Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკიდან ნოე ჟორდანიას შვილი საქართველოს იხსენებს


რეჯებ ჟორდანია, პირველი დემოკრატიული, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის მეთაურის, ნოე ჟორდანიას შვილი ნიუ იორკში მანჰეტენზე ცხოვრობს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდება. ის ოდნავ გულდაწყვეტილია იმით, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველოდან მოწვევა არ ჰქონია. რეჯებ ჟორდანიას ბოლო წიგნის " გავიზარდე ლევილში" პრეზენტაცია საქართველოში 2011 წელს გაიმართა. მუშაობს თუ არა მწერალი, კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე რეჯებ ჟორდანია ახალ წიგნზე და როგორ აფასებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ის თავად გვიყვება.

რეჯებ ჟორდანია
რეჯებ ჟორდანია

რეჯებ ნოეს ძე ჟორდანია, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სახელმწიფო მეთაურის შვილი ნიუ-იოკრში, მანჰეტენის აღმოსავლეთ ნაწილში ერთ-ერთი ცათამბჯენის 30-ე სართულზე მეუღლესთან, პეგი ბეკმანთან ერთად ცხოვრობს. მათ სახლში საქართველოს შინდისფერი დროშა ცენტრალურ ადგილს იკავებს. პირველი დამოუკიდებელი საქართველოს მთავარ სიმბოლოს, სამფერი დროშის ბროშს ის გულმკერდზეც ატარებს. ეს დროშა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი პრეზიდენტობის პერიოდში შეცვალა და სახელმწიფოს სიმბოლო ხუთჯვრიანი დროშა გახდა. რეჯებ ჟორდანიას აზრით, მოქმედ დროშას უფრო რელიგიური დატვირთვა აქვს და ზღვარს ავლებს ქრისტიან ქართველს, ათეისტ ან სხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანს შორის, რომელიც ასევე ეროვნებით ქართველია. დამოუკიდებელი საქართველოს სამფერ დროშაზე, პირველ რესპუბლიკაზე და 1990-იან წლებში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ის თავის წიგნში წერს. " დავიბადე ლევილში" ასეთია წიგნის ქართული სათაური, რომლის პრეზენტაცია საქართველოში 2011 წელს გაიმართა.

რეჯებ ჟორდანია:"დავიბადე ლევილში" ორი ნაწილსგან შედგება. ბავშვობა პარიზში გავატარე, მერე იყო ნიუ-იორკი. მეორე ნაწილი ეთმობა საქართველოში ჩემს მოგზაურობას და 1990-1991 წლების პერიოდსა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. აქ ჩემი პირადი შეხედულებებია, არის კრიტიკაც გამსახურდიას მიმართ. მთავარი და მნიშვნელოვანი რამაც გამაკვირვა იყო ის, რომ 90-იან წლებში საქართველოში უმრვალესობას ან არ ჰქონდა ინფორმაცია ან ძალიან ცუდი შეფასება არსებობდა პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებით. გამსახურდიამ დროშა გამოფინა და ჰიმნი აღადგინა, თუმცა არავინ ძრავდა სიტყვას მათ შესახებ, ვინც ეს შექმნა. ჟორდანიას, გეგეჭკორს, ასათიანს არავინ ახსენებდა. ეს უცნაური იყო. ამ წიგნის მთავარი მიზანი საქართველოს ისტორიის ამ ეპოქის წარმოჩენა იყო.

დამოუკიდებლობის მიღებიდან თითქმის 25 წელი გავიდა. როგორია დღევანდელი საქართველო, რამდენად შეძლო ქვეყანამ დაებრუნებინა ადგილი ევროპულ ოჯახში. რეჯებ ჟორდანია ამბობს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხე ყოველთვის მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ემუქრება.

რეჯებ ჟორდანია: 25-30 წლის ახალგაზრდებს საქართველოში არანაირი წარმოდგენა არ აქვთ იმაზე, თუ რა იყო საბჭოთა კავშირი. ეს წიგნი არის იმის შესახებ, თუ როგორ მოიპოვა არა წლების, არამედ საუკუნეების ბრძოლის შედეგად ქვეყანამ დამოუკიდებლობა. ძალიან დიდი პერიოდი გაგრძელდა ეს ბრძოლა. ჩვენ გვინდა, რომ ბოლომდე განმტკიცდეს ეს, თუმცა ძალიან რთულია შენარჩუნება მისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო. რასაკვირველია, საქართველომ თავად უნდა განსაზღვროს თავისი ბედი, თუმცა ნუ დაგვავიწყდება რომ რუსეთის გვერდით ვარ. მომავალში, რაღაცნაირად უნდა შევძლოთ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება, რადგან ის მეზობელია და ვიცით რა არის რუსეთი და მასთან დაკავშირებული საფრთხე. მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ის პირები, რომლებსაც პრო-რუსულად მიიჩნევენ, მათაც კი სურთ ეს დამოუკიდებლობა და აანალიზებენ, რომ რუსეთთან რაღაც ტიპის თანამშრომლობა მაინც საჭიროა. ევროპა და ამერიკა საქართველოს უჭერენ მხარს, თუმცა ზოგიერთ საკითხში ჩარევა არ ხდება.

რეჯებ ჟორდანიას შვილის, ნიკოლის, მეუღლე საქართველოს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი ამჟამად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან და მის გუნდთან ერთად უკრაინაში მოღვაწეობს. მისი თქმით, ფაქტი, რომ შენი ქვეყნის წარმომადგენელს სხვა ქვეყნაში რეფორმების გასატარებლად იწვევენ, ყველა ქართველისთვის საამაყო უნდა იყოს.

რეჯებ ჟორდანია ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე წელია საქართველოდან მიწვევა არ ჰქონია, რაც მისთვის გულდასაწყვეტია. ყველაზე მეტად მას მაინც მთები ენატრება:

რეჯებ ჟორდანია: პატარა ვიყავი, როდესაც მამა ლანჩხუთზე მიყვებოდა. ჩემი წარმოდგენით ლანჩხუთი სამყაროს ცენტრი იყო. ყველაზე მეტად მთები მენატრება. თბილისიც ძალიან მომწონს, იქაც ბევრი მთა არის.

რეჯებ ჟორდანია 94 წლის არის. კითხვაზე, უჩივის თუ არა ჯანრმთელობას, პასუხობს რომ მხოლოდ წნევის დასარეგულირებელ წამალს ღებულობს. მეუღლესთან ერთად პერიოდულად აგარაკზე, "EAST HAMPTON"-ში ჩადის, რომელიც ნიუ-იორკიდან ორიოდ საათის გზაზეა. იქ ის მუსიკალურ კომპოზიციებს ქმნის, წერს და ადგილობრივ ბიბლიოთეკაში თავისი შემოქმედების პრეზენტაციას აწყობს. თუმცა ორიოდ წლის წინ ადგილობრივ გაზეთში სხვა მიზეზის გამოც მოხვდა. სტატია, სათაურით " 91 წლის ველოსპედისტს მანქანამ დაარტყა" წერდა, რომ რეჯებ ჟორდანია რომელიც 91 წლის არის, ველოსიპედით სეირნობდა მის მეუღლესთან ერთად, როდესაც მას 2001 წლის "შევროლეტი" მსუბუქად დაეჯახა. ამის მიუხედავად, ის დღესაც ძალიან ჯანმრთელია და ამ ფაქტზე მხოლოდ ეღიმება. გურული იუმორით ამბობს, რომ სისხლი აქვს სხვანაირი. ამ სისხლმა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორია დაწერა.

XS
SM
MD
LG