Accessibility links

რას ითხოვენ ამერიკელი კონგრესმენები საქართველოსთვის


საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების, ტედ პოსა (რესპუბლიკელი) და ჯერალდ კონოლის (დემოკრატი), ინიციატივით, 30-მა ამერიკელმა კონგრესმენმა 2 მაისს საქართველოს მხარდამჭერი სპეციალური წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სვლით წარმომადგენელთა პალატის წევრები ხაზს უსვამენ საქართველოს როლს სახიფათო რეგიონში, მის მნიშვნელოვან წვლილს გლობალური მშვიდობისთვის ბრძოლაში, ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებსა და ამერიკა-საქართველოს კიდევ უფრო დაახლოების აუცილებლობას. ხაზგასმულია ასევე რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებები საქართველოს მისამართით. კონგრესმენები ორპარტიული მხარდაჭერის გამომხატველ წერილში პრეზიდენტ ტრამპს საქართველოს მეტი დახმარებისკენ მოუწოდებენ. კონკრეტულად რა წერია საგანგებო წერილში, როგორ წარმოუდგენიათ ამერიკელ კანონმდებლებს საქართველოს დახმარების გაძლიერება და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?

30 კონგრესმენის მიერ ხელმოწერილ წერილში საქართველო მოხსენიებულია აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე სანდო და მტკიცე პარტნიორად, რომელმაც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, სახელმწიფო რეგულაციების შემცირების, კორუფციასთან ბრძოლისა და საგადასახადო კოდექსის გამარტივების გზით, „არსებით პროგრესს“ მიაღწია როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური განვითარების კუთხით და, თანაც, იმ რეგიონში, რომელიც წარმოადგენს მოსკოვის განგრძობადი საფრთხეების სამიზნეს. პრეზიდენტ ტრამპისთვის გაგზავნილ წერილში აღწერილია რუსეთის მიზანმიმართული აგრესიული ქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე:

„საქართველოს მიღწევები კიდევ უფრო შთამბეჭდავია რუსეთის მხრიდან განგრძობადი სამხედრო აგრესიის ფონზე. რუსეთმა უკანონოდ მოახდინა საქართველოს 20 %-ის ოკუპაცია მას შემდეგ, რაც ის 2008 წელს შეიჭრა საქართველოში. რუსეთის ჯარი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის მცოცავ ანექსიას, ხშირად არღვევს ადამიანის უფლებებს და იტაცებს ადამიანებს ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ტერიტორიებზე“.

საქართველოს სამხედრო დანახარჯი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს აღემატება - ეს არის ზღვარი, რომელსაც ნატოს წევრი მხოლოდ ხუთი ქვეყანა აკმაყოფილებს. მოგიწოდებთ, რომ განაგრძოთ აშშ-ის ისტორიული მხარდაჭერა ნატოში საქართველოს გაწევრიანების მოთხოვნის მიმართ...

კონგრესმენების წერილში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების სფეროში საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და, კერძოდ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში და რომ ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძოდნენ ერაყსა თუ ავღანეთში. აქვე აღნიშნულია, რომ ამ გზაზე საქართველო კვლავაც ერთგულად მიიწევს წინ და რომ ის იმსახურებს ნატოში გაწევრიანებას:

„ქვეყანა, რომლის მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლებია, ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია ავღანეთის საერთაშორისო მისიაში და ამას ქართველი ჯარისკაცების სიცოცხლეც შეეწირა. საქართველოს სამხედრო დანახარჯი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს აღემატება - ეს არის ზღვარი, რომელსაც ნატოს წევრი მხოლოდ ხუთი ქვეყანა აკმაყოფილებს. მოგიწოდებთ, რომ განაგრძოთ აშშ-ის ისტორიული მხარდაჭერა ნატოში საქართველოს გაწევრიანების მოთხოვნის მიმართ“.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ წერილში კონგრესმენები ყურადღებას ამახვილებენ ასევე საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების აუცილებლობაზეც. მათი აზრით, საქართველოში ხელსაყრელი ბიზნესგარემოა და ეს მიმზიდველია კავკასიისა და შავი ზღვის ფართო რეგიონით დაინტერესებული ამერიკული კომპანიებისათვის.

„აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობა ბოლო ათი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2016 წელს აშშ-მა საქართველოში 324 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საქონლის ექსპორტი განახორციელა. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის გასაფორმებლად საჭირო მოლაპარაკებების დაჩქარება უზრუნველყოს. აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში მიმდინარე მაღალი დონის დიალოგმა უნდა ნათლად განსაზღვროს ის ვალდებულებები, რომელიც საჭიროა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკებების საწარმოებლად. ამგვარი სახის შეთანხმება სასარგებლო იქნება აშშ-ის, საქართველოსა და მთლიანად კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის“, - აღნიშნავენ კონგრესმენები.

რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები მოუწოდებენ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, რომ გაძლიერდეს სტრატეგიული ურთიერთობები საქართველოსთან და რომ ამერიკამ გაახმაუროს საქართველოს გვერდში დგომის უფრო ძლიერი სიგნალი.

კონგრესმენების წერილს საქართველოსადმი აშშ-ის ორპარტიული „ძალიან დიდი“ მხარდაჭერის დადასტურებად მიიჩნევენ თბილისში. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხელ ჯანელიძემ განაცხადა 3 მაისს გამართულ ბრიფინგზე, ეს ასევე დასტურია იმისა, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება - მათ შორის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კუთხით - და რომ მტკიცეა შეერთებული შტატების პოზიცია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. მინისტრი ამერიკასთან მიმართებით საქართველოს უცვლელ გეგმებზეც ლაპარაკობს:

„ჩვენ ვაგრძელებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენს მტკიცე სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც ორიენტირებულია საქართველოს განვითარებაზე, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობის აღმოჩენაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერაზე, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის მტკიცე მხარდაჭერაზე“.

შორენა ლორთქიფანიძე
შორენა ლორთქიფანიძე

ამერიკელი კანონმდებლების ორპარტიული მხარდაჭერის კიდევ ერთ გამოხატულებას, სხვა ბევრი ანალიტიკოსის მსგავსად, მიესალმება „თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს" წარმომადგენელი შორენა ლორთქიფანიძე. მართალია, 2 მაისის წერილი კონკრეტულ თარიღს - ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავს - ეძღვნება და ტექსტში, თითქოს, მანამდე ართქმული და თვისებრივად ახალი არაფერია, მაგრამ, როგორც შორენა ლორთქიფანიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპზე, როცა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა ჯერ ისევ ჩამოყალიბების ეტაპზეა, ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის საქართველოს როლისა და ინტერესების მუდმივად შეხსენება:

„ამ ტიპის საშუალებები, ხერხები, ინსტრუმენტები, არხები ეხმარება საქართველოს, რომ მისი ხმა ამერიკის ადმინისტრაციაში მოისმინონ, გაიგონონ, რათა მოხდეს საქართველოს საკითხის აქტუალიზება და ყურადღების მიღმა არ დარჩეს უსაფრთხოების პრობლემები. ამ პროცესში ამერიკა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. უნდა ველოდოთ, რომ საქართველო არ გამოვა ამერიკის საგარეო პოლიტიკის ორბიტიდან და დარჩება იქ“.

შორენა ლორთქიფანიძე ასევე ფიქრობს, რომ პრეზიდენტ ტრამპისთვის გაგზავნილ წერილში რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენების მიერ დასმული აქცენტები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიგნალია მოსკოვისთვის, რომ „საქართველო მარტო არ არის“ და რომ მას მხარს უჭერს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG