Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიკი მარტინის კონცერტი გაუქმდა

რიკი მარტინის კონცერტი ხვალ, 16 ივლისს, 19:00 საათზე უნდა გამართულიყო.
რიკი მარტინის კონცერტი ხვალ, 16 ივლისს, 19:00 საათზე უნდა გამართულიყო.

საქართველოში ლათინური პოპის ცნობილი შემსრულებლის, Ricky Martin-ის კონცერტი გაუქმდა. ღონისძიება ხვალ, 16 ივლისს, იყო დაგეგმილი, თუმცა ორგანიზატორებმა უარი დღეს, 15 ივლისს დილით, 08:00 საათზე მიიღეს.

ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა biletebi.ge-ს წარმომადგენელმა - ეს კომპანია ყიდდა კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს.

ბილეთების მფლობელებმა კონცერტის გაუქმების შესახებ შეტყობინება უკვე მიიღეს - biletebi.ge აცხადებს, რომ ყველა მათგანს სრულად დაუბრუნდება გადახდილი თანხა.

რიკი მარტინი საქართველოში კომპანია GeoBel Concerts-ს ჩამოჰყავდა. კომპანიის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კონცერტის გაუქმების შესახებ შემთხვევით გაიგო ამ „პროდაქშენ ბიზნესში“ ჩართული წყაროსგან, რომლის ვინაობასაც ვერ ასახელებს.

„ზუსტად რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ მათ გადაწყვიტეს, არ ჩამოსულიყვნენ აქ და ეს გადაწყვეტილება გუშინ იქნა მიღებული... გარკვეული მიზეზით გაუქმდა - რიკი მარტინის მენეჯმენტმა არ დაგვისახელა, ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო თუ არა...

ჩვენ გვქონდა ურთიერთობა მის მენეჯმენტთან, მათ დაასახელეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი, არსებული ვითარება თუ რაღაც მსგავსი. ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ეს აბსოლუტური ბოდვაა.

ჩვენ ყველაფერი მზად გვქონდა, რუსთავში თუ ჩახვალთ, ნახავთ, რომ იქ უკვე ყველაფერი მზადაა: სცენაა მზადაა... ყველაფერი მზადაა...“

კომპანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ ოთხი წელია, საქართველოში ღონისძიებებს ატარებენ და „ჩვენ არავისთან არასოდეს არავითარი პრობლემა არ გვქონია“.

რიკი მარტინის კონცერტი ხვალ, 16 ივლისს, 19:00 საათზე რუსთავის მოტოდრომზე უნდა გამართულიყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG