Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რელიგიის თავისუფლება: უარყოფითი ტენდენცია მსოფლიოში


რელიგიის თავისუფლების მხრივ, ვითარება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უარესდება - ასეთია შეფასება, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოთქვამს რელიგიის თავისუფლების შესახებ თავის ახალ ანგარიშში. ანგარიშში ასახულია ვითარება მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში და ტერიტორიაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელშიც თავმოყრილია 2012 წლის მონაცემები რელიგიის თავისუფლების შესახებ, ორშაბათს ვაშინგტონში წარმოადგინა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.

„როცა ქვეყნები ძირს უთხრიან ან თავს ესხმიან რელიგიის თავისუფლებას, ისინი არა მარტო უსამართლოდ უქმნიან საფრთხეს იმათ, ვის წინააღმდეგაც მოქმედებენ, ისინი საფრთხეს უქმნიან საკუთარი ქვეყნის სტაბილურობას და ამის მოწმე ვართ რამდენიმე ქვეყანაში. ამიტომ რელიგიურ თავისუფლებაზე თავდასხმა შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისას იწვევს შეშფოთებას როგორც მორალური, ისე სტრატეგიული თვალსაზრისით“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ახალი ანგარიშის მიხედვით, ჩინეთი, რუსეთი, ირანი, საუდის არაბეთი და ცენტრალური აზიის რესპუბლიკები რჩებიან ქვეყნებად, სადაც ყველაზე დიდ პრობლემებს უკავშირდება ღვთისმსახურება. ამ და სხვა ქვეყნებში აღირიცხა შემთხვევები, როცა ოფიციალური პირები დაუსჯელი რჩებოდნენ, რელიგიური მრწამსის გამო მოქალაქეთა უფლებების დარღვევის მიუხედავად.

რუსეთში რელიგიური უმცირესობების შესაზღუდად იყენებდნენ „ექსტრემიზმის საწინააღმდეგო კანონებს“, რომლებიც მათ შეკრების საშუალებას არ აძლევდა. ანგარიშში ასახულია ზომები, რომელთა მიღებითაც იზღუდებოდა მუსლიმთა ზოგი ჯგუფის, იეღოვას მოწმეების, ფალუნ გონგის წევრების და სხვათა უფლებები. რელიგიური უმცირესობების დევნა გამოიხატებოდა ასევე მათი დაკავებით, რეიდებით, იყო ოფიციალურ რეგისტრაციაზე იუსტიციის სამინისტროს უარის, აქტივისტებისთვის ვიზებზე უარის თქმის შემთხვევები. უზბეკეთში ადამიანებს აპატიმრებდნენ ნებისმიერი რელიგიური რიტუალის შესრულებისათვის, ციხეში მათ სცემდნენ, ართმევდნენ და უნადგურებდნენ რელიგიურ ლიტერატურას.

ანტიმუსლიმური განწყობა და დისკრიმინაცია გამოხატულია ისეთ განსხვავებულ რეგიონებში, როგორიცაა ევროპა და აზია. ჩვენ საზოგადოებებსა და მთავრობებს მოვუწოდებთ განატმკიცონ შემწყნარებლობა...
ჯონსონ კუკი
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საზოგადოებაში რელიგიურ ნიადაგზე არსებულ დაძაბულობას ბევრი ქვეყნის მთავრობა ამწვავებდა დისკრიმინაციული კანონებით და რიტორიკით, რომელიც აგრესიას აღვივებს.

როგორც რელიგიური თავისუფლების საკითხებში აშშ-ის საგანგებო დავალებათა ელჩი სიუზან ჯონსონ კუკი აცხადებს, ვაშინგტონი მსოფლიოს მთავრობებს მოუწოდებს დაიცვან ყველა ადამიანის უფლება, შიშის გარეშე ჰქონდეს, გამოხატოს და შეიცვალოს თავისი რელიგიური მრწამსი.

ჯონსონ კუკი ყურადღებას ამახვილებს ანტიმუსლიმურ განწყობაზე, რომელიც, მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებშიც არსებობს:

„ანტიმუსლიმური განწყობა და დისკრიმინაცია გამოხატულია ისეთ განსხვავებულ რეგიონებში, როგორიცაა ევროპა და აზია. ჩვენ საზოგადოებებსა და მთავრობებს მოვუწოდებთ განატმკიცონ შემწყნარებლობა და მართლმსაჯულებას გადასცენ ძალადობაში დამნაშავე პირები“.

მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ანგარიშში მოხსენიებულია ანტისემიტიზმის პრობლემაც. 2012 წელს მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ანგარიშის ავტორები მიდიან დასკვნამდე, რომ ანტისემიტიზმის პრობლემა სულ უფრო იზრდება.
XS
SM
MD
LG