Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიჩარდ სტენგელი საჯარო დიპლომატიის მნიშვნელობაზე


რიჩარდ სტენგელი
რიჩარდ სტენგელი

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საჯარო დიპლომატიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში რიჩარდ სტენგელმა რუსეთისა და ისლამური სახელმწიფოს მოქმედებების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებზე ისაუბრა. სტენგელს ორგანიზაცია „ამერიკის უსაფრთხოების პროექტმა“ უმასპინძლა.

საჯარო დიპლომატიაზე საუბრისას რიჩარდ სტენგელმა განაცხადა, რომ ამერიკამ საერთაშორისო პოლიტიკაში წამყვანი როლი უნდა შეასრულოს და გლობალურ დიალოგში აქტიურად ჩაერთოს. მისი თქმით:

„სხვებს უნდა მოვუსმინოთ და მსოფლიოსთან ორმხრივ დიალოგში ჩავერთოთ. ტექნოლოგია დღეს ამის შესაძლებლობას იძლევა. ჩართულობის დემონსტრირება სიძლიერეა. სწორედ ამას უნდა აკეთებდეს ამერიკა.“

სტენგელმა ასევე განაცხადა, რომ მოქნილი საჯარო დიპლომატიის გარეშე რთული იქნება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა. ტერორისტული ჯგუფი დახვეწილი საკომუნიკაციო მეთოდებით აწარმოებს საზოგადოებასთან ურთიერთობას და ახალი წევრების მოსაზიდად არსებულ ტექნოლოგიებს წარმატებით იყენებს. სტენგელის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ტენდენციას ებრძვის:

„ახლახან დავბრუნდი ახლო აღმოსავლეთიდან, სადაც სახელმწიფო მდივან კერის ვახლდი მისი ტურის პირველი ნაწილის განმავლობაში. ვიზიტის დროს ვეწვიე იორდანიას, ერაყს და საუდის არაბეთს. ადამიანებისთვის თავის მოჭრის საშინელი აქტებისა და საბრძოლო მეთოდების მიღმა, ჩვენ ყველგან ვხედავთ, თუ როგორ იყენებენ ისინი საინფორმაციო ომის, ციფრულ ომის მეთოდებს. ისინი ტექნოლოგიებით ამ ომს საფუძველშივე მართავენ.“

სტენგელის თქმით, „ისლამური სახელმწიფო დახვეწილ მეთოდებს იყენებს. ამერიკა კი ცდილობს ამ მიმართულებით მათ წინააღმდეგ ბრძოლას.

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რუსეთის აგრესიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამერიკა მოსკოვის მიერ წარმოებული პროპაგანდის წინააღმდეგ ქმედით ნაბიჯებს ახორციელებს. მისი თქმით, რუსეთის მიერ გავრცელებული ახალი ამბები, სინამდვილეში არ არის ის ცნობები, რასაც თანამედროვე საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ:

„ეს არ არის ობიექტური ახალი ამბები და ჩვენ ეს ფაქტი ძალიან გვაწუხებს. როდესაც ამ თანამდებობაზე მუშაობა დავიწყე, რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ჩვენი ელჩებისგან მესმოდა, რომ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ. სწორედ ამიტომ, დავიწყეთ რუსულენოვანი მესიჯების გამოქვეყნება. „ამერიკის ხმის“ დირექტორი დევიდ ენსორიც - რომელსაც აქ დარბაზში ვხედავ - ამ მიმართულებით მუშაობს. მსურს ეს საქმიანობა გავააქტიუროთ, რადგან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. ეს შეჯიბრია იმ ადამიანების ნდობის მოსაპოვებლად, რომლებსაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ რა მიმართულებით წავიდნენ- დასავლეთით თუ აღმოსავლეთით. რატომ მიმდინარეობს ბრძოლები უკრაინაში? იმიტომ რომ უკრაინა დასავლეთით სვლას ისწრაფვის.“

სტენგელის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინელებს რუსეთთან ურთიერთობის შეწყვეტა სურთ. სახელმწიდო დეპარტამენტის მაღალი რანგის ოფიციალური პირის განცხადებით, უკრაინა რუსეთის ნაწილი ათი საუკუნის მანძილზე იყო და მას ამ ურთიერთობის გაგრძელება უდავოდ სწადია, თუმცა ამასთან, კიევი უფრო მეტად დასავლეთისკენ იხრება, რუსეთი კი ამას ეწინააღმდეგება.

სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, ამერიკა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას საკუთარი მიზნების მისაღწევად.

XS
SM
MD
LG