Accessibility links

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კერძო სკოლა „ლამპარმა“, რომელიც ყოფილი კავშირგაბმულობის ტექნიკუმის შენობის პირველ სართულზეა გახსნილი, ვერ გაიარა რეავტორიზაციის პროცესი, რის გამოც 65 მოსწავლე შუა სასწავლო წელს სკოლის გარეშე დარჩა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ სკოლას ავტორიზაციაზე უარი ეთქვა იმის გამო, რომ მისი საგანმანათლებლო პროგრამები, მატერიალური ბაზა და ადამიანური რესურსი არ შეესაბამებოდა მიღებულ სტანდარტს.

თბილისში „ლამპრის“ სახელით რამდენიმე სკოლაა გახსნილი, თუმცა რეავტორიზაციის პრობლემა შეექმნა მხოლოდ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე „საშუალო ზოგადი განათლების კერძო მრავალპროფილიან სკოლა - ლამპარს“, რომელიც 16 იანვრიდან აღარ ფუნქციონირებს. ავტორიზაციის საბჭოს წევრ რეზო აფხაზავას თქმით, სკოლამ ავტორიზაცია ვერ გაიარა იმის გამო, რომ დარღვეული იყო ყველა მოქმედი სტანდარტი:

ვერ გეტყვით, ბავშვების მობილობაზე ვმუშაობ, სხვა სკოლებში გადანაწილებაზე. ყველას გავეცი სათანადო პასუხი...
ნოდარ ნოზაძე

„კლასკომპლექტები ჰქონდათ გაკეთებული - გეგონება მაღალმთიანი რეგიონი იყოს, სხვა საშუალება რომ არ არის. წარმოიდგინეთ მეორე-მესამე კლასების კომპლექტი იყო, ერთად სწავლობდნენ. სასკოლო-სასწავლო გეგმაში ჰქონდათ სერიოზული ხარვეზები, მატერიალურ რესურსებშიც ჩავარდნა ჰქონდათ - ვერ ადასტურებდნენ, რომ ეს ფართი მაგათი იყო. სულ აქვთ 11 საკლასო ოთახი. ძალიანაც რომ მოინდომო, 12 კლასს როგორ გაანაწილებ 11 ოთახში!“

ავტორიზაციის საბჭოს კიდევ ერთი წევრი, გია მურღულია, ამბობს, რომ სკოლა ვერანაირად ვერ პასუხობდა მოსწავლეთა ინტერესებს, რადგანაც სასკოლო სასწავლო გეგმა არ იყო კარგად გააზრებული და რიგ შემთხვევებში არ შეესაბამებოდა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. და კიდევ:

„ძალიან რთული ვითარება იყო სკოლის მართვის თვალსაზრისითაც. მაგალითად, სკოლის დირექტორს შეთავსებული ჰქონდა სასწავლო ნაწილის ფუნქციაც, ბუღალტრის ფუნქციაც და საქმის მწარმოებლის ფუნქციაც. ბუნებრივია, რომ ყველა ამ მიმართულებით საქმე მოგვარებული არ იყო ისე, როგორც წესი და რიგია. აი, ამ მომენტებისა და იმ მომენტების გამო, რომ როდესაც ჩვენ კითხვები დავუსვით, იქნებ დაგვეზუსტებინა რიგი მიმართულებებით მაინც, რა გახდა მიზეზი ასეთი მდგომარეობის, აი, ამ კითხვებზე სკოლის ხელმძღვანელმა, დირექტორმა - იგივე საქმის მწარმოებელმა, ბუღალტერმა და იგივე სასწავლო ნაწილის გამგემ - ვერანაირი დამაჯერებელი არგუმენტი ვერ წარმოგვიდგინა“.

სკოლის მოსწავლეთა მშობლები კი იმის გამო არიან შეწუხებულები, რომ შუა სასწავლო წელს უწევთ ახალი სკოლის მოძებნა. არადა, როგორც სააგენტო „ინტერპრესს“ ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა, ლუარა ჯაბუამ, განუცხადა, ჯერ კიდევ სასწავლო წლის დასაწყისში აპირებდნენ სკოლის შეცვლას, თუმცა დირექტორმა გადაარწმუნა:

„არ ვიცოდი, თუ ასე მოხდებოდა და დაიხურებოდა. შუა სემესტრში ბავშვის გადაყვანა მომიწევს. უნდა მივიდე სკოლებში და გავარკვიო, თუ მიიღებენ ბავშვს. ამბობენ, რომ იჯარა შეუჩერდა. ჩვენ, მშობლები, არ ვიყავით ინფორმირებული“.

გარდა ამისა, მშობლების ნაწილი აცხადებს, რომ სკოლის დირექტორმა ნოდარ ნოზაძემ მათ იანვრის თვის სწავლის გადასახადი წინასწარ გამოართვა და თანხის უკან დაბრუნების საკითხი გაურკვეველია. რადიო თავისუფლება კომენტარისთვის „ლამპრის“ დირექტორს დაუკავშირდა, თუმცა ნოდარ ნოზაძემ ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავა:

„ვერ გეტყვით, ბავშვების მობილობაზე ვმუშაობ, სხვა სკოლებში გადანაწილებაზე. ყველას გავეცი სათანადო პასუხი“.

გია მურღულია
გია მურღულია

„ლამპრის“ მოსწავლეებისა და მათი მშობლების საზრუნავი კი, მართლაც, მობილობა, ანუ ახალი სკოლების გამოძებნაა. ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გია მურღულია მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში მობილობა ერთადერთი გამოსავალია.

„ეს ბავშვები უნდა გადანაწილდნენ სხვადასხვა სკოლაში. მე ძალიან ვურჩევდი ყველას, რომ ამ საკითხს შეხედონ ასე: ის კი არა, რომ ძალიან კარგი და ხარისხიანი სკოლის დახურვა მოიწადინა ვინმემ, - ასეთი ინტერესი და მიზანი, ცხადია, არავის ჰქონია, - არამედ ის, რომ უკიდურესად ხარვეზებიან სკოლაში რომ სწავლობდნენ ეს ბავშვები, სწორედ მაშინ უნდა ყოფილიყო საზოგადოების ასეთი აქტივობა გამოხატული“, უთხრა გია მურღულიამ რადიო თავისუფლებას.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავტორიზაციაზე უარის თქმის ოფიციალურ მიზეზად შემდეგ ფაქტებს ასახელებს:

სკოლის დირექციამ ვერ წარმოადგინა ფართის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; სასკოლო სასწავლო გეგმაში არჩევითი საგნების მოცულობა, დასახელება და ხანგრძლივობა არ შეესაბამებოდა ეროვნულ სასწავლო გეგმას; სკოლას არ აქვს შესაბამისი ქონება, სასწავლო რესურსი, კომპიუტერები და ავეჯი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG