რადიო თავისუფლებამ, რომელსაც თავდაპირველად „რადიო განთავისუფლება“ ერქვა, ყოფილ საბჭოთა კავშირში მაუწყებლობა 1953 წლის 1 მარტს დაიწყო და თითქმის მაშინვე მოიპოვა მნიშვნელოვანი აუდიტორია, როცა ოთხი დღის შემდეგ სტალინის სიკვდილი გააშუქა. მთელი ცივი ომის განმავლობაში რადიო თავისუფლება და მისი პარტნიორი მაუწყებელი, რადიო თავისუფალი ევროპა ცენზურაგაუვლელ ახალ ამბებს და ინფორმაციას გადასცემდნენ რკინის ფარდის მიღმა და, ამავე დროს, მიკროფონს უთმობდნენ დისიდენტებს და ოპოზიციურ მოძრაობებს კომუნისტურ ქვეყნებში. ამდენად, ფართოდ გავრცელებული აზრით, ორივე რადიოსადგურმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კომუნიზმის დანგრევასა და ყოფილ აღმოსავლეთ ბლოკში დემოკრატიების ფორმირების საქმეში. 1995 წლიდან სადგურებს პრაღაში უდევთ ბინა ერთიანი ორგანიზაციის სახით. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება ამჟამად წარმოადგენს რამდენიმე მედიაპლატფორმაზე მოქმედ ორგანიზაციას, რომელიც ახალ ამბებს და ინფორმაციას აწვდის ქვეყნებს, სადაც დამოუკიდებელი მედია მთავრობის მიერ აკრძალულია ან არ არის სათანადოდ განვითარებული.
რადიო თავისუფლება 60 წლისაა

1
კომპოზიტორ ვერნონ დიუკს (ვლადიმირ დუკელსკის) ინტერვიუს ართმევენ რადიო თავისუფლების კორესპონდენტები ვიქტორია სემენოვა (ცენტრში) და მიხაილ კორიაკოვი (მარჯვნივ). 1955 წელი, მიუნხენი.

2
რადიო თავისუფლების მაუწყებლობის მთავარი საკონტროლო ოთახი, მიუნხენი, 1964 წელი.

3
„რადიო განთავისუფლების“ პირველი შენობა მიუნხენში, ობერვიზენფელდზე. 1953 წელი.

4
„რადიო თავისუფლების“ ტელეტაიპის ოპერატორი, 1950-იანი წლები.

5
აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი და ადამიანის უფლებების დამცველი, ელენორ რუზველტი ინტერვიუს აძლევს რადიო თავისუფლებას. 1950-იანი წლების ბოლო.

6
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, ვალერიან ობოლენსკი, 1950-იან წლებში.

7
რადიო თავისუფლების ტექნიკური განყოფილების ხელმძღვანელი, რიჩარდ ჯუელ ტენკსლი (მარცხნივ) სტუმრებს უჩვენებს მთავარ საკონტროლო ოთახს. მიუნხენი, 1964 წელი.

8
რადიო თავისუფლების რედაქტორი, ფრენსის რონალდსი ინტერვიუს ართმევს სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერს, მარტინ ლუთერ კინგს, აშშ-ში რასობრივი თანასწორობისთვის მიმდინარე ბრძოლაზე, 1966 წელს.

9
1976 წელს რადიო თავისუფალი ევროპა და რადიო თავისუფლება გაერთიანდნენ ერთ ორგანიზაციად, რომელმაც ბინა დაიდო მიუნხენის „ინგლისურ ბაღში“.

10
რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების მაუწყებლობის მთავარი საკონტროლო ოთახი, მიუნხენი, 1980-იანი წლების ბოლო.