსტუხიანებსა და გადარჩენილებს შორის ვითარდება, თუმცა პარალელურად ჰალსტუხიანებს შორის ასევე ნელ-ნელა ვითარდება შიდა კონფლიქტი და დაძაბულობა. პიესას აქვს მოულოდნელი კვანძის გახსნები, თითქოსდა ის ყველაფერი, რაც ასეთი ტიპის ტექსტს სჭირდება, მაგრამ როგორც ჟანრის ნიმუში, მაინც სუსტი რჩება. კარგი ანტიუტოპიის დაწერა ძალიან რთულია, რადგან ამ შემთხვევაში ავტორი აუცილებლად უნდა გავიდეს იდეებზე, უნდა შექმნას სამყაროს თავისებური მოდელი, უნდა ამოაყირავოს აქამდე არსებული სისტემები ან კიდევ უფრო გაამკაცროს, ზღვრამდე მიიყვანოს. ლორთქიფანიძის პიესაში ჰალსტუხიანები საუბრობენ ახალ სამყაროზე, რომლის შექმნაში მონაწილეობა მათ დაევალათ, მაგრამ არანაირად არ ჩანს ამ ახალი სამყაროს კონტურები. შეიძლება ეს აიხსნას იმით, რომ ჰალსტუხიანები "პაიკები" არიან და როგორ იგეგემება სამყაროს გადაკეთება, ამის შესახებ წარმოდგენა არა აქვთ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. როგორც ჟანრის ნიმუში, ახალი სამყაროს საინტერესო მოდელის გარეშე, ის მაინც ნაკლოვანი რჩება. რაც შეეხება პიესის პერსონაჟებს, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო 21 წლის გოგონების - ქარაფშუტა პეტას და ჭკუისკოლოფა ბრიუს - წყვილი, რომელიც ავტორს ძალიან ცოცხალი და კონტრასტული გამოუვიდა.

ბექა ადამაშვილი
ბექა ადამაშვილი

რა ხდება მინიპიესებში? მოვუსმინოთ კვლავ ბექა ადამაშვილს.

ბექა ადამაშვილი: "თევზის იავნანა" არის ერთგვარი ამოვარდნა ყველა პიესიდან. კი, სხვაგანაცაა, მაგალითად პიესაში "ანამ დახურა ფანჯრები" ერთგვარი ტრაგიკული მომენტები, მაგრამ იუმორი მაინც გვხვდება და ვხვდებით, რომ ეს არ არის წმინდად ემოციური მოთხრობა, რომელმაც უნდა დაგამძიმოს. რაც შეეხება პიესას "შრედინგენის კატა მკვდარია", მისი ბოლო ფრაზა თითქოს ხსნის, ვინ შეიძლება იყოს დამნაშავე, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ისეთი ფინალია, როგორიც მოუხდება კრისტოფერ ნოლანის ფილმებს, როდესაც ვერ ხვდები, სად მთავრდება ერთი სივრცე, ერთი განზომილება და სად იწყება მეორე.

"შრედინგენის კატა მკვდარია" გაშარჟებაა თერაპიული სეანსის, სადაც პაციენტები ერთმანეთს საკუთარი პრობლემების შესახებ უყვებიან ხოლმე. შავი იუმორით, აბსურდის ელემენტებით, განსხვავებული ტიპაჟებით ავტორი დინამიკურ სცენას ქმნის და მოწყვეტით ამთავრებს. ეს რვაგვერდიანი ტექსტი ალბათ ერთ-ერთი გამორჩეულია ამ წიგნში, სადაც ჩანს, თუ რა მიმართულებით აჯობებს იაროს ავტორმა და ეცადოს, მსგავსი ხელწერა "სრულმეტრაჟიან" პიესებშიც გადაიტანოს. ალბათ იგივე შეიძლება ითქვას "ჩეხოვის წიგნზეც". აქაც ჩანს პოტენციალი, სატირული გარემოს შექმნის უნარი. და რაც მთავარია, ერთი პატარა ანტიუტოპიური სურათი აქ კარგად იხატება. რაც შეეხება მინიპიესას "ანამ დახურა ფანჯრები", საინტერესოა ანა ფრანკის ტრაგიკული პერსონის მოქცევა კომიკური არსებების არეალში, მაგრამ ეს ბურლესკი აქ ცოტა გადამლაშებული მეჩვენება. "ჩვენი მშობლიური ბიგმაკი..." გასაუბრებების შარჟია და სოციალურად მტკივნეულ თემას ეხება, თუმცა ზემოთ ნახსენებ მინიპიესებთან შედარებით ნაკლებად ორიგინალურ იდეაზე დგას. პრინციპში, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს პიესები კარგი სავარჯიშოები იყო ავტორისთვის და სამომავლოდ მიგნებულ ხერხებს უფრო დახვეწს და გაცილებით კომპლექსური ტექსტების შესაქმნელად გამოიყენებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG