Accessibility links

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჯილეხით მამაკაცი გარდაიცვალა. ეს სნეულება, როგორც წესი, ადამიანზე დაავადებული საქონლიდან გადადის. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამჯერად, ჯილეხის კერებს დეზინფექცია გაუკეთდა, ცხოველბს კი იძულებითი ვაქცინაცია უტარდებათ. ექსპერტები გარევაჭრობის გამკაცრებაზე საუბრობენ.

ჯილეხის შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დაფიქსირდა. მამაკაცს ჯილეხი სახლში დაკლული საქონლის ხორცისგან გადაედო. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის, ლაშა ავალიანის ინფორმაციით, ახალსოფელსა და მის მიმდებარე სოფლებში, ამჯერად, ცხოველების ვაქცინაცია მიმდინარეობს და ჯილეხის გავრცელების საშიშროება არ არის. მისივე თქმით, ზოგადად, ჯილეხის ვაქცინაცია მასობრივად მთელ საქართველოში არ ტარდება, მხოლოდ იმ სოფლებში, სადაც ეს დაავადება როდესმე შეუნიშნავთ. ახლა ახალსოფელში ჯილეხი პირველად გამოვლინდა. ლაშა ავალიანი ამბობს, რომ სწორედ მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა საქართველოში 90-მდე სასაკლაო, სადაც პირუტყვს ვეტერინარი ამოწმებს, შესაბამისად, სასაკლაოს გვერდის ავლით ბაზარზე ხორცი ვერ მოხვდება.

„აქვე დავაანონსებ იმ სიახლეს, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში. სასაკლაოზე აიკრძალება იმ პირუტყვის დაკვლა, რომელსაც არ ექნება საყურე ნიშანი, რადგან საყურე ნიშანი ცხოველის სიცოცხლეში მისი გადაადგილების კონტროლს უზრუნველყოფს, რათა ჩვენ ვიცოდეთ, საიდან მოვიდა ცხოველი, როგორ მდგომარეობაში იყო, ჯანმრთელი იყო თუ არა ... ყველა ეს მონაცემი სწორედ საყურე ნიშნის მეშვეობით შეიძლება მოხვდეს მონაცემთა ბაზაში“.

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე აღნიშნავს, რომ პრევენციული ღონისძიებები ნამდვილად ტარდება, მაგრამ მაინც მეტია გასაკეთებელი. მისი თქმით, ამდენი ღონისძიების ფონზე, საქართველოში ჯილეხით ადამიანი არ უნდა გარდაიცვალოს.

„სამწუხაროა ის ფაქტები, რომ, სასაკლაოს გვერდის ავლით, მაინც ხდება პირუტყვის დაკვლა და შემდეგ მისი რეალიზაცია. ამ ფაქტებთან დაკავშირებით, შესაბამისი ზომებია მისაღები. მე ვგულისხმობ გარევაჭრობას, როცა სურსათის ეროვნული სააგენტო ვერ ამოწმებს, წესების დაცვით დაიკლა პირუტყვი თუ არა“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ჯილეხი (ციმბირის წყლული) ზოონოზური ინფექციური დაავადებაა. მისი გამომწვევია სპორისწარმომქმნელი ბაქტერია. ჯილეხით, ძირითადად, გარეული და შინაური ბალახისმჭამელი ცხოველები ავადდებიან: ძროხა, ხარი, ცხენი, თხა, ცხვარი, ღორი და სხვ. ადამიანს ჯილეხი დაავადებული ცხოველიდან გადაეცემა, ძირითადად – მისი დაკვლის, ხორცის დამუშავების, მოვლის დროს, ასევე პირუტყვის ტყავის, მატყლისა და ძვლის დამუშავებით. ჯილეხი შეიძლება გავრცელდეს საკვებითაც, თუ ინფიცირებული ხორცი კარგად შემწვარი ან მოხარშული არ არის. სპორას ვერ ანადგურებს ხორცის დამარილება, შებოლვა ან გამოშრობა. ჯილეხი შეიძლება მაშინაც კი დაგემართოს, თუ დაავადებული ცხოველის ბეწვი შეისუნთქე. ადამიანიდან ადამიანზე ჯილეხი, როგორც წესი, არ გადადის. თუ შინაური პირუტყვი აცრილია ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინით, მაშინ დაავადების საშიშროება, პრაქტიკულად, აღარ არსებობს. ინფიცირებული ცხოველი აუცილებლად სპეციალური წესით უნდა განადგურდეს. ჯილეხით დაავადებული ცხოველის დაკვლა, ხორცის საკვებად გამოყენება და გაყიდვა სასტიკად აკრძალულია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG