Accessibility links

რჩევები პარიზის გარეუბნებიდან


პარიზი

ლუვრს, ვერსალს, ეიფელის კოშკს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს წლის განმავლობაში მილიონობით ტურისტი სტუმრობს, თუმცა არანაკლებ საინტერესოა პარიზის გარეუბნები და იქ მცხოვრები ადამიანები.

ლიკა ჩხარტიშვილი პარიზში 6 თვე ცხოვრობდა. რუბრიკა „მოგზაურში“ ლიკასგან მივიღებთ რჩევებს, რომელიც დაგვეხმარება იმაში, თუ როგორ და რომელ პერიოდში ვიმოგზაუროთ საფრანგეთში დაბალი ბიუჯეტით.

please wait

No media source currently available

0:00 0:06:35 0:00
Direct link

ლიკა: ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ პირველ რიგში რაც უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის ამინდი. კარგი იქნება, თუ თბილ ტანსაცმელს იქონიებთ. პარიზში ჩასვლისას არ ეძებოთ ტაქსი, გირჩევთ იპოვოთ მეტრო, რომელსაც შარლ დე გოლის აეროპორტიდან მიჰყავხართ პარიზის ცენტრამდე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ გვიან ჩახვედით პარიზში, მატარებელი არ დაგხვდებათ და მოგიწევთ ავტობუსით მგზავრობა. აუცილებელია პარიზში წასვლამდე გადმოიწეროთ „Offline maps“ , რომელიც ინტერნეტის არქონის შემთხვევაშიც კი დაგეხმარებათ თქვენი თავი დაინახოთ რუკაზე ჯიპიესის მეშვეობით. გადმოწერეთ აპლიკაცია „foursquare“ იმისთვის, რომ მოძებნოთ შედარებით იაფი რესტორნები და კაფეები.

ლიკა გვირჩევს, თუ მოგზაურობა გადავწყვიტეთ, პარიზში ზაფხულში ან შემოდგომაზე ჩავიდეთ. პარიზი დაყოფილია უბნებად. ჯამში, 20 უბანია. ამათგან ყველაზე მომხიბლავი პირველი 5 უბანია, სადაც ყველა ის ღირსშესანიშნაობაა, რის გამოც ტურისტები საფრანგეთს სტუმრობენ. ლიკა იმასაც გვირჩევს, რომ ამ 20 უბნიდან კარგი იქნება, თუ მეცხრამეტე უბანსაც ვნახავთ, სადაც 30-40 %-ით იაფია ყველაფერი.

ლიკა: თუ ბიუჯეტურად ჭამა გინდათ, პარიზი ჩემთვის პიკნიკების ქალაქია. ნებისმიერ ამინდშიც კი ყიდულობ პროდუქტებს და მეგობრებთან ერთად გადიხარ პარიზის ცენტრში.

თუ მხოლოდ სამოგზაუროდ ხართ ჩასული და დიდხანს არ აპირებთ გაჩერებას პარიზში, ლიკას რჩევაა, სამგზავროდ მეტროს ბილეთები ვიყიდოთ.

ლიკა: გირჩევთ სამგზავრო ბილეთები ერთიანად 10 იყიდოთ, რაც ბიუჯეტის დაზოგვაში დაგეხმარებათ. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ პარიზი უბნებადაა დაყოფილი და სხვადასხვა უბანს სხვადასხვა ბილეთი სჭირდება. თუ პარიზს ერთი კვირით სტუმრობთ და დროც გექნებათ, ბელგიაშიც გადადით. ამისთვის ყველაზე მარტივი გზაა მატარებელი, რომელიც პირდაპირ ბრიუსელის ცენტრში ჩადის და ბილეთი 10-დან 15 ევრომდე ღირს.

პარიზის ცენტრში სახლის დაქირავება ძვირი ჯდება. გაცილებით ნაკლებ ფასად შეძლებთ ბინის დაქირავებას მეთვრამეტე ან მეცხრამეტე უბანში. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მანძილი ცენტრიდან ამ უბნებამდე არც ისე დიდია. ეს უბნები კი, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, სტუდენტებისა და ბარების სიმრავლით გამოირჩევა.

ლიკა: გარეუბნები არატურისტულია, მაგალითად, „ურკის არხი“, რომელიც მეცხრამეტე უბანშია. მის ჩაყოლებაზე ძალიან კარგი საპიკნიკე ადგილები და კაფეა. თუ ბანკის ან ფოსტის მომსახურება დაგჭირდათ, უნდა იცოდეთ, რომ შეიძლება უხერხულობა შეიქმნას. როგორც წესი, ბანკებში ინგლისურენოვანი მომსახურე პერსონალი არაა.

თუ ღამით კლუბში გადაწყვეტთ გასართობად წასვლას, ზემოთ ხსენებულ მეთვრამეტე ან მეცხრამეტე უბანს ესტუმრეთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ კლუბში სასმელი ძალიან ძვირია.

ლიკა: ყველაზე კარგი არის „ველიბი“. შეგიძლიათ აიღოთ ერთწლიანი ბარათი, რომელიც 29 ევრო ღირს და არის ძალიან კომფორტული ქალაქში გადაადგილებისთვის. ამასთან ერთად, ყველა გითმობს გზას. იშვიათია, მაგრამ შეგიძლიათ იპოვოთ კაფეები, სადაც 5-6 ევროდ გემრიელად ისადილებთ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG