Accessibility links

ბათუმში, 24 ნოემბერს საღამოს მომხდარი ტრაგედიის ადგილას, სასტუმრო „ლეოგრანდის“ შესასვლელში მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ ხანძრის შედეგად 11 დაღუპულის ხსოვნის პატივსაცემად.

  • ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ლეო გრანდის“ მფლობელია კომპანია „მერსინ ტურიზმი“.
  • სასტუმრო თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა დააფუძნეს 2011 წელს.
  • 20-სართულიან, 180-ნომრიან სასტუმროში 40-მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
  • „ლეოგრანდის“ მშენებლობა 2015 წელს დასრულდა.

სასტუმროს მობინადრეებს პირადი ნივთები გამოაქვთ შენობიდან. პოლიციის თანამშრომლები სასტუმროს შესასვლელს დარაჯობენ და გარეშე პირებს არ უშვებენ შენობაში. იქ საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს იმის დასადგენად, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რამდენად დაცული იყო სახანძრო უსაფრთხოების ნორმები.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შესახებ შეტყობინება სამაშველო სამსახურში 24 ნოემბერს, 20:01 საათზე შევიდა. ტრაგედიის დროს სასტუმროში მყოფი ერთ-ერთი პირი იხსენებს, რომ იმ საღამოს სასტუმროს მეშვიდე სართულზე იმყოფებოდა, როდესაც ძლიერი დაკვამლიენება დაიწყო, ხალხს სუნთქვა უჭირდა და შველას ითხოვდა.

„ვიყავით მე-7 სართულზე რესტორანში ვახშამზე. 8-ს აკლდა ათი წუთი, უეცრად შუქი ჩაქრა და ძლიერი კვამლი შევნიშნეთ. სასტუმროს თანამშრომელმა დაიყვირა - ხანძარიაო! გამოვედით ღია აივანზე. დაახლოებით 15 წუთში დადგა წარმოუდგენელი, შავი კვამლი, საშინელი სუნით, ისეთი, რომ შენობაში შესვლა და კიბით ქვემოთ ჩასვლა შეუძლებელი იყო. ამ დროს დავინახეთ ნომრებიდან ფანჯრებს აღებდნენ ადამიანები და შველას ითხოვდნენ, თეთრ ზეწრებს აფრიალებდნენ, ჩვენ კი ვამხნევებდით. მეხანძრეები მოვიდნენ, მაგრამ თითქმის ორი საათის განმავლობაში ვერ ამოდიოდნენ შენობაში კვამლის გამო. ვცადეთ რესტორნის მინების ჩამსხვრევა, რომ კვამლი გარეთ გასულიყო, თუმცა ვერ მოვახერხეთ. დაახლოებით 10 საათს წუთები აკლდა - ამწე მოვიდა. მეხანძრეებმა ამოაღწიეს და შემთხვევის ადგილიდან გაგვიყვანეს“ - იხსენებს კახა მიქიაშვილი, რომელიც ხანძრის დროს სასტუმრო „ლეოგრანდში“ იმყოფებოდა.

ვცადეთ რესტორნის მინების ჩამსხვრევა, რომ კვამლი გარეთ გასულიყო, თუმცა ვერ მოვახერხეთ.
კახა მიქიაშვილი

მეხანძრე-მაშველებმა სასტუმროს შენობიდან 100-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს. ხანძრის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, მათგან ათი საქართველოს, ერთი კი ირანის მოქალაქე. დაშავდა 21 პირი, მათ შორის სამი მაშველი. დაზარალებულებს ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, ბრიუსელიდან ბათუმში ჩაფრინდა და განაცხადა, რომ დაისჯებიან ისინი, ვინც პასუხისმგებელია ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრისთვის, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. ტრაგედიის ღამეს „ლეოგრანდში“ იმყოფებოდა აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. მისი განმარტებით, გამოძიება დაიწყო 243-ე მუხლით, რაც ნიშნავს, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევას:

„პირველი მოკვლევით, როგორც ჩანს, ხანძრის კერა იყო სასტუმროს მეოთხე სართულზე, რის შემდეგაც, სამწუხაროდ, მოხდა დაკვამლიანება ერთადერთი გასასვლელი დერეფნის, სადაც არის კიბე. ხალხი იყო ბლოკირებული სასტუმროს მეშვიდე სართულზე. მადლობა, პირველ რიგში მაშველებს, რადგან მათი მამაცი საქციელის გამო შევძელით ადამინების გამოყვანა სასტუმროს მეშვიდე სართულიდან და დაახლოებით ასი ადამიანის გადარჩენა მოვახერხეთ. გამოძიება უნდა იყოს ძალიან ობიექტური და სწრაფი - ეს არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოძიების დასრულებამდე და ბრალეულობის დადგენამდე გაჩნდა კითხვა - ვის ევალება სახანძრო უსაფრთხოების კონტროლი ტურისტულ ქალაქში და როგორ მოწმდება სახანძრო უსაფრთხოება ახლად აშენებულ შენობებში?

მოპასუხე ქალაქ ბათუმის მერიაა, კერძოდ კი არქიტექტურის სამსახური, რომელიც ქალაქში მშენებლობებზე ნებართვებს გასცემს, შემდეგ კი ამ შენობებს ვარგისად აღიარებს.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ლეო გრანდის“ მფლობელია კომპანია „მერსინ ტურიზმი,“ რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა დააფუძნეს 2011 წელს. 20-სართულიან, 180-ნომრიან სასტუმროში 40-მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სასტუმრო „ლეოგრანდის“ მშენებლობა 2015 წელს დასრულდა და ამავე წელს საზეიმოდ გაიხსნა.

ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე აცხადებს, რომ როდესაც სასტუმრო „ლეოგრანდი“ ექსპლუატაციაში მიიღეს, კანონი არც თვითმმართველობას და არც მენაშენეს არ ავალდებულებდა სახანძრო უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებას:

პასუხისმგებლობა სრულად ეკისრებოდა დამკვეთს და მის მიერ შერჩეულ საპროექტო ორგანიზაციას
ირაკლი ახალაძე

„რეგულაციებით, რომლითაც მაშინ გაიცემოდა ნებართვები, კერძოდ 57-ე დადგენილებით, არ იყო სავალდებულო, ნებართვის გაცემისა და მშენებლობის ვარგისად აღიარების პერიოდშიც სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით კომპეტენტური ორგანოს დასკვნის წარმოდგენა. შესაბამისად, კომპანიის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ასეთი დასკვნა. პასუხისმგებლობა სრულად ეკისრებოდა დამკვეთს და მის მიერ შერჩეულ საპროექტო ორგანიზაციას“.

ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი აცხადებს რომ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების კონტროლის ვალდებულება 2017 წლის დადგენილებით დაწესდა.

ბათუმის ვიცე-მერმა თენგიზ პეტრიძემ კი განაცხადა, რომ სასტუმრო „ლეოგრანდი“ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის რამდენჯერმე დააჯარიმეს. მისივე განმარტებით, სასტუმროს არ გააჩნდა საევაკუაციო გეგმა და ცეცხლმქრობის საკმარისი რაოდენობა. ქალაქის ვიცე-მერმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობა თვითმმართველობას არ ავალდებულებს სახანძრო უსაფრთხოების ნორმების კონტროლს:

„ობიექტზე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება მესაკუთრეს, ამ ობიექტის მფლობელს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ტექნიკური საშუალებები იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა - ჩვენ აუცილებლად უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. გამოძიების შედეგების მიხედვით და ექსპერტების დასკვნის საფუძველზე შესაძლებელი იქნება განსაზღვრა, თუ ვის რა წილი პასუხისმგებლობა ეკისრება“.

გამოძიებამ დღეს სასტუმრო „ლეოგრანდის“ თანამშრომლები დაკითხა. „პასუხისმგებლობას არ გაურბის სასტუმროს მფლობელი კომპანია და თანამშრომლობს გამოძიებასთან“ - განაცხადა სასტუმრო „ლეოგრანდის“ იურისტმა კახა წერეთელმა.

27 ნოემბერს საქართველოში გლოვის დღე გამოცხადდა. ამ დღეს, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG